შინაარსზე გადასვლა

ჟაკ დემი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაკ დემი
დაბადების თარიღი 5 ივნისი, 1931
ატლანტის ლუარა, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 27 ოქტომბერი, 1990 (59 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა  საფრანგეთი
ალმა-მატერი ლუი ლუმიერის კოლეჯი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1955-1988
მოძრაობა ფრანგული ახალი ტალღა
მეუღლე(ები) ანიეს ვარდა
შვილ(ებ)ი როსალია ვარდა, მეთიუ დემი

ჟაკ დემი (ფრანგ. Jacques Demy; დ. 5 ივნისი, 1931, ატლანტის ლუარა, საფრანგეთი — გ. 27 ოქტომბერი, 1990, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი რეჟისორი, ლირიკოსი და სცენარისტი. იგი ასოცირებულია ფრანგულ ახალ ტალღასთან და მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან ერთად, როგორებიც არიან ჟან-ლუკ გოდარი, ანიეს ვარდა, ფრანსუა ტრიუფო.

ჟაკ დემი 1931 წლის 5 ივნისს დაიბადა. მამამისი გამყიდველი, ხოლო დედამისი პარიკმახერი იყო. დემის დედ-მამას კინო უყვარდა და მალევე მათი გატაცება მანაც გაიზიარა. 9 წლის ასაკში მან თავისი პირველი ანიმაციური ფილმი შექმნა ხელით მოხატული ფირებით. 13 წლის ასაკში თავისი პირველი კამერა იყიდა, ხოლო 14 წლისა ნანტის კინო-კლუბში გაწევრიანდა.

დემი 1952-1954 წლებში საფრანგეთის ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფის ტექნიკურ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი ანიმატორის, პოლ გრიმოსა და რეჟისორ ჟორჟ როკუს ასისტენტად მუშაობდა (1954-1957).

როკუსთან მუშაობის პერიოდში იგი ჟან კოქტოს შეხვდა. მას იმდენად მოეწონა დემი, რომ უფლება მისცა, მისი პატარა პიესის „გულგრილი შეყვარებულის“ (Le Bel indifférent 1957) ადაპტაცია გადაეღო.

1960 წელს დემიმ გამოუშვა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, „ლოლა“. ეს მსახიობ ანუკ ემესთვის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო, ხოლო დემიმ სწორედ ამ ფილმით დაიწყო მისი დიდხნიანი ურთიერთობა ფრანგი კინოს ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურასთან, კომპოზიტორ მიშელ ლეგრანთან. „ლოლა“ რეჟისორისთვის წარმატებული გამოდგა. ჟან-ლუკ გოდარმა იგი 1961 წელს გამოსული საუკეთესო ფილმების სიაში შეიტანა.[1]

დემის კინემატოგრაფიული სტილი დაფუძნებულია ჰოლივუდურ კლასიკურ მიუზიკლებზე, ზღაპრებზე, ჯაზზე, იაპონურ მანგასა და ოპერაზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია „შერბურის ქოლგები“.

1962 წელს დემი ფრანგ რეჟისორზე, ფრანგული ახალი ტალღის წარმომადგენელზე, ანიეს ვარდაზე დაქორწინდა. მათ ვაჟი, მეთიუ დემი შეეძინათ, რომელიც 1973 წელს დაიბადა. დემიმ ასევე შვილად აიყვანა როსალია ვარდა, რომელიც ანიეს ვარდას წინა ქორწინებიდან ჰყავდა.

ჟაკ დემისა და ანიეს ვარდას სასაფლაო

ვარდამ ჟაკ დემს და მის კარიერას, 1990 წელს დემის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე ფილმიც მიუძღვნა, მათ შორისაა 1995 წელს გამოსული „ჟაკ დემის სამყარო“.

სრულმეტრაჟიანი ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1961ლოლაLolaრეჟისორი, სცენარისტი
1962ანგელოზების ყურეLa Baie des Angesრეჟისორი, სცენარისტი
1964შერბურის ქოლგებიLes Parapluies de Cherbourgრეჟისორი, სცენარისტი
1967გოგოები როშფორიდანLes Demoiselles de Rochefortრეჟისორი, სცენარისტი
1969მოდელების ატელიეModel Shopრეჟისორი, სცენარისტი
1970ვირის კანიPeau d'Âneრეჟისორი, სცენარისტი
1972ჭრელი მესტვირეThe Pied Piperრეჟისორი, სცენარისტი
1973ოდნავ ფეხმძიმე მამაკაციL'événement le plus important depuis que l'homme a marché sur la luneრეჟისორი, სცენარისტი
1979ლედი ოსკარიLady Oscarრეჟისორი, სცენარისტი
1982ოთახი ქალაქშიUne Chambre en villeრეჟისორი, სცენარისტი
1985ავტოსადგომიParkingრეჟისორი, სცენარისტი
1988ფირსაკრავიLa table tournanteრეჟისორი, სცენარისტი
1988სამი ადგილი ოცდამეექვსესათვისTrois places pour le 26რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]