რკინისკალოს სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რკინისკალოს სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თრანში, მდინარე თრანულის მარჯვენა ნაპირზე, რკინისკალოზე. განეკუთვნება ძვ. წ. VIII-VI საუკუნეს. გაითხარა 1963, 1965 და 1969 წლებში, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა რ. რამიშვილი. სამაროვანის ზედაპირი დაფარული იყო 20-25 სმ სისქის კორდოვანი ფენით, რომლის ქვეშაც წარმოქმნილი იყო რიყის სხვადასხვა ზომის ქვისაგან შემდგარი ქვაყრილის მთლიანი საფარი. ამ ქვაყრილში და მის ქვეშ მდებარე თიხნარ ნიადაგში, მიწის ზედაპირიდან სხვადასხვა სიღრმეზე მოთავსებული იყო ქვაყრილიანი ორმოსამარხები. გათხრილია 37 სამარხი.

სამარხთა ყველაზე დიდი ჯგუფი მიწის ზედაპირიდან 0,45-1 მეტრ სიღრმეზე მდებარეობდა. მათ უმრავლესობაში სამარხეული ინვენტარი და მიცვალებულის ნაკლული ძვლები ქვაყრილში ისე იყო არეული, რომ დაკრძალვის წესის გარჩევა გაძნელდა. შედარებით უკეთ იყო შემონახული უფრო ღრმად მდებარე სამარხები. ქვედა იარუსის სამარხები, ზედასთან შედარებით, მეჩხერადაა განლაგებული. თიხნარ ნიადაგში ოვალურად ამოჭრილ ორმოებში არქეოლოგებს პერიოდულად ხვდებოდა, კიდურებმოკეცილი, მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე მდებარე ჩონჩხი, რომელსაც თავი სამხრეთით ან სამხრეთ-დასავლეთით ჰქონდა მიმართული.

სამაროვანზე გამოვლენილი ნივთიერი მასალა მრავალრიცხოვანი და მრავალგვარია: თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს სამკაული, რკინის საბრძოლო იარაღი, ძვლის ნივთები, მძივები და სხვა. მასალა ინახება არქეოლოგიურ კვლევით ცენტრის, დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]