ლასურისძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუმბატი, ნიკოლოზი და ლასური ლასურისძენი

ლასურისძენი — ქართული ფეოდალური გვარი შუა საუკუნეების სამცხე-საათაბაგოში.

საფარის მონასტრის სამრეკლო პირველ სართულზე ლასურისძეთა საგვარეულო სამარხია. ლასურისძენი ჯაყელთა ქვეშევრდომნი იყვნენ. როცა ბექა მთელი კარით დაემკვიდრა საფარაში, ლასურისძეებსაც მანვე უბოძა სამრეკლოს პირველი სართული საგვარეულო საკუთრებად. აქ კედლებზე შემორჩენილ ფრესკებზე ასახულია ლასურისძეთა ოჯახის წევრთა პორტრეტები. გარდა ლასურისა შეგვიძლია ვნახოთ სუმბათი და სასულიერო პირი ნიკოლოზი. ფრესკის თავზე კი იკითხება წარწერა:

ვიკიციტატა
„...მეუფეო ქრისტე ღმერთო... ადიდე ორთავე სუფევათა შინა პატრონი ჩვენი მანდატურთა უხუცესი ბექაი და ძენი მისნი, რომელმან... გუიბოძა საფლავნი ლასურისძესა ლასურს და ძმათა მისთა საუკუნოდ.“

ლასურისძენი მოხსენიებულნი არიან საქართველოს კათალიკოსის სამწყსოს სიაშიც:

ვიკიციტატა
„...ლასურისძეთა აქუს ჴერჴემელისძე სასაფლჲოთა, მონასტრითა და კარის ეკკლესიითა[1]...“

მ. ჯანაშვილი ორიოდე სიტყვით იხსენიებს მათ და წერს, რომ „ლასურიძე განთქმული გვარია ჩვენს ისტორიაში X საუკუნიდგანვე და სამცხის სამწყსოს ეკუთვნის. სალასურიძეო სოფელია აჭარაში“[2]. მიუხედავად აღნიშნული ჩანაწერისა იური სიხარულიძის ნაშრომში[3], აჭარაში აღნიშნული სოფელი არ იძებნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. ბერიძე, „სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები“ — 1970 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Бакрадзе Д., Археологическое путешествие по Гурии и Адчаре. გვ. 80, Санктпетербург, 1878
  2. ჯანაშვილი მ., ქართული მწერლობა, წიგნი I. მწერლობა მე-X საუკუნემდე, ტფილისი, 1899
  3. სიხარულიძე ი., „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა“, თბ., 1958