რეჯებ ჟორდანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

რეჯებ ჟორდანია (ინგლ. Redjeb Jordania; დ. 10 დეკემბერი, 1921, ვანვი, საფრანგეთი, — გ. 15 ივლისი, 2021, ისტ-ჰემპთონი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ[1]) — ამერიკის შეერთებული შტატებში მოღვაწე ქართველი მწერალი, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის — ნოე ჟორდანიას შვილი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2009)

რეჯებ ჟორდანია დაიბადა ვანვში, პარიზის გარეუბანში. გაიზარდა ქართულ ემიგრანტულ გარემოში. სწავლობდა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, შემდეგ იელის უნივერსიტეტში. 1960 წლის შემდეგ ძირითადად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებული შტატებში. ათწლეულების მანძილზე ფრანგულს, ესპანურსა და ლინგვისტიკას ასწავლიდა აშშ-ის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში, მ. შ., ურსინუსის კოლეჯში (ნიუ-იორკის უნივერსიტეტი), ფეარლეი დიკინსონის უნივერსიტეტსა და ჰარტფორდის საჯარო კოლეჯში (კონექტიკუტი). გატაცებული იყო ნავთმშენებლობით და საზღვაო ისტორიით. 1987 წელს საუთჰემპტონის კოლეჯში აირჩიეს ასოცირებულ პროფესორად და ასწავლიდა საზღვაო ლიტერატურას და ისტორიას; ხელმძღვანელობდა ისტ-ჰემპტონის საისტორიო საზოგადოების მიერ XX საუკუნის დასაწყისის 25-ფუთიანი იალქნიანი ნავის (ე. წ. კეტის) „სენადის“ აღდგენას.[2]

1990 წელს პირველად ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ ხშირად სტუმრობდა მას, აქტიურად მონაწილეობდა პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობის შესწავლასა და პოპულარიზაციაში.[3] 1990-იანი წლებში ჟორდანიას მხარდაჭერით საქართველოში მოქმედებდა ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა. მისი ორგანიზებულია საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის შესახებ მიძღვნილი არაერთი კონფერენცია საქართველოში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში, მ. შ., ჰარიმანის უნივერსიტეტის მიერ მოწყობილი „საქართველოს ცნობადობის დღე“ (Georgia Awareness Day) (ნიუ-იორკი, 1998), ნოე ჟორდანიას სახელობის კონფერენცია (თბილისი, 1998) და სხვ. აქტიურად იყო ჩართული ლევილის მამულის (ე. წ. „შატოს“) საქართველოსთვის გადაცემის პროცესში. 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა.[4] რეჯებ ჟორდანია წერდა მუსიკას ფორტეპიანოსა და ვიოლინოსთვის, ასევე კამერულ მუსიკას; იყო პიანისტი. გამოქვეყნებული აქვს მემუარები, უცხოური ენების სახელმძღვანელოები, თხზულებები ნავთმშენებლობაზე, ნოე ჟორდანიაზე და სხვ., ასევე საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებების კრებულები.[2]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Escape from the South Fork and Other Stories, 2008
  • New York Au Ras Les Rues: Vignettes Des Annees 70, 2008
  • All My Georgias: Paris-New York-Tbilisi, 2011
  • Building the Uqbar Dinghy with the Stitch'n-Glue Technique, 2012
  • Building the Uqbar Dinghy, 2014
  • Piano Music for Georgian Dances, 2014
  • Noe Jordania, Father of Modern Georgia, 2018

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გარდაიცვალა ნოე ჟორდანიას ვაჟი, რადიო თავისუფლება. 16 ივლისი, 2021.
  2. 2.0 2.1 Isabel Carmichael. Redjeb Jordania, 99. The East Hampton Star. 22 ივლისი, 2021.
  3. ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა. Report News Agency. 16 ივლისი, 2021.
  4. Stephen Jones. Redjeb Jordania Obituary, Civil.ge. 24 ივლისი, 2021.