პუნიკური ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კართაგენელთა დაპყრობები პუნიკური ომების პერიოდში

პუნიკური ომები (ძვ. წ. 264 - ძვ. წ. 146) — ომები რომსა და კართაგენს შორის. რომაელები კართაგენელებს პუნებს უწოდებდნენ. აქედან მოდის სიტყვა „პუნიკური“.

პირველი პუნიკური ომის (ძვ. წ. 264 - ძვ. წ. 242) დაწყების მიზეზი იყო დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე ჰეგემონობა. მოცემულ დროს რომაელებმა უკვე მთლიანად დაასრულეს იტალიაში ექსპანსია და სურდათ ზღვაზე ბატონობის მოპოვება, მაგრამ მათ არც გამოცდილება ჰქონდათ, არც ფლოტი, ხოლო კართაგენი უკვე აკონტროლებდა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის დიდ ნაწილს. მას დაპყრობილი ჰქონდა სიცილია, სარდინია, კორსიკა და სამხრეთი ესპანეთი. მიუხედავად ამისა, რომაელებმა ამ ომში მოიპოვეს გამარჯვება, რის შედეგადაც დაიპყრეს სიცილია, თვითონ კართაგენში კი ამ დამარცხებისგან ისე აირია სიტუაცია, რომ რომაელებმა უპრობლემოდ დაიკავეს სარდინიაც და კორსიკაც.

მეორე პუნიკური ომი (ძვ. წ. 218 - ძვ. წ. 202) კართაგენი არ აპირებდა მარცხთან შეგუებას. ზღვაზე დაკარგული კუნძულების სანაცვლოდ კართაგენმა ახალი ესპანური ოლქები დაიპყრო. ძვ.წ.226/225 წლებში რომმა და კართაგენმა პირინეს ნახევარკუნძულზე თავიანთი გავლენის გამყოფ ზოლად მდ. ებრო დაასახელეს. ეს შეთანხმება რომაელებმა დაარღვიეს, როდესაც კართაგენის ზონაში მდებარე ქ. საგუნტუმი თავის მფლობელობაში მოაქციეს. ეს გახდა რომსა და კართაგენს შორის ახალი ომის საბაბი. ძვ. წ. 219 წელს 25 წლის კართაგენელმა სარდალმა ჰანიბალმა აიღო საგუნტუმი. საპასუხოდ რომმა კართაგენს ბრძოლა გამოუცხადა. ასე დაიწყო მეორე პუნიკური ომი. ჰანიბალმა გადაწყვიტა მტრის ტერიტორიაზე ეომა. ძვ. წ. 218 წელს მან 40 000-იანი ჯარით ალპები გადალახა და ჩრდილო იტალიაში შევიდა. რომის მოძულე გალური ტომები, რომლებიც ჰანიბალს გამათავისუფლებლად მიიჩნევდნენ, მის მებრძოლთა რიგებს ავსებდნენ. რომი ბრძოლას ბრძოლზე აგებდა. გარდატეხა რომის სასარგებლოდ დაიწყო მხოლოდ ძვ. წ. 210 წლიდან, მას შემდეგ, რაც რომის მთავარსარდლად დაინიშნა პუბლიუს კორნელიუს სციპიონი. სციპიონმა ჯერ ესპანეთში მიაყენა დარტყმა კართაგენელებს, შემდეგ ჩრდილო იტალიაში, სულ ბოლოს კი საბრძოლო მოქმედებები აფრიკაში გადაიტანა. ძვ. წ. 202 წელს სციპიონი და ჰანიბალი შეხვდნენ ზამასთან. ამ ბრძოლისას ნუმიდიელთა მხედრობამ უღალატა ჰანიბალს და რომაელთა მხარეზე გადავიდა. ჰანიბალი დამარცხდა. ასე დამთავრდა მეორე პუნიკური ომი. კართაგენმა დაკარგა სამფლობელოები ესპანეთში, დაედო კონტრიბუცია 10000 ტალანტის ოდენობით, აეკრძალა სამხედრო ფლოტისა და საბრძოლო სპილოების ყოლა.

მესამე პუნიკური ომი (ძვ. წ. 149 - ძვ. წ. 146) მეორე პუნიკურ ომში დამარცხების შემდეგ კართაგენი ძლიერ დასუსტდა, მაგრამ რომს ჰანიბალის აჩრდილი მოსვენებას არ აძლევდა. სენატორი კატონ უფროსი სენატის ყოველ სხდომაზე ერთსა და იმავეს იმეორებდა: „კართაგენი უნდა დაინგრეს“! ძვ.წ. 149 წელს რომაელებმა კართაგენს ალყა შემოარტყეს. ამჯერად რომაელებს სარდლობდა სციპიონ აფრიკელი უმცროსი, შთამომავალი სახელოვანი პუბლიუს კორნელიუს სციპიონისა. ჯარის გარეშე დარჩენილი კართაგენის მოსახლეობა 3 წლის განმავლობაში მამაცურად იცავდა თავს, ამაგრებდა თითოეულ სახლს. ალყა 3 წელს გრძელდებოდა. ბოლოს რომაელებმა აიღეს კართაგენი, ჯერ დაანგრიეს, შემდეგ გადახნეს და მარილი დათესეს, რომ არაფერს გაეხარა ამ მიწაზე. კართაგენის სამფლობელოები რომის ხელში გადავიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]