ჟენიშ-ჩოქუსუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ჟენიშ-ჩოქუსუ

ჟენიშ-ჩოქუსუ
ჟენიშ-ჩოქუსუ

კოორდინატები: 42°02′15″ ჩ. გ. 80°07′30″ ა. გ. / 42.03750° ჩ. გ. 80.12500° ა. გ. / 42.03750; 80.12500

მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
სიმაღლე 7439 მ
ქედი ქოქშაალთაუ
პირველი ასვლა 1956 (საბჭოთა ექსპედიცია ვიტალი აბალაკოვის ხელმძღვანელობით)
ჟენიშ-ჩოქუსუ — ჩინეთი
ჟენიშ-ჩოქუსუ
ჟენიშ-ჩოქუსუ — ყირგიზეთი
ჟენიშ-ჩოქუსუ

ჟენიშ-ჩოქუსუ (აგრეთვე ცნობილია როგორც გამარჯვების პიკი ან „პობედა“; ყირგ. Жеңиш чокусу) — ტიან-შანის მთათა სისტემის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 7439 მ. მდებარეობს ჩინეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე, ქოქშაალთაუს ქედზე, ისიქ-ქოლის ტბიდან აღმოსავლეთით, ხან-თენგრიდან სამხრეთ-დასავლეთით 16 კმ-ში. კალთებზე მძლავრი მყინვარებია.[1]

1895 წლს შვედმა სვენ ჰედინმა ჩინეთის მხრიდან ევროპელთაგან პირველმა ნახა და თითქმის ზუსტად განსაზღვრა მისი სიმაღლე — 7320 მ. 1938 წლის 19 სექტემბერს საბჭოთა ალპინისტებმა ლეონიდ გუტმანმა, ევგენი ივანოვმა და ალექსანდრე სიდორენკომ ძლიერი გრიგალის დაძლევისა და 30-გრადუსიანი ყინვის პირობებში მოახერხეს და ავიდნენ მწვერვალზე. მათ პიკს საკ. ალკკ 20 წლისთავის სახელი უწოდეს, თუმცა მისი სიმაღლე განსაზღვრეს არასწორად — 6930 მ-ით. მხოლოდ 1943 წელს იქნა გამორკვეული, რომ ეს მწვერვალი ხან-თენგრიზე დაახლოებით ნახევარი კილომეტრით არის მაღალი.

გამარჯვების პიკის როგორც შვიდიათასიანი მწვერვალის აღმოჩენამ ფართო ინტერესი გამოიწვია ახალი მწვერვალის მიმართ, რომელზედაც როგორც ფიქრობდნენ, ადამიანს ფეხი არ ჰქონდა დადგმული. გეგმური მდებარეობა და სიმაღლე მიღებულ იქნა 1944 წელს ჩატარებული ტოპოგრაფიული აგეგმვის დამუშავების შედეგად. ზოგადად, ამ მწვერვალის აღმოჩენა იყო წითელი არმიის სამხედრო-ტოპოგრაფიული სამსახურის დიდი მიღწევა, რის გამოც მას ეწოდა სამხედრო ტოპოგრაფების მწვერვალის სახელი. 1946 წელს გადაარქვეს და უწოდეს გამარჯვების პიკი, ხოლო სამხედრო ტოპოგრაფების მწვერვალის სახელი მიანიჭეს მწვერვალს სიმაღლით 6873 მ მერიდიანულ ქედზე.[2]

გამარჯვების პიკის დაპყრობა პირველად სცადეს 1949 წელს ალმა-ათელმა ალპინისტებმა ევგენი კოლოკოლნიკოვის ხელმძღვანელობით, თუმცა ჩრდილოეთი კალთიდან ჩამოწოლილი ზვავის გამო უკან დაიხიეს. 1952-1953 წლებში გამარჯვების პიკის მასივის და მისი აღმოსავლეთი თხემის დეტალური დაზვერვა შეასრულა თურქესტანის სამხედრო ოკრუგის ექსპედიციამ ვლადიმერ რაცეკის ხელმძღვანელობით.[3]

1955 წლის აგვისტოში ერთბაშად ორმა ექსპედიციამ დაიწყო მწვერვალზე იერიშის მიტანა: თურქესტანის სამხედრო ოკრუგის ალმა-ათის სამმართველომ ვ. შიპილოვის ხელმძღვანელობით და უზბეკეთის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტმა ე. ნაგელის ხელმძღვანელობით. ალმა-ათის გუნდი ავიდა 6930 მ სიმაღლეზე, მაგრამ მოხდა თოვლიან გრიგალში, რის შედეგადაც 12 ალპინისტიდან მხოლოდ ერთი გადარჩა — ურალ უსენოვი. გამარჯვების პიკი პირველად დაიპყრო საბჭოთა 11-კაციანმა ექსპედიციამ ვიტალი აბალაკოვის ხელმძღვანელობით 1956 წლის 30 აგვისტოს.[4]

აღსანიშნავია, რომ 1961 წელს ჟენიშ-ჩოქუსუზე მოეწყო ქართული ექსპედიცია ოთარ გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით. ექსპედიცია 7 წევრისაგან შედგებოდა: ოთარ გიგინეიშვილი (ხელმძღვანელი), ჯუმბერ მეძმარიაშვილი, მიხეილ ხერგიანი ბიძაშვილ მიხეილ ხერგიანთან ერთად, თეიმურაზ კუხიანიძე, ილია გაბლიანი და კირილ კუზმინი. ექსპედიცია კლდოვან-ყინულოვანი 160-მეტრიანი ბასტიონის დაძლევის შემდეგ ავიდა ჟენიშ-ჩოქუსუს დასავლეთით განშტოებულ 6918 მეტრის სიმაღლის უსახელო პიკზე. ამ მწერვალზე ისინი პირველები ავიდნენ და მას ვაჟა-ფშაველას სახელი უწოდეს.[5]

ასვლისას ორიდან ერთი მიხეილ ხერგიანი შეუძლოდ გახდა, საბაზოსკენ დაბრუნდა და იგი მეორე ხერგიანმა გააცილა, დანარჩენებმა კი გზა გააგრძელეს და სამი დღის მერე გამარჯვების პიკის მთავარ მწვერვალზე მივიდნენ. მათ განზრახული ჰქონდათ მთელი მწვერვალის თხემის ტრავერსი, რომელიც აღმოსავლეთის პიკზე ასვლით უნდა დაეგვირგვინებინათ. მთამსვლელებმა ამ ჩანაფიქრზე ხელი აიღეს, რათა დაწეოდნენ ხერგიანებს და ჩამოსვლაში დახმარებოდნენ. დაშვებისას, მწვერვალის დასავლეთის განშტოების მახლობლად, მათ 6500 მეტრის სიმაღლეზე შემოაღამდათ და ბანაკი დასცეს. როცა ინათა და გზის გასაგრძელებლად მზადება დაიწყეს, ილია გაბლიანი კლდის შვერილზე ჩამოჯდა და მზეს მიეფიცხა, თუმცა უეცრად გარდაიცვალა. დაშვებისას გარდაიცვალა აგრეთვე თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი.[5]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]