სამსონ ლევქთაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამსონ დიმიტრის ძე ლევქთაძე (დ. 10 სექტემბერი, 1877 — გ. 1948) — ქართველი სამხედრო მოღვაწე.

დაიბადა ქუთაისის გუბერნიაში, გლეხის ოჯახში. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1894 წელს ჩაირიცხა სამხედრო სამსახურში. დაამთავრა თბილისის ქვეითთა სასწავლებელი. მსახურობდა სხვადასხვა სარეზერვო ბატალიონში, 1911 წლიდან — თურქესტანის მე-15 მსროლელთა პოლკში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). 1916 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროს აფხაზეთში მეთაურობდა 1-ლი ქვეითი ბრიგადის სოხუმის მე-2 პოლკს. შემდეგ ჩადგა საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში. იყო ქართული „წითელი არმიის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი. მეთაურობდა მე-9 პოლკს (1921), შემდეგ ცალკე ქართულ შეერთებულ ბრიგადას (1922). 1922 წლის ივნისში დაინიშნა ახლადჩამოყალიბებული I ქართული მსროლელი დივიზიის უფროსად (კომდივი). ხელმძღვანელობდა ე. წ. დუშეთის ოპერაციას — ანტისაბჭოთა გამოსვლების ჩახშობას დუშეთის მაზრაში, რომელსაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. 1924 წლის ნოემბერში გადადგა თანამდებობიდან.[1]

დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (1910), II (ხმლებით, 1915) და IV (1916) ხარისხის, წმ. ვლადიმირის IV ხარისხის (ხმლებით და ბაფთით, 1915), წმ. სტანისლავის II ხარისხის (ხმლებით, 1915) ორდენებით, „გიორგის იარაღით“ (1918), საქართველოს სსრ წითელი დროშის ორდენით (1924).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]