შინაარსზე გადასვლა

რობერტ ბლაიხშტაინერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რობერტ ბლაიხშტაინერი (გერმ. Robert Bleichsteiner) (დ. 6 იანვარი, 1891, ვენა, — გ. 10 აპრილი, 1954, იქვე) — ავსტრიელი ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი.

ვენისა და გრაცის უნივერსიტეტებში სწავლობდა ეთნოგრაფიას, ისტორიას, აღმოსავლურ და კავკასიურ ენებს. ვენის უნივერსიტეტშივე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ინდოირანულ ფილოლოგიაში (1914) და მუშაობა დაიწყო აღმოსავლეთის კვლევით ინსტიტუტში. შემდეგ კითხულობდა ლექციებს კავკასიურ ენებსა და ეთნოლოგიაში და სათავეში ედგა ვენის ბუნების ისტორიის მუზეუმის (შემდგომში — ვენის ეთნოლოგიის მუზეუმის) აზიის განყოფილებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წლის ივნისში დაინიშნა ამ მუზეუმის დირექტორად.

ქართველოლოგიური მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლაიხშტაინერი თავისუფლად ფლობდა ქართულ და სომხურ ენებს. იკვლევდა ქართველურ ენებს და მათ დიალექტებს. აგრძელებდა ჰუგო შუხარდტის საენათმეცნიერო სკოლის ტრადიციებს. ბლაიხშტაინერს ეკუთვნის ნაშრომები კავკასიოლოგიისა და ქართველოლოგიის დარგში, ეთნოგრაფიისა და ლიტერატურის პრობლემურ საკითხებზე: „კავკასიელ ხალხთა და ენათა მიმოხილვა“, „ქართული ბალადა ამირანზე“ (ორივე 1918), „ქართული ანდაზები, გამოცანები, თქმულებები და ზღაპრები თარგმანით, კომენტარებით, ტრანსკრიფციითა და ლექსიკონითურთ“ (გამოიცა 1919 ვენაში ქართულ და გერმანულ ენებზე), „ნარკვევები ქართველთა ტომის – გურულების ენისა და ეთნოგრაფიის შესახებ“ (1931–1932), „კავკასიურ ენათა ჯგუფი“ (1937), „ვეფხისტყაოსანი – მე-12 საუკუნის ქართული მინეზინგური პოემა“ (1940), „დიდი ქართველი პოეტი – ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1945), „ქართული ლიტერატურა“ (1948), „ქართველი ხალხი“ (1949), „საქართველო გუშინ და დღეს“ (1950).

ბლაიხშტაინერმა გერმანულად თარგმნა „ვეფხისტყაოსნის“ ხალხური ვერსია, გამოსცა კრებული „ახალი ქართველი პოეტები“ (1946), რომელშიც შევიდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ალექსანდრე აბაშელისა და სხვათა ნაწარმოებები; ცალკე გამოსცა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“ (1947). გამოუქვეყნებელი დარჩა გარსევან ჩოლოყაშვილის „ხილთა ქება“ და შიო არაგვისპირელის მოთხრობები. 1950 წელს სტუმრად იყო საქართველოში.

  • Eine georgische Ballade von Amirani, «Berichte des Forschungsinstituts für Osten und Orient», 1918 [Bd.] 2.
  • Beiträge zur Sprach- und Volkskunde des georgischen Stammes der Gurier, «Caucasica», 1931 – 32, [v.] 7 – 9.
  • Die kaukasische Sprachgruppe, «Anthropos», 1937, Bd. 32; Der Mann in Pantherfell. Ein georgischer Minnesang aus dem 12. Jahrh., «Asienberichte», 1940, [Bd.] 5.
  • Der große georgische Dichter Nikolos Barataschwili, «Die Brücke», 1945, № 1, 6 – 7.
  • Die Literatur Georgiens, იქვე, 1948, № 3; Das Volk der Georgier, იქვე, 1949, № 4.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
  • Leopold Schmidt: Bleichsteiner, Robert. In: Kurt Ranke (Hrsg.): Enzyklopädie des Märchens. Band 2 (Bearbeitung–Christusbild), De Gruyter, 1979.