ჟინვალის პირველი ეკლესია
ჟინვალის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სოფლის ჟინვალის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ძველ სასაფლაოზე. განეკუთვნებოდა გვიანდელ შუა საუკუნეებს. ამჟამად დაფარულია წყლით.
ეკელსია დარბაზულია, ნაგები იყო სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. ძლიერ იყო დაზიანებული. შენობას სახურავის საფარი, ლავგარდანი და საფასადო წყობის ზედა ნაწილი ჩამოშლილი ჰქონდა. ხის ძელებით გადახურული შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეში იყო გაჭრილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მდებარე სარკმლის ორივე მხარეს მოწყობილი იყო თითო პატარა სწორკუთხა ნიში. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიყრდნობილი იყო ოთხწახნაგა ტრაპეზი. ეკლესია განათებული იყო სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმლით. კვერცხისებრი ფორმის აფსიდის თაღის ორივე ქუსლის დონეზე ხის იკონოსტასის ძელების ბუდეები იყო შემორჩენილი. კვერცხისებრი ფორმისა იყო დარბაზის კამარაც. გარედან აქა-იქ შემორჩენილი იყო აგურის საფეხუროვანი ლავგარდნის ნაწილი. დასავლეთის ფასადს აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი, საფეხუროვან კვარცხლბეკზე შემდგარი ჯვარი ამკობდა. ეკლესიის დასავლეთ კედელზე დაშენებული იყო აგურით ნაგები სამრეკლო - კვადრატული ბაქნის კუთხეებში მდგარ, ოთხ კვადრატულ ბურჯზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღებით შექმნილი და პირამიდული სახურავით დასრულებული ფანჩატური. სამრეკლოს ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურების ორი რიგისგან შემდგარი დაბალი ლავგარდანი ჰქონდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 296.