საპროტესტო გამოსვლები თბილისში (1956)
1956 წლის საპროტესტო გამოსვლები თბილისში — ანტირევიზიონისტული საპროტესტო გამოსვლები თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქში. აქციები მიმდინარეობდა 4 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით, საბჭოთა ჯარების მიერ დემონსტრანტების დარბევამდე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლისას დაიღუპა 15 ადამიანი და დაიჭრა 54, თუმცა სხვა წყაროების მიხედვით მსხვერპლი ბევრად უფრო დიდი იყო.
მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1956 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დახურულ სხდომაზე ნიკიტა ხრუშჩოვი გამოვიდა მოხსენებით, რომელშიც დაგმო იოსებ სტალინის კულტი. ხრუშჩოვის გამოსვლამ საბჭოთა კავშირის არაერთი მოქალაქის შეშფოთება გამოიწვია. 4 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისსა და სხვა ქალაქებში. ქართველი სტუდენტები თბილისის ქუჩებში სტალინისა და ლენინის პორტრეტებით გამოდიოდნენ. 7 მარტს მომიტინგეები სტალინის ძეგლთან, ლენინის (ახლანდელი თავისუფლების) მოედანზე შეიკრიბნენ. მოვლენების მონაწილის, ნოდარ ნათაძის მოგონებით, თავი მოიყარა 70-80 ათასამდე ადამიანმა, რასაც სხვა თვითმხილველებიც ადასტურებენ. 9 მარტს, დილით, მიტინგზე გამოჩნდა ვასილ მჟავანაძე, შეკრებილებს მიმართა და დაშლისკენ მოუწოდა. ხალხის დასაშოშმინებლად მან თქვა: „ჭორია, მოგონილია, თითქოს სტალინზე ცუდი ითქვა…”. მის მოწოდებას არავინ დაუჯერა. ნურბეი გულიას მოგონებით, მომიტინგეებში გაჩნდა სურვილი, დაბადების დღის მისალოცი დეპეშა გაეგზავნათ ვიაჩესლავ მოლოტოვისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ მიტინგზე შეკრებილები ითხოვდნენ, ნიკიტა ხრუშჩოვი თანამდებობიდან გადამდგარიყო და მის მაგივრად საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას მოლოტოვი გაძღოლოდა. შეკრებილებს ოთხი ახალგაზრდა გამოეყო – ორი გოგონა და ორი ბიჭი. ისინი კავშირგაბმულობის სახლის დაცვასთან მივიდნენ. ჯარისკაცებმა მათ ხელები გადაუგრიხეს და შენობაში შეიყვანეს. ხალხი შენობისკენ დაიძრა. კავშირგაბმულობის შენობის ფანჯრებიდან ტყვიამფრქვევებით დაიწყეს სროლა. გამოჩნდნენ ტანკებიც. მათ ხალხი გაიყვანეს ლენინის მოედნისკენ, სადაც ხიშტებწამოცმული ავტომატებით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა პუშკინის ქუჩით ხალხის სანაპიროსკენ გარეკვა დაიწყეს. ეს გაგრძელდა ღამის სამ საათამდე. დაფანტულმა ხალხმა კვლავ ძეგლთან დაიწყო შეგროვება, იქნებოდა ასე 1000-1500 კაცი. როდესაც მიმოფანტული ხალხი შეგროვდა და მიტინგი განახლდა, ჯარისკაცებმა ძეგლის კვარცხლბეკიდან ადამიანების ჩამოყრა დაიწყეს. მათ დაუნდობლად აგებდნენ ხიშტებზე. ხალხი სანაპიროზე და მის მიმდებარე ქუჩებსა და ჩიხებში გაიფანტა. ზოგიერთი თავის გადასარჩენად მტკვარშიც ხტებოდა.
უცნობია, თუ ვისი ინიციატივით გაიცა მშვიდობიანი მომიტინგეების იარაღით დარბევის ბრძანება. არაოფიციალური მონაცემებით, აქციის დაშლისას დაიღუპა 100-დან 1000-მდე ადამიანი.
სხვა შეფასება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზოგიერთი მონაცემებით, ხრუშჩოვის ანტისტალინურმა გამოსვლამ მიიღო ანტიქართული ხასიათი. პრესაში ხაზი ესმეოდა სტალინის ქართულ წარმოშობას, რითაც აიხსნებოდა რეპრესიები და სხვა ბრუტალური მეთოდები, რომლითაც იგი ხელმძღვანელობდა. არსებობს მოსაზრება, რომ საპროტესტო აქციები ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებით იყო შთაგონებული, თუმცა არ დასტურდება საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ან რაიმე ნაციონალისტური განწყობის გამომხატველი მოწოდებები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გულია ნ., ქართული ამარკორდი, № 52, 1999.
- ლურიე ლ., 1956 გოდ. სერედინა ვეკა, გ. 134, 2007;