შინაარსზე გადასვლა

სალმან რადუევი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სალმან რადუევი — ჩეჩენი საველე მეთაური და პოლიტიკური მოღვაწე.დაიბადა 1967 წლის 13 თებერვალს გუდერმესის რაიონის დაბა ნოვოგროზნენსკში. საშუალო სკოლა წარჩინებით დაამთავრა. შემდეგ მიიიღო უმაღლესი ეკონომიკური განათლება (ზოგიერთი წყაროს თანახმად დაამთავრა ბულგარეთის მენეჯერთა აკადემიის უმაღლესი სკოლა და სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი დონის როსტოვში). იყო კომუნისტური პარტიის წევრი, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ალკკ-ის კომიტეტის წევრი.

მუშაობდა მშენებლობაზე, სამუშაო ჯგუფში. შემდეგ საგარეო-სავაჭრო ფირმის დირექტორად. ამ პერიოდში მან თავი გამოიჩინა როგორც წარმატებულმა მეურნემ და აგრარული საქმის მოყვარულმა.

ჯ. დუდაევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 1992 წელს დაინიშნა ქალაქ გუდერმესის პრეფექტად და პარალელურად ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ „პრეზიდენტის ბერეტებს“. ამ ბერეტებისგან შეიქმნა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შეიარაღებულ ძალების მე-6 ბატალიონი, რომელსაც ბორზი (ჩეჩნ.მგელი)ეწოდა. 1997 წლის ივნისში ხსენებული ბატალიონი დაშლილად გამოცხადდა.

1996 - 2000 წლებში იგი მეთაურობდა „გენერალ დუდაევის არმიას“.

1996 წლის 9 იანვარს დაღესტნის ქალაქ ყიზლარში განახორციელა სპეცოპერაცია, რომელსაც შეეწირა 24 ადგილობრივი მცხოვრები და რუსეთის ფედერალური ძალების 9 თანამშრომელი.

იმავე წლის მარტში რადუევი დაიჭრა და მოგვიანებით, სამკურნალოდ, იგი გადაყვანილ იქნა მიუნჰენის მახლობლად მდებარე ჰოსპიტალში. ურთულესი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ მან თვალი დაჰკარგა და დაპატიმრებამდე მუქი ფერის მზის სათვალეს ატარებდა, რომელიც მისი იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა.

რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებს შორის არსებულ შუალედში იგი აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას და გვევლინება როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „კავკასიური სახლის“ ლიდერი. სწორედ ამ პერიოდში ადგილი აქვს მის დაპირისპირებას პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან, რომლის სამშვიდობო გეგმის აქტიური მოწინააღმდეგეა.

1998 წლის 21 ივნისს თავის მომხრეებთან ერთად ფიზიკური ძალის გამოყენებით დაიკავა რადიოტელემაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის შენობა. ამ აქციის მსვლელობისას დაიღუპა ჩეჩნეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ლეჩა ხულტიგოვი, ამავე უწყების თანამშრომელი ი. ბაცაევი და რადუევის თანამებრძოლი ვ. ჯაფაროვი.

2000 წლის 12 მარტს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის მსვლელობისას იგი დააპატიმრა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა. აღსანიშნავია, რომ ამ ომში მას ფაქტობრივად არ მიუღია მონაწილეობა. ამის შემდეგ, რადუევი მოსკოვის „ლეფორტოვოს“ ციხეში გადაიყვანეს. დაღესტნის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს.რადუევს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. განაჩენის შემდეგ, მოხდა მისი ეტაპირება სოლიკამსკის ციხე „ბელი ლებედში“.

ჩეჩნეთის თავისუფლებისთვის მუხლჩაუხრელი მებრძოლი საკმაოდ საეჭვო და გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ცნობით, ს.რადუევი გარდაიცვალა 2002 წლის 14 დეკემბერს გამთენიისას, დაახ. 5:30-ზე პერმის ციხის საოლქო საავადმყოფოში (УТ 389/9). სიკვდილის მიზეზად დასახელდა შიდა სისხლჩაქცევა. საავადმყოფოს მთავარი ექიმის სერგეი ბორისოვის თანახმად, რადუევს არც ერთხელ არ მიუმართავს ექიმებისთვის მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად და არც ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩიოდა. მისი სიკვდილის მიზეზად დასახელდა შიდა სისხლჩაქცევა. ამის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცხედარს არ გადასცემენ ჭირისუფლებს და დაკრძალავენ ციხის სასაფლაოზე, სოლიკამსკში. 2002 წლის 17 დეკემბერს, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ს.რადუევი დაკრძალული იქნა უცნობ ადგილას.

რადუევის პიროვნება ყოველთვის კამათს იწვევდა არა მარტო ჩეჩნეთში, არამედ ქვეყნის გარეთ. რუსები, მაგალითად, მას ნომერ მეორე ტერორისტად მიიჩნევდნენ (შამილ ბასაევის შემდეგ). თუმცა, ბევრი აღიარებს იმას, რომ იგი ქარიზმატული და გარკვეულწილად მითებით მოცული ლიდერი იყო, რომელიც ვერ იტანდა ვინმეს დაქვემდებარებაში ყოფნას და სწორედ ამ მიზეზით, იგი დაპირისპირებული იყო როგორც დამპყრობელ რუსებთან, ასევე რუსებთან მებრძოლ ზოგიერთ ჩეჩნებთანაც. ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ რადუევს ყველანაირად ერიდებოდნენ როგორც პრეზიდენტი ა.მასხადოვი, ასევე გავლენიანი საველე მეთაური შ.ბასაევიც. სალმან რადუევის „არამართვადობაზე“ მეტყველებს ასევე ის გარემოება, რომ იგი იმ იშვიათ ავტორიტეტულ მებრძოლებს განეკუთვნება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებმა დააპატიმრეს. იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ჯოჰარ დუდაევის მომხრედ და მის ერთგულ ჯარისკაცად, რომელსაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული კავკასიური სახლის იდეა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, უკვე გამოცდილი პოლიტიკოსი და ომის ქარ-ცეცხლში გავლილი სალმან რადუევი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „თუ ჩვენ ომით ვერ მივაღწევთ დამოუკიდებლობას, ვერასოდეს შევძლებთ ამის გაკეთებას პოლიტიკური ხერხებით. თუ ომი იქნა, ჩეჩნები ამოწყდებიან. ვფიქრობ, რომ ერი ან თავისუფლებას მოიპოვებს, ან თუ ამას ვერ შევძლებთ, ყველაფერი სულ ერთია; ყველაფერი ალაჰთან მიდის, მესამე გზა არ არსებობს“.

რადუევი დაჯილდოებულია ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის უმაღლესი ჯილდოთი და არის ორდენ „კიომან სიის“ (ერის ღირსება) კავალერი.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სალმან_რადუევი“-დან