სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
.
ბიბლიოთეკის ლოგო

ბიბლიოთეკის შენობა
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა — თბილისი
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
მდებარეობა 41°43′29″ ჩ. გ. 44°46′48″ ა. გ. / 41.72472° ჩ. გ. 44.780028° ა. გ. / 41.72472; 44.780028
თბილისი, საქართველო
მშენებლობის დაწყება უცნობია
მშენებლობის დამთავრება 22 აპრილი, 2014
სახელობა მიხეილ სააკაშვილის
წიგნები ≈ 6,000
არქიტექტორი იურგენ მაიერი
მენეჯმენტი ანდრო ბარნოვი
ვებ-საიტი http://www.spl.ge

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა — საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით აშენებული კერძო ბიბლიოთეკა. მდებარეობს გიორგი სააკაძის დაღმართის 10 ნომერში.[1] სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების საგანმანათლებლო ცენტრია, და როგორც ადმინისტრაცია აცხადებს იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობების, თავისუფლების მატარებელი იდეების, ეროვნული ერთობისა და დამოუკიდებლობის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და პროგრესის განვითარებას ქართულ საზოგადოებასა და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში.[1]

ბიბლიოთეკა 2014 წლის 22 აპრილს გაიხსნა, ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიებას სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც ესწრებოდა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნაზე დამსწრეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პირდაპირი ჩართვის საშუალებით მიმართა.[2] ბიბლიოთეკის პროექტი მთლიანად პირადი შემოწირულობებით ფინანსდებოდა და ფუნქციონირებს როგორც არასამთავრობო არამომგებიანი ფონდი.[3]

საქართველოს პირველი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ამერიკული გამოცდილებითაა ნაკარნახევი, თუმცა, სააკაშვილის ბიბლიოთეკა, საპრეზიდენტო არქივზე და მუზეუმზე მეტად, საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციით შეიქმნა.[4] საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიბლიოთეკის გახსნაზე, პირდაპირი ჩართვის საშუალებით მიმართვისას აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნის იდეა მას 2-3 წლის წინ გაუჩნდა, მას შემდეგ, რაც რეიგანის ბიბლიოთეკაში მიიწვიეს.[2]

ბიბლიოთეკა მკითხველებს სთავაზობს:

  • პოლიტიკის და სოციალური მეცნიერებების, არქიტექტურის და დიზაინის სრულყოფილ სამეცნიერო საბიბლიოთეკო რესურსებს;
  • თანამედროვე სადისკუსიო პლათფორმას ახალგაზრდა თაობისა და აქტიური მოქალაქეებისათვის;
  • აქტიური მოქალაქეების ქსელის განვითარების ხელშეწყობას საქართველოსა მასშტაბით;
  • აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობას სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის;
  • საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივ და უცხოურ მედიასა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მკვლევარებისათვის.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხედი სამკითხველო დარბაზიდან

5-სართულიანი შენობის პროექტის ავტორი იურგენ მაიერია. აღსანიშნავია, რომ მაიერმა არქიტექტორ ლადო აბრამაშვილთან ერთად შენობის პროექტი ბიბლიოთეკას შემოწირულობის სახით გადასცა.[3]

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი 110-140 მსმენელისთვისაა განკუთვნილი. მისი ტექნიკური მხარე საუკეთესოდაა მორგებული სხვადასხვა დისკუსიების, ლექციების, სემინარებისა თუ კონფერენციების ჩასატარებლად. დარბაზი უახლესი ვიედო და აუდიო სისტემებითაა აღჭურვილი.

სამკითხველო დარბაზში კომფორტული და სასიამოვნო გარემოა შექმნილი ლიტერატურასთან მუშაობისთვის. დარბაზში მკითხველის განკარგულებაშია კომპიუტერები ინტერნეტთან წვდომით და ლიტერატურა რამდენიმე ენაზე. დარბაზი ღიაა ყოველდღე 10:00-დან 22:00-მდე.

მყუდრო ლიტერატურული კაფე და ვერანდა ბიბლიოთეკის ბოლო სართულზე მკითხველებს და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ემსახურება.[4]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები სამკითხველო დარბაზში

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში 6000-მდე წიგნია განთავსებული. ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია ახალგამოცემული წიგნები ყველა უპირატესი მიმართულებით: პოლიტიკის თეორია, რეგიონალური კვლევები, ეროვნული უსაფრთხოება, სამართალი, ისტორია, არქიტექტურა, დიზაინი და ურბანისტიკა.

სოციალურ მეცნიერებათა სექცია მოიცავს ეკონომიკას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიას. ბიბლიოთეკა თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო გამომცემლებთან, როგორიცაა SAGE, Cambridge, Wiley, Chicago University press, Harvard University Press, Bloomsbury, Palgrave, Person, Rutledge და სხვა.[4]

სათანადო ყურადღება ეთმობა ენოლოგიასა და ლიტერატურას მეღვინეობის შესახებ, როგორც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს სფეროს. სამკითხველო დარბაზში ხელმისაწვდომია წიგნები მიხეილ სააკაშვილის პირადი კოლექციიდან.

ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონფერენციო დარბაზი

ბიბლიოთეკაში გახსნის დღიდან ტარდება სოციალურ, პოლიტიკურ, დიზაინერულ და არქიტექტურულ სფეროებთან დაკავშირებული საჯარო ლექციები და ფორუმები. მათ შორის აღსანიშნავია მეცნიერებისა და ხელოვნების მსოფლიო აკადემიის საპატიო პრეზიდენტის პროფესორ ივო სლაუსის (Ivo Šlaus) საჯარო ლექცია — „ადამიანის უსაფრთხოება და განვითარება“, ცნობილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მაიერის და ქართველი დიზაინერის ზვიად ციკოლიას საჯარო შეხვედრები, საქართველოში არქიტექტორთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ფორუმის პირველი შეკრება და სხვა.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]