პოლიკარპე მაჭარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პოლიკარპე მაჭარაძე (დ. 1878 სოფ. ივანდიდი, ხონის საზოგადოება — გ. ?) — ქართველი სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გლეხის ოჯახში. ერთი წლის ასაკში მამა გარდაეცვალა. წერა-კითხვა ისწავლა სოფლის დიაკვანთან. შემდგომში სწავლა გააგრძელა ორკლასიან სკოლაში, თუმცა ოჯახის უსახსრობის გამო სწავლის მიტოვება მოუხდა. 14 წლის ასაკიდან დაიწყო მუშაობა თბილისის რკინიგზის სახელოსნოში. 1895 წლიდან დაუახლოვდა „მესამე დასს“. საუკუნის მიწურულს ქალაქ ბაქოში ნიკო კეცხოველთან ერთად მოაწყო არალეგალური სტამბა. შემდგომში დაბრუნდა სამშობლოში. პარტიის დავალებით, 1901 წლის მუშათა გამოსვლებისას დახატა წითელი დროშა მარქსის, ენგელსისა და ლასალის ფოტოებით. 1902 დააპატიმრეს და გაასახლეს ხონში. მეორედ 1903 წელს დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. 1905 წელს შეეხო ამნისტიის აქტი და დაბრუნდა თბილისში. 1906 წელს მუშაობდა რკინიგზის სახელოსნოში. 1907 წელს კვლავ დაიჭირეს და გადაასახლეს, თუმცა გაპარვა შეძლო და არალეგალურ საქმიანობას მიჰყო ხელი. 1914 წელს კვლავ დაიჭირეს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა აქტიურ პარტიულ მუშაობას. იყო მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო რკინიგზის მუშათა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი. 1918 წელს სოციალ-დემოკრატების სიით შევიდა ეროვნულ საბჭოში. იყო ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1918 წლის 15 ოქტომბერს ეროვნული საბჭო დატოვა. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებზე კენჭს იყრიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, თუმცა დეპუტატის მანდატი ვერ მოიპოვა. პარტიულ სიაში 129-ე ადგილი ეკავა. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომი პერიოდის ცნობები არ მოიძებნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 263, თბ., 2018 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]