აჭარის კრიზისი (2004)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს რუკაზე

აჭარის კრიზისი — პოლიტიკური კრიზისი აჭარაში 2003-2004 წლებში, რომელიც წარმოიშვა ალსან აბაშიძის მეთაურობის ქვეშ მყოფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არსებული კონფრონტაციის ნიადაგზე. 2004 წლის 6 მაისს საქართველოს მთავრობამ აღადგინა კონტროლი აჭარის რეგიონზე.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოაცხადების შემდეგ, 1991 წელს ივლისში ასლან აბაშიძე გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მას საკმაოდ მჭიდრო კავშირები ჰქონდა საქართველოს პირველ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან. სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე აბაშიძემ დაიწყო შეიარაღებული სტრუქტურების ფორმირება, რითაც უფრო მეტად განიმტკიცა თავისი ძალაუფლება. 1996 წელს ასლან აბაშიძე ხელმეორედ აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. 2000 წელს აბაშიძის ზეგავლენით საქართველოს პარლამენტმა შეიტანა შესწორებები 1995 წელს მიღებულ კონსტიტუციაში, რის მიხედვითაც გაიზარდა აჭარის ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხში. მაგალითისთვის, აჭარის მთავრობა დამოუკიდებლად აკონტროლებდა თურქეთთან საზღვარს და თავისი ნების შესაბამისად განკარგავდა საბაჟო გადასახადებიდან შემოსულ ფულს. 2001 წელს აბაშიძის მოწადინებით რეფორმირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, რის შედეგადაც გაჩნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობა, რომელსაც პრივილეგირებული ძალაუფლება გააჩნდა. 2001 წელს აჭარის მოსახლეობის 99%-მა სწორედ უკონკურენტო ასლან აბაშიძე აირჩია ამ თანამდებობაზე. მისი მმართველობის დროს აჭარა შედარებით სტაბილური მხარე იყო, თუმცა იდევნებოდა ოპოზიცია, ირღვეოდა ადამიანის უფლებები. გარკვეული ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად მმართველობა იყო კორუმპირებული და კონცენტრირებული აბაშიძის ოჯახის წევრების ხელში.

მოვლენათა განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონფლიქტის მიზეზი ასლან აბაშიძის მთავრობასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის გახდა საქართველოს სათავეში „ერთიანი ნაციონალური მოძარაობის“ მოსვლა. ვარდების რევოლუციის დროს აბაშიძე მხარს შევარდნაძის მთავრობას უჭერდა. 2003 წლის 24 ნოემბერს მან აჭარაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გაზარდა კონტროლი საზღვრებზე, მათ შორის მეზობელ ადმინისტრაციულ ერთეულებთან. აბაშიძემ დაგმო ვარდების რევოლუცია, რადგან მისი აზრით იგი არაკონსტიტუციური იყო და ბოიკოტი გამოუცხადა 2004 წლის 4 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. ყველაზე პოპულარულმა კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც შემდგომში პრეზიდენტად აირჩიეს, მწვავედ შეაფასა აბაშიძის ქმედებები: „მზად ვარ წავიდე კომპრომისზე, მაგრამ არა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ასლან აბაშიძეს წასვლა უნდა მას შეუძლია წავიდეს, მაგრამ აჭარას იგი თან ვერ წაიღებს. ვინც ბლოკადის თემას წამოწევს ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისთვის ოთხი კედელი გამზადებული იქნება.“

აბაშიძემ 18 დეკემბერს სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ვოლტერ შვიმერს შეხვდა, რომელმაც მას აჭარაში არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. 20 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ბათუმში გაემგზავრა, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა აჭარის არ-ის მეთაურ ასლან აბაშიძესთან. 28 დეკემბერს აბაშიძე დათანხმა აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, თუმცა მისმა პარტიამ „დემოკრატიული აღორძინების კავშირმა“ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

3 იანვარს აჭარაში საგანგებო მდგომარეობა დროებით შეწყდა არჩევნების ჩასატარებლად. 6 იანვარს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ ორი წევრი და მათი ოჯახის წევრები დააკავეს და სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აქტივისტები 18 იანვარს გაათავისუფლეს. მათი დაკავების მიზეზი დიდი ალბათობით მთავრობის საწინააღმდეგო დისიდენტური პოზიცია იყო. 7 იანვარს საგანაგებო მდგომარეობა განახლდა. 11 იანვარს გონიოში გამართულ ათასკაციან საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტა იყო. აქცია უცნობმა პირებმა დაარბიეს. აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი თემურ ინაიშვილი ბათუმის ცენტრში მოკლეს. აჭარაში მოქმედი ოპოზიციური მოძრაობის წევრების განცხადებით, მკვლელობა პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგანაც ინაიშვილი ოპოზიციურ ძალებს უჭერდა მხარს. 27 იანვარს სახალხო მოძრაობა „ჩვენმა აჭარამ“ პირველი ყრილობა გამართა, სადაც გაჟღერდა აჭარაში ხელისუფლების მშვიდობიანი გზებით შეცვლის ინიციატივა. ყრილობას მოძრაობის 4,000-მდე წევრი ესწრებოდა. ორგანიზაციამ ადგილობრივ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნების ჩატერბის მოთხოვნით. 20 თებერვალი „ჩვენი აჭარის“ ბათუმში განლაგებული სათაო ოფისი დაარბიეს. 21 თებერვალს მდინარე ჩოლოქთან სასტიკად სცემეს მოძრაობა „კმარას“ ორი აქტივისტი, რომლებსაც ბათუმში აჭარის არ-ის მეთაურის ასლან აბაშიძის საწინააღმდეგო პლაკატები მიჰქონდათ.

27 თებერვალი ბათუმში სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ასლან აბაშიძემ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიარაღებული შეჭრის მომზადებაში დაადანაშაულა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაგმო აჭარის მთავრობის დაუმორჩილებლობა და განაცხადა, რომ რეგიონში პოლიტიკური რეპრესიების გამტარებელები უნდა დაისაჯონ. კონკრეტულ დამნაშავეებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისთვის სააკაშვილმა აბაშიძეს ათდღიან ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპირდა, რომ თბილისი სადამსჯელო ღონისძიებებს გაატარებდა.

5 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის რაიონში ბათუმიდან თბილისში მომავალი სამაუწყებლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „60 წუთის“ კორესპონდენტი ვახტანგ კომახიძე სცემეს. თვითმხილვევების განცხადებით, თავდამსხმელები სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ. ინციდენტს სამართალდამცავები შეესწრნენ, მაგრამ რეაგირების გარეშე დატოვეს.

14 მარტს პრეზიდენტი სააკაშვილი აჭარის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მისი კორტეჟი მდინარე ჩოლოქთან ადმინისტრციულ საზღვარზე შეიარაღებულმა პირებმა შეაჩერეს. პრეზიდენტი სიტუაციის განმუხტვის მიზნით იძულებული იყო უკან გაბრუნებულიყო. საქართველოს პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში შეიარაღებული ძალებით შესვლას აპირებდა, მას ჩოლოქთან 30 კაციანი პირადი დაცვა ახლდა თან. პრეზიდენტმა მოუწოდა ბათუმში არსებული რუსულ სამხედრო ბაზის ხელმძღვანელებს არ გამოიყვანონ შეიარაღებული დაჯგუფება და ტექნიკა და არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში.

14 მარტს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში მოშიმშილე ლექტორების და სტუდენტების ერთი ნაწილი დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს. ბათუმელი სტუდენტების და ლექტორების ერთმა ნაწილმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ისინი აპროტესტებენ ცენტრალური ხელისუფლებასა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის ვითარების დაძაბვას.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას აჭარის ხელმძღვანელობის მოქმედებას „სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა. მისი განცხადებით, შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში იყვნენ, თუმცა უარი თქვეს ძალის გამოყენებაზე, რადგანაც „ჯერ კიდევ არსებობს შანსი დაძაბულობის დიალოგით მოგვარების“. სააკაშვილმა ულტიმატუმი წაუყენა აჭარის მეთაურს ასლან აბაშიძეს და მოსთხოვა ცენტრალური ხელისუფლების პირობები 15 მარტამდე შეესრულებინა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ აჭარას ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

„14 მარტის სატელეფონო საუბრისას მე ვუთხარი ასლან აბაშიძეს, რომ აქვს დრო იფიქროს ჩემს პირობებზე. ვთხოვე მას შემიშვას მე და მთავრობის სხვა წევრები აჭარაში ამომრჩევლებთან შესახვედრად; მისცეს საშუალება ადამიანებს თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოზიცია; მისცეს საშუალება ოპოზიციას აჭარაში წინასაარჩევნო კამპანია თავისუფლად აწარმოოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

15 მარტი საქართველოს პრეზიდენტის და მინისტრთა კაბინეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით ფოთში ანტიკრიზისული ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც აჭარის საკითხის მოგვარება დაევალა. აჭარასთან გართულებული ურთიერთობების გამო მთავრობის მთლიანი შემადგენლობა ფოთში გადავიდა დროებით. 18 მარტს ასლან აბაშიძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა შედგა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებით დასრულდა. ეს საკითხებია საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება, პრეზიდენტის წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღება ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე და მოსახლეობისთვის დარიგებული იარაღის ჩაბარების პროცესის დაწყება. სანაცვლოდ აჭარაში დაწესებული ეკონომიკური სანქციები მოიხსნა. აბაშიძემ უარყო ის ინფორმაცია, რომ აჭარის მოსახლეობაში იარაღი ბოლო დროს ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონს შორის დაძაბული ვითარების გამო დარიგდა. მისი თქმით, იარაღი პირველად მოსახლეობას ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის დროს დაურიგდა, რადგანაც აჭარას არ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ფორმირებები. 28 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მეტ-ნაკლებად სტაბილურად წარიმართა, თუმცა ადგილი ჰქონდა რამდენიმე დარღვევას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოხატა შეშფოთება აჭარაში დაფიქსირებული დარღვევების გამო და არ გამორიცხა აჭარაში არჩევნების შედეგების გაუქმების შესაძლებლობა. ასლან აბაშიძემ ცენტრალურ ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. მისმა პარტამ „საქართველოს დემოკრატიულმა აღორძინებამ“ 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და პარლამენტს მიღმა დარჩა. 2 აპრილს აჭარის მთავრობა მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულეს. 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კატეგორიულად გააფრთხილა აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე განაიარაღოს რეგიონში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აჭარის პარლამენტის დაშლით და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებით დაიმუქრა. 13 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და ასლან აბაშიძეს შორის შემდგარი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, აბაშიძემ უარი განაცხადა მოსახლეობის განიარაღებაზე. 18 აპრილს მასობრივი დარღვევების გამო ხულოსა და ქობულეთის რაიონებში საპარლამენტო არჩევნები ხელახლა უნდა გამართულიყო, თუმცა არჩევნები ჩაიშალა.

23 აპრილს ასლან აბაშიძემ ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული რთული ვითარების რუსეთისა და აშშ-ს შუამავლობით მოგვარების სურვლის შესახებ განაცხადა და ორივე ქვეყნის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. 24 აპრილი აჭარაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის უზენაესმა საბჭომ და სენატმა ერთობლივ სხდომაზე მიიღო.

26 აპრილს ბათუმის პორტში განთავსებულმა სანაპირო დაცვის კატარღამ ფოთის პორტში გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის ცხრა წევრმა უარი განაცხადა დამორჩილებოდა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ბრძანებებს.

27 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით შერვაშიძე აჭარის ადმინისტრაციულ საზღვარზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ შეუშვა. სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარის მაღალმთიანი სოფლებისთვის განკუთვნილი სასუქით დატვირთულ რამდენიმე სატვირთო მანქანას მიაცილებდა.

28 აპრილს ასლან აბაშიძის განკარგულების თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არმიის რეზერვისტების მობილიზება დაიწყო. განკარგულებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ეს ნაბიჯი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართ ცენტრალური ხელისუფლების აგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია“. 29 აპრილს აბაშიძემ განაცხადა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების მომხრეა და აცხადებს, რომ თბილისსა და ბათუმს შორის არსებული დაძაბულობა მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს.

ცენტრში — ჩოლოქის 2004 წელს აფეთქებული ხიდის ნარჩენები, მარჯვნივ — ახალი ხიდი.

2 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებით, ააფეთქეს ადმინისტრციულ საზღვრებზე მდებარე ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები. გავრცელებული ინფორმაციით აჭარის ხელმძღვანელობა შიშობდა, რომ ფოთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი წვრთნების დასრულების შემდეგ, 2 მაისს, სამხედრო ნაწილები აჭარაში შეიჭრებოდნენ. მოსახლეობას აჭარაში შესვლა, ან რეგიონიდან გამოსვლა მხოლოდ ფეხით, შემოვლითი გზების დახმარებით შეეძლო.

4 მაისს ბათუმში გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია აჭარის ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია. არსებული ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა. თავდაპირველად აჭარის ხელისუფლება საპროტესტო აქციის დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით შეეცადა, თუმცა შემდგომში ხელკეტებიც გამოიყენა. ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის გადაყენების და ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

5 მაისს დაახლოებით 15,000 ათასი ადამიანი შეიკრიბა ბათუმის უნივერსიტეტთან, ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით. ეს იყო ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია, რომელიც აჭარაში ოდესმე ჩატარებულა. მშვიდობიან მოსახლეობას სამხედროები და აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებიც უერთდებოდნენ. ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ აბაშიძის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა, თუ იგი თანამდებობას მშვიდობიანად დატოვებდა. ასლანი ასეც მოიქცა. ღამე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე იგორ ივანოვი ბათუმში ჩამოვიდა და ის და ასლან აბაშიძე მოსკოვში გაფრინდნენ. ხალხი ძალიან გახარებული შეხვდა ამ ამბავს. 6 მაისს ბათუმში სააკაშვილი ჩამოვიდა და წარმოთქვა სიმბოლური ფრაზა: „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია“.

კონფლიქტის მოგვარების შემდეგ აჭარაში ჩატარდა უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელშიც მოსახლეობის ხმათა 70% მიიღო პარტიამ „სააკაშვილი – მოგებული აჭარა“. მოხდა საქართველოსა და აჭარის კონსტიტუციების რეფორმირება. აჭარამ შეინარჩუნებდა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, მაგრამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობა გაუქმდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]