პასქალია
პასქალია (ბერძ. Πασχάλιο) — აღდგომის დღის (პასექის) გამოანგარიშების მეთოდიკა, რომელიც 325 წელს ნიკეის კრებიდან მოყოლებული ეფუძნება მიდგომას — „აღდგომის დღესასწაული იზეიმება პირველ კვირადღეს პირველი სავსემთვარეობის შემდეგ, რომელიც ემთხვევა ან მოსდევს გაზაფხულის ბუნიობას“. აღნიშნულ მიდგომას იზიარებს, როგორც მართლმადიდებლური, ისე კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესია. განსხვავება მხოლოდ გაზაფხულის ბუნიობის განსაზღვრებაშია, რაც განაპირობებს აღდგომის დღის განსხვავებული თარიღის მიღებას.
ამჟამად გამოიყენება ორი განსხვავებული პასქალია. 1583 წლიდან დაწყებული კათოლიკური ეკლესია იყენებს გრიგორიანულ პასქალიას, რომელიც იღებს ბუნიობას 21 მარტს გრიგორიანული კალენდრით, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესიების უმეტესობა იცავს ალექსანდრიის პასქალიას 21 მარტიდან იულიუსის კალენდრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოთხივე მახარებელი წმინდა წერილში მოგვითხრობს იესო ქრისტეს აღდგომის დეტალებს. სახარებაში ვკითხულობთ, რომ უფლის აღდგომას ადგილი ჰქონდა კვირადღეს, მას შემდეგ რაც ებრაული დღესასწაული — ფესახი — უკვე დაწყებული იყო. ძველი აღთქმის მიხედვით ფესახი აღინიშნება ებრაული კალენდრით ნისანის თვის მე-15 რიცხვში. ნისანის 15 როგორც წესი იწყება სავსემთვარიან ღამეს, რომელიც გაზაფხულის ბუნიაობას მოსდევს. ისტორიიდან ცნობილია, რომ ადრეული, I მსოფლიო კრებამდელი, ქრისტიანები სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ აღდგომის დღესასწაულს. ასე მაგალითად, მცირე აზიის და პალესტინის ქრისტიანები ამ დღესასწაულს ნისანის 14-დან 15-ზე ღამეს ზეიმობდნენ, ანუ მაშინ როდესაც ებრაელები აღნიშნავდნენ ფესახს, თან მიუხედავად იმისა თუ კვირის რომელ დღეზე მოდიოდა ხსენებული თარიღი (ამის გამო მათ მეცნიერებაში დაერქვათ „მეათთოთხმეტელები“ — მთვარის თვის მე-14 დღის მიხედვით). ალექსანდრიაში ქრისტიანები აღდგომას დღესასწაულობდნენ კვირადღეს, რომელიც მოდიოდა ნისანის 15-21 პერიოდში. ამისათვის ისინი ითვლიდნენ გაზაფხულის სავსემთვარეობას, და ამის მიხედვით პოულობდნენ პირველ კვირას სავსემთვარეობის შემდეგ. სირიის ქრისტიანები მსგავს მეთოდს იყნებდნენ, ოღონდ ალექსანდრიული სკოლისაგან განსხვავებულ ათვლის წერტილს იყენებდნენ, რის გამოც ამ ორ გამოთვლას შორის არსებობდა საგრძნობი განსხვავება, რაც ზოგ შემთხვევაში 4-5 კვირამდეც კი აღწევდა. ამიტომ იყო, რომ ალექსადნრიელებისაგან განსხვავებით სირიელები, რომელთა გამოთვლებიც ებრაულ გამოთვლებზე იყო მკაცრად მიბმული, აღდგომას ხანდახან გაზაფხულის ბუნიობამდეც კი აღნიშნავდნენ (ასეთი ადრეული თარიღის გამო მეცნიერებაში მათ დაიმკვიდრეს „პროტოპასქიტების“ სახელი). გარდა ამისა, V საუკუნემდე რომაელი ეპისკოპოსები არ უშვებდნენ აღდგომის ზეიმს 21 აპრილის შემდეგ, ამის მიზეზი რომის დაფუძნების – „პარილიის“ დღესასწაული იყო და მათ არ სურდათ, რომ ეს დღესასწაული ვნების შვიდეულს დამთხვეოდა. აღდგომის თარიღის დასადგენად რომაელებიც ითვლიდნენ გაზაფხულის სავსემთვარეობას, მაგრამ მათი გამოთვლის მეთოდიკის სიზუსტე განსხვავდებოდა ალექსანდრიული მეთოდიკის სიზუსტისაგან. და ბოლოს, იყო ასეთი მიდგომაც: ადრე მიჩნეული იყო, რომ ისტორიულად უფლის ჯვარცმა მოხდა 23 მარტს, პარასკევს, და შესაბამისად, აღდგომა — 25 მარტს: თარიღი, როდესაც ხარების დღესასწაულს ვზეიმობთ. თანაც ამ დროისთვის არსებობდა ასეთი აზრიც, რომ სამყარო, სწორედ 25 მარტს იყო შექმნილი. ამიტომაც, აღდგომას, რომელიც 25 მარტზე მოდის, ეწოდება „საუფლო აღდგომა“ ანდა „კირიოპასქა“ (სწორედ 25 მარტი, როგორც უფლის ისტორიული აღდგომის დღე, გამოყენებული იყო დიონისე მცირეს მიერ ჩვენი წელთაღრიცხვის შედგენის დროს). ამასთან დაკავშირებით, III-IV საუკუნეებში არსებობდა ქრისტიანული სექტა, რომელიც აღდგომას უშუალად 25 მარტს ზეიმობდა, განურჩველად კვირის რომელ დღეზე მოდიოდა ეს თარიღი.
ვინაიდან აღდგომის თარიღი დამოკიდებული იყო ისეთ ასტრონომიულ მოვლენებზე, როგორიცაა გაზაფხულის ბუნიობა, სავსემთვარეობა და მის შემდეგ პირველი კვირადღე, საჭირო იყო მეთოდიკის გამომუშავება, რომელიც საშუალებს მისცემდა წინასწარი გამოთვლებით დაედგინათ აღდგომის თარიღი — ასე გაჩნდა ზემოთ ხსენებულ პერიოდში პასქალური ცხრილები. რომის და ალექსანდრიის ქრისტიანულმა კათედრამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაიწყეს პასქალური ცხრილების შედგენა რაც ეფუძნდებოდა იმ ეპოქის ასტრონომიულ მონაცემებს. ცხრილების მაღალი სიზუსტის მისაღწევად საჭირო იყო მზის და მთვარის წელიწადების ერთმანეთთან დაახლოება, მაგრამ ასტრონომიიდან კარგად არის ცნობილი, რომ მზისიერი და მთვარისმიერი წელიწადები არ არიან ერთმანეთის ჯერადები — შეუძლებელია მზის და მთვარის პერიოდები ერთმანეთს ზუსტად დაემთხვას. მათი ურთიერთ თანხმობაში მოსაყვანად უკვე ძველ სამყაროში იყენებდნენ 2 ციკლს: 8- და 19-წლიანს.
მალე 8-წლიანმა ციკლმა აჩვენა თავისი ნაკლოვანებები და მისი პასქალიაში გამოუყენებლობადობა. 8-წლიანი ციკლი გამოსადეგი იყო მხოლოდ ძველბერძნულ კალენდარში, სადაც უპირატესობა ენიჭებოდა მთვარის ციკლების ანგარიშს, ხოლო მზისიერ წელთან მკაცრ შესაბამისობაში მოყვანა განსაკუთრებული ყურადღება არ ექცეოდა. ქრისტან პასქალისტებს იმ დროს უწევდათ საყოველთაოდ გავრცელებული იულიუსის კალენდარზე (365,25 დღე-ღამე) დაყრდნობა. მაგრამ 8 წელიწადში იულიუსის კალენდრით 2922 დღე-ღამე გამოდიოდა, მაშინ როცა 99 სინოდური თვე უდრიდა 2923,53 დღე-ღამეს, ეს კი 16 წლის შემდეგ 3 დღიან ცდომილებას იძლეოდა, ხოლო 77 წლის შემდეგ პირიქით სავსამვარეობა ახალმთვარეში გადადიოდა. არაა გასაკვირი, რომ ჯერ კიდევ III საუკუნეში დასავლეთში 8-წლიანი ციკლის მაგივრად ფეხი მოიკიდა მისივე ბაზაზე შექმნილმა 84-წლიანმა, ხოლო აღმოსავლეთში კი შედარებით დახვეწილმა — 19-წლიანმა ციკლმა, რომელიც ძველ სებერძნეთში დამკვიდრდა ძვ. წ. 432 წლიდან ასტრონომის მეტონის მიერ. მოგვიანებით მეტონის ციკლში ნაკლულოვანები შეძლებისდაგვარად აღმოიფხვრა, ჯერ კალიპის 76-წლიან, შემდეგ — ჰიპარქეს 304-წლიან ციკლებში.
რაც შეეხება რომის და ალექსანდრიის კათედრას: ალექსანდრიელები პასქალურ ცხრილებს ადგენდნენ მეტონის 19 წლიან ციკლის გამოყენებით, მაშინ როდესაც რომი იყენებდა ჯერ 8 წლიან ციკლს, მაგრამ მოგვიანებით გადავიდა 84 წლიან ციკლზე. ადრეული პერიოდიდან ჩვენამდე მოაღწია 222-333 წლების იპოლიტე რომაელის, ასევე 243 წლის ანონიმი მწერლის და სხვათა პასქალურმა ცხრილებმა.
ქრისტიანული სამყარო დაწყებული ადრეული პერიოდიდან განსხვავებულ თარიღებში ზეიმობდა ქრისტიანთათვის ყველაზე დიდ და აღმატებულ დღესასწაულს — აღდგომას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მაშინ როდესაც ქრისტიანთა ნაწილი მარხულობდა და ემზადებოდა აღდგომის ზეიმისათვის, ქრისტიანთა მეორე ნაწილისათვის მარხვა დამთავრებული იყო და აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდა. პრობლემა უფრო რთულდებოდა იმ ფაქტით, რომ ქრისტიანთა ნაწილი მისდევდა ებრაულ გამოთვლებს, რომლებმაც იერუსალიმის მეორე ტაძრის დანგრევისა და ბარ კოხბას აჯანყების ჩახშობის შედეგად ებრაელთა გაფანტვის შემდეგ მნიშვნელოვანი რეფორმები განიცადეს (პროცესი რომელიც II-IV საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა) და რომლის მიხედვით ებრაელთა ფესახის დღესასწაული ზოგ წელიწადს მოდიოდა გაზაფხულის ბუნიობამდე. ამის გამო ის ქრისტიანები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ერთ წელს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ, ხოლო მომდევნო წელს — გაზაფხულის ბუნიობამდე ზეიმობდნენ, დროის ათვლის ასეთ სისტემაში, სადაც გაზაფხულის ბუნიობა წელიწადის ერთგვარ გამყოფს წარმოადგენდა, აღდგომას აღნიშნავდნენ ორჯერ ერთი წლის განმავლობაში. ასეთი განსხვავებული ტრადიციები, ბუნებრივია, იწვევდა კამათს ქრისტიანთა შორის და ცხადია, ასეთი მდგომარეობა ეკლესიისათვის მიუღებელი იყო.
ახალ წელთაღრიცხვაში 19-წლიანი პასქალიის პირველშემქმნელებად შეიძლება დასახელდნენ სირიელი პროტოპასქისტები, რომლებიც მოღვაწეობდნენ 325 წლამდე. ძველი პასქალური ციკლების ისტორია წარმოადგენს ქრისტიანობის იუდაიზმიდან გამოყოფის ისტორიას. სირიული პასქალური ციკლით ზოგ შემთხვევაში აღდგომის დღეს ბუნიობამდეც უწევდა. ეს ის დრო იყო, როდესაც ალექსანდრიაში ერთმნიშვნელოვნად იყო ჩამოყალიბებული აზრი, რომ აღდგომა უნდა აღნიშნულიყო ბუნიობის შემდეგ. აღნიშნულმა მიდგომამ წარმოშვა ძველი სირიული პასქალური ცხრილების გადახედვის აუცილებლობა და ნისანის 14-ის ქვედა ზღვრად აღება.
ასეთი 19-წლიანი (ბერძ. ἐννεακαιδεκαετηρίς [ენნეაკაიდეკაეტერიდა]) პასქალური ცხრილებიდან ცნობილია მხოლოდ ორი: ანატოლისეული და ალექსანდრიისეული. ანატოლი ლაოდიკიელი იყო პირველი საეკლესიო მწერალი, რომელმაც III საუკუნიდან ქრისტიანულ პასქალიას საფუძვლად დაუდო 19-წლიანი მთვარე-მზისიერი კალენდარული ციკლი.
ალექსანდრიელები მალე მიხვდნენ, რომ 8 წლიანი ციკლი დიდი ცდომილების მატარებელი იყო და ამის გამო გადავიდვნენ 19-წლიან ციკლზე, რომაელები კი იცავდნენ თავიანთ პრაქტიკას. თავდაპირველად ალექსანდრიული პასქალია ეფუძნებოდა 95-წლიან ციკლს, რაც იყო 19-წლიანი ციკლის 5-ჯერადი განმეორება. ხოლო რაც შეეხება 532 წლიან ფორმას, ის პირველად ნახსენები იყო ბერი ანიანის მიერ V საუკუნეში.
I მსოფლიო კრება და პასქალური საკითხი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღსანიშნავია, რომ ანტიოქიის საპატრიარქოში ქრისტიანების ნაწილი მაინც მისდევდა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც აღდგომა იზეიმებოდა კვირადღეს, რომელიც მოსდევდა ებრაელების ნისანის მე-14 დღეს. ანუ ეს ის პრაქტიკაა, რომლის არ დაცვის გამოც ეპისკოპოსმა ვიქტორმა განკვეთა მცირეაზიელები. შეცვლილ პირობებში, როდესაც დანარჩენ ეკლესიაში უკვე არსებობდა ებრაული თარიღისაგან დამოუკიდებელი პასქალური ცხრილები, ანტიოქელები თავის დღესასწაულს აღნიშნავდნენ გაზაფხულის ბუნიობამდე, თანაც დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან შედარებით განსხვავება ამ თარიღებში შეიძლება ყოფილიყო 5 კვირამდე. ასეთი ადრეული თარიღის გამო მეცნიერებაში მათ დაიმკვიდრეს „პროტოპასქიტების“ სახელი. და სწორედ რომ ებრაელთა ტრადიციის ასეთი მიყოლის წინააღმდეგ იყო მიმართული I მსოფლიო კრება. ამ კრების მამებმა პასქალიის შესახებ არანაირი კანონი არ დაგვიტოვეს, მაგრამ როგორც იმპერატორ კონსტანტინეს იმ ეპისკოპოსებისადმი, რომლებიც კრებას ვერ ესწრებოდნენ, დაწერილ ეპისტოლედან ჩანს, მიღებული იყო გადაწყვეტილება რათა ყველას ერთ დღეს ეზეიმა აღდგომის დღესასწაული. ხოლო რაც შეეხება ანტიოქელებს, მათ უარი თქვეს დამოკიდებული ყოფილიყვნენ ებრაელთა ნისანის 14-ზე.
სწორედ რომ ამ კონტექსტში უნდა იქნას გაგებული მოციქულთა მე-7 კანონი, რომელიც კრძალავს აღდგომის აღნიშვნას „გაზაფხულის ბუნიობამდე ებრაელებთან ერთად“, და აგრეთვე ანტიოქიის კრების I დადგენილება. ეს კანონები მიმართულია ქრისტიანთა ებრაული პასექის თარიღზე დამოკიდებულების წინააღმდეგ და არა აღდგომის აღნიშვნისა იმ დღეს, როდესაც ებრაელებიც ზეიმობენ. მართლაც, თუ ზემოთხსენებული კანონები კრძალავდნენ აღდგომის აღნიშვნას იმავე დღეს როდესაც ებრაული პასექია, მაშინ შეუძლებელია იმ ფაქტის ახსნა, რომ III – IV საუკუნეებში, ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, ქრისტიანული აღდგომის დღესასწაული ხშირად ემთხვეოდა ებრაელთა პასექის დღესასწაულს, კერძოდ კი ეს მოხდა 289, 296, 316, 319, 323, 343, 347, 367, 370, 374 და 394 წლებში. V საუკუნეში ასეთი დამთხვევა იყო 9-ჯერ და ბოლოჯერ ეს მოხდა 783 წელს, რომლის მერეც ასეთი დამთხვევები შეუძლებელი გახდა იულიუსის კალენდრის უზუსტობის გამო. ისევე როგორ ალექსანდრიის ასევე რომაული პასქალიის თავში იყო დამოუკიდებლობა ებრაელთა ნისანის 14 თარიღისაგან, ამიტომაც ცხრილების შემქმნელები განზრახ არ აქცევდნენ ყურადღებას თარიღების შესაძლო დამთხვევის შემთხვევვებს. ჩვენამდე მოღწეულ პასქალური ცხრილების მრავალფეროვნებაში არ მოინახება არც ერთი, სადაც იმ შემთხვევაში თუ აღდგომა ემთხვეოდა ებრაულ პასექს, ქრისტიანებს გადაეტანათ აღდგომის ზეიმი შემდეგ კვირა დღეზე. ისინი უბრალოდ არც კი აქცევდნენ ყურადღებას ასეთ დამთხვევებს, ვინაიდან მიიჩნევდნენ ებრაელთა თარიღებს პრინციპიალურად მცდარს. ასეთი განმარტებაზე ნათლად მეტყველებს წმ. ეპიფანე კვიპრელი: „აღდგომა არ უნდა აღინიშნოს ბუნიობამდე, რასაც ებრაელები არ იცავენ… ჩვენ ვზეიმობთ აღდგომას ბუნიობის მერე, თუნდაც იმათაც ეზეიმოთ ამ დროს, ვინაიდან ისინიც ჩვენთან ერთად ხშირად აღნიშნავენ მას. და როდესაც ისინი ზეიმობენ პასექს ბუნიობამდე, მაშინ ისინი ზეიმობენ მარტონი“.
ნიკეის კრების დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შემონახულა. ის არც კონსტანტინეპოლის ეკლესიის V საუკუნის არქივებში იყო. მხოლოდ შემორჩა კონსტანტინეს მიმართვა იმ ეპისკოპოსებისადმი, ვინც კრებას ვერ დაესწრო. ამ წერილის მიხედვით კრებას „არ მიაჩნდა მართებულად ებრაული წესის მიხედვით აღენიშნათ აღდგომის დღესასწაული“, იმიტომ რომ მათი გამოთვლების მიხედვით „ისინი ერთ და იმავე წელს ორჯერ აღნიშნავენ პასექს“. ანუ, საუბარი იყო იმაზე, რომ არ გამოეყენებინათ ებრაული გამოთვლები, რომლის მიდევნების გამოც ზოგი ქრისტიანული ჯგუფი აღდგომას ერთ წელს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ და მომდევნო წელს კი გაზაფხულის ბუნიობამდე აღნიშნავდა. ხოლო თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ, როგორც ზემოთ იყო ხსენებული, გაზაფხულის ბუნიობა წელიწადის ერთგვარი გამყოფი იყო, მაშინ იქმნებოდა ანომალია: ისინი აღდგომას ერთ წელიწადში ორჯერ აღნიშვნავდნენ. სწორედ რომ ამ კონტექსტში უნდა იყოს გაგებული მოციქულთა მე-7 კანონი, რომელიც აღდგომის აღნიშვნას „გაზაფხულის ბუნიობამდე ებრაელებთან ერთად“ კრძალავს. იგივე ითქმის 341 წელს ანტიოქიის კრების I დადგენილებაზეც. ეს კანონები მიმართულია ქრისტიანთა ებრაული ფესახის თარიღზე დამოკიდებულების წინააღმდეგ და არა აღდგომის იმავე დღეს აღნიშვნის წინააღმდეგ, როდესაც ებრაელებიც ზეიმობენ ფესახს, როგორადაც ამ კანონს დღეს ხშირად არასწორად განმარტავენ. საკითხის ასეთი ინტერპრეტაცია ეყრდნობა მართლმადიდებლური აღმოსავლეთის ისეთ ცნობილ კანონისტების არასწორ მსჯელობას, როგორიცაა იოანე ზონარა, თეოდორე ბალსამონი, მათე ვლასტარი. სწორედ მათ ყველაზე მეტად შეუწყვეს ხელი ჩვენს მართლმადიდებლურ სივრცეში ასეთი მსჯელობების პოპულარიზაციას. ამის დასტურად კი საკმარისია გავიხსენოთ, რომ ქრისტიანული აღდგომის თარიღი დაწყებული III და დამთავრებული VIII საუკუნით არაერთხელ დაემთხვა ებრაულ ფესახს, თუმცა არავის არ მოსვლია აზრად ამ თარიღის გადაწევა. ნიკეის კრება ქრისტიანებს მოუწოდებდა განთავისუფლებულიყვნენ ებრაულ გამოთვლებზე დამოკიდებულებისაგან, ხოლო შემთხვევითი დამთხვევები ებრაულ ფესახთან ეკლესიისათვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა. იმპერატორის ხსენებულ წერილში აგრეთვე ნახსენებია, რომ ყველა ქრისტიანმა ერთად უნდა აღნიშნოს უფლის აღდგომის დღესასწაული. თუმცა ისტორიულად ამის მისაღწევად ეკლესიას საკმაოდ რთული და გრძელი გზის გავლა მოუწია. I მსოფლიო კრების შემდეგ ეკლესიაში თითქმის 500 წელი არსებობდა ორი პასქალია — რომის და ალექსანდრიის, და მოგვიანებით ყველაფერი ალექსანდრიის პასქალიის გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ იმპერატორის წერილში არაა ნახსენები კონკრეტულად თუ როგორ უნდა განისაზღვროს პასქალური თარიღები.
განსხვავება აღდგომის დღესასწაულებში პირველი მსოფლიო კრების მერე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ ნიკეის კრებამ მთლიანად გადაწყვიტა პასქალური საკითხი და ხმარებაში შემოიტანა ალექსანდრიული პასქალია და უფრო მეტიც, შექმნა ეს პასქალია. ალექსანდრიული პასქალია აღმოსავლეთ ეკლესიაში ხმარებაში იყო 325 წლამდეც და, შესაბამისად, ნიკეეის კრების მამები ვერ განიხილებიან როგორც 19 წლიანი ციკლის შემქმნელები. ამ კრების საქმიანობა მიმართული იყო ანტიოქიის პასქალური პრაქტიკის წინააღმდეგ, ამიტომ რომმა და ალექსანდრიამ დროებით დაივიწყეს ის განსხვავებები, რომლებიც მათ პასქალურ ცხრილებს შორის იყო. მართალია, ორივე პასქალიას საფუძვლად ედო პრინციპი, რომლის მიხედვით აღდგომა უნდა აღინიშნებოდეს გაზაფხულის ბუნიობის მერე პირველი სავსემთვარეობის შემდეგ პირველ კვირა დღეს, განსხვავება მდგომარეობდა გაზაფხულის ბუნიობის დღეში (18 და 21 მარტი რომში და ალექსანდრიაში, შესაბამისად), ციკლში, რომელზეც ეფუძნებოდა პასქალია (8- და 19-წლიანი ციკლი) და პასქალური ზღვრები, ანუ ის ფარგლები, რომელშიც აღდგომის თარიღები იყო მოთავსებული. შესაბამისად, აღდგომის აღნიშვნა დასავლეთში შესაძლებელი იყო 20 მარტიდან 21 აპრილამდე, ხოლო აღმოსავლეთში – 35 დღის განმავლობაში დაწყებული 22 მარტიდან დამთავრებული 25 აპრილით. ერთი შეხედვით ეს განსხვავება არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ პრაქტიკში ეს საკმაოდ საგრძნობი იყო. ასე მაგალითად, I მსოფლიო კრებიდან უკვე ერთი წლის შემდეგ ალექსანდრია და რომი აღდგომას აღნიშნავდნენ სხვადასხვა დღეებში, კერძოდ კი 3 და 10 აპრილს, შესაბამისად. არავის არ უნდოდა უარი ეთქვა თავის ცხრილებზე, ამიტომაც ერთიანობას ამ საკითხში აღწევდნენ ურთიერთ დათმობებით.
ამ მხრივ დიდი როლი ითამაშა წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა. რომაელებთან ერთად მან სარდიის კრებაზე 342 წელს გამოიმუშავა „კომპრომისული“ პასქალია 50 წლისათვის. მასში თითოეული წლის აღდგომის დღესასწაულის თარიღი ცალკე განიხილებოდა და წარმოადგენდა ორივე მხარეს შორის ურთიერთ შეთანხმების შედეგს. ასეთი გადაწყვეტილების პრინციპული მნიშვნელობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ეკლესია საყოველთაოდ აღიარებდა პასქალური ორი ციკლის პარალელურ არსებობის შესაძლებლობას საკამათო თარიღების შეთანხმების გზით, თუნდაც ეს ყოფილიყო დროის მოკლე შუალდისათვის. ამგვარად ეკლესიის ერთიანობა უფრო მთავარი იყო ვიდრე რომელიმე კათედრის პასქალურ წესზე მიმხრობა. პასქალია განიხილებოდა როგორც რომის ასევე ალექსანდრიის მწყემსმთავრის მიერ არა როგორც დოგმატური სინამდვილე, არამედ როგორც დღესასწაულის თარიღის დადგენის ტექნიკური საშუალება, რომელიც შეიძლება არც კი დაცულიყო თუკი ამას ეკლესიის საჭიროება მოითხოვდა. არც ერთი კათედრა არ იყო შეზღუდული რაიმე კანონიკური ნორმებით თავისი ეკლესიის პასქალური ცხრილების მიმართ და მზად იყო ემსხვერპლა თარიღით ეკლესიის უფრო მაღალი მიზნებისათვის. ამ 50 წლის განმავლობაში რომს და ალექსანდრიას 12-ჯერ უნდა ეზეიმათ აღდგომა განსხვავებულ დღეებში, მაგრამ მიღწეული კომპრომისის შედეგად ყველა ამ დღეებისათვის მონახული იქნა საერთო თარიღები. საინტერესოა, რომ ალექსანდრიამ თავის პასქალიაზე უარი თქვა და რომაული თარიღები მიიღო 346 და 349 წლებში.
თუმცა, სარდიის პასქალიის დასრულების შემდეგ ალექსანდრიელები აღარ აქცევდნენ ყურადღებას თუ როდის აღინიშნებოდა აღდგომა დასავლეთში და უბრალოდ მიყვებოდნენ თავიანთ ცხრილებს. ამას მოყვა ის, რომ რომმა თანდათანობით დაიწყო აღმოსავლური თარიღების უფრო ხშირი გადმოღება, რაც გარდაუვლად იწვევდა 84 წლიანი ციკლის დანგრევას. ნათელი იყო, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი უსასრულოდ გააგრძელებდნენ აღდგომის აღნიშვნას განსხვავებულ დღეებში თუ ერთი მხარე არ გადმოიღებდა მეორის პრაქტიკას. ამ ვითარებაში რომაელმა აბატმა დიონისე მცირემ გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომელმაც ისე შემოსთავაზა დასავლეთს ალექსანდრიული პასქალია, რომ ის მიღებულიყო. ამის, შედეგად საბოლოოდ დამკვიდრდა აღდგომის დღესასწაულის ერთიანი აღნიშვნის პრაქტიკა რომსა და ალექსანდრიაში. თუმცა, რომაული 84-წლიანი ციკლი იმპერიის სხვადასხვა ნაწილში არსებობას განაგრძნობდა და კარლ დიდის (742-814) მმართველობის დროსაც იყო ხმარებაში.
I-ლი მსოფლიო კრების მერე პარალელურად ორი პასქალიის არსებობა თითქმის 500 წლის განმავლობაში მოწმობს იმაზე, რომ ამ კრებამ არ შემოიღო ალექსანდრიული პასქალია, როგორც საყოველთაოდ აუცილებელი. აღსანიშნავია, რომ თვით ალექსანდრიელები რომაელებთან კამათის დროს ეფუძნებოდნენ რა კრების ავტორიტეტს არასდროს არ ამტკიცებდნენ თავისი პასქალური ცხრილების ჭეშმარიტებას. პარალელურად ორი ციკლის არსებობა ხსენებული პერიოდის განმავლობაში წინააღმდეგობაში მოვიდოდა ნიკეის კრების დადგენილებასთან, ასეთი რომ არსებულიყო. ის ფაქტი, რომ საბოლლოდ რომის პერაქტიკა შეცვლილი იყო ალექსანდრიის პრაქტიკით, აიხსნება არა I-ლი მსოფლიო კრების დადგენილებით, არამედ რომაული პასქალიის უზუსტობით. კრების მერე რამდენიმე საუკუნემ განვლო, სანამ ალექსანდრიელებმა მრავალი მტკიცებულებით და ეკლესიურ-პოლიტიკური საშუალებით შესძლეს დასავლეთის დარწმუნება ალექსანდრიული პასქალური სისტემის მიღების აუცილებლობაში.
ამგვარად, აღდგომის თარიღთან დაკავშირებით ქრისტიანების ებრაელთაგან გამოყოფის პროცესი მიმდინარეობდა ნელ-ნელა და რამდენიმე საფეხურით. მეათთოთხმეტელთა აღდგომა, აღდგომა იუდეველებთან ერთად, ქრისტიანული დამოუკიდებელი პასქალია არის სამი მნიშვნელოვანი საფეხური ამ პროცესისა. არც ერთი წინა პრაქტიკა არ უთმობდა ადგილს მომდევნო პრაქტიკას მშვიდობიანად, პასქალური განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის პროცესს თან სდევდა კამათი, დაპირისპირება და განხეთქილებაც კი. ამ პროცესში განსაკუთრებით საინტერესო ფაქტი არის ის, რომ „უძველესის“ კრიტერიუმი არასდროს არ იყო გადამწყვეტი – ხშირად უფრო ძველი პრაქტიკა ინათლებოდა როგორც სქიზმატური და ერეტიკული, უთმობდა რა ადგილს ახალს. დამახასიათებელია აგრეთვე ისიც, რომ ამ კამათების დროს წარმოჩენილი არგუმენტები არ იყო ღვთისმეტყველური, არამედ ეკლესიოლოგიური: იმარჯვებდა ის ტრადიცია, რომელსაც უმრავლესობა ღებულობდა, უმეტესად იმიტომ, რომ ის წარმოიშვებოდა ლიტურგიკის მსხვილ ცენტრებში, როგორიც იყო რომი და ალექსანდრია.
პასქალური ცხრილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიიდან ცნობილია, რომ პასქალური ცხრილების შედგენა ხანგრძლივი პროცესი იყო, რაც სავარაუდოდ IV-VI საუკუნეებში დასრულდა. ცხრილების შედგენა ეყრდნობოდა 19 წლიან ციკლს მთვარის ფაზების დასადგენად და ეს მეთოდი დღემდე გამოიყენება. ამ მეთოდით ითვლება პასქალური სავსემთვარის თარიღი, ანუ გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველი სავსემთვარე. რის შემდეგაც, ითვლება პირველი კვირა დღე.
შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ აღდგომის თარიღის გამოთვლის კანონიკური მოთხოვნები. აღდგომა უნდა აღინიშნებოდეს: პირველ კვირადღეს, პირველი სავსემთვარეობის შემდეგ, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას მოსდევს ანდა მას ემთხვევა. ხოლო გაზაფხულის ბუნიობის დღედ მიჩნეულია 21 მარტი, თარიღი, როდესაც I მსოფლიო კრების დროს გაზაფხულის ბუნიობა დაიმზირებოდა.
აქედან გამომდინარე ადვილი გამოსათვლელია აღდგომის თარიღის ზღვრები – ყველაზე ადრეული და გვიანდელი აღდგომის თარიღები: თუ სავსემთვარეობა დადგება 21 მარტს და ეს დღე შაბათია, მაშინ აღდგომა იქნება 22 მარტს, კვირას. ესაა აღდგომის ყველაზე ადრეული თარიღი. როდესაც სავსე მთვარეს 19 მარტს ექნება ადგილი (მთვარის ფაზათა ცხრილის მიხედვით 20 მარტს ეს შეუძლებელია), მაშინ პასქალური სავსე მთვარე იქნება მომდევნო სავსემთვარეობა, რაც 18 აპრილია. თუ 18 აპრილი კვირადღეზე მოვიდა, მაშინ აღდგომის დღესასწაული გადატანილი იქნება მომდევნო კვირადღეზე, ანუ 25 აპრილზე. ეს კი აღდგომის ყველაზე გვიანდელი თარიღია. შესაბამისად აღდგომის თარიღის ფარგლებია 22 მარტი — 25 აპრილი, ამ ორივე თარიღის ჩათვლით.
პასქალური ცხრილები შედგა დაახლოებით IV-VI საუკუნეებში. მაგრამ იულიუსის კალენდარში და მეტონის ციკლში არსებული ცდომილებების გამო, ცხრილებით დადგენილმა თარიღებმა შესაბამის ასტრონომიულ მოვლენებთან მიმართებით დროთა განმავლობაში დაიწყეს წანაცვლება. მეთოდიკა, რომელიც კარგად მუშაობდა IV-VI საუკუნეებში, შუა საუკუნეებში უკვე არაზუსტ შედეგებს იძლეოდა: XVI საუკუნეში იულიუსის კალენდრით განსაზღვრულ გაზაფხულის ბუნიობას ადგილი ჰქონდა არა 21 მარტს, არამედ 10-11 მარტს, ხოლო მეტონის 19 წლიანი ციკლით დათვლილი პასქალური სავსემთვარე რეალურ ასტრონომიულ სავსემთვარეს 3-4 დღით ჩამორჩებოდა.
ბუნებრივია, აღდგომის გამოთვლის კანონიკური დაგდენილება რომ შესრულებულიყო, საჭირო იყო ამ ხარვეზების აღმოფხვრა, საჭირო იყო პასქალური და კალენდრული რეფორმა. სწორედ ასეთი რეფორმის ინიციატორი იყო კათოლიკური ეკლესია.
პასქალიის გრიგორისეული რეფორმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1582 წელს რომის პაპის გრიგოლ XIII-ის მიერ ინიცირებული იყო პასქალური რეფორმა (პაპის ბული „Inter Gravissimas“). რეფორმა ეფუძნებოდა იტალიელი ექიმისა და მათემატიკოსის — ლუიჯი ლილიოს პროექტზე (კალენდრის ანალოგიური სტრუქტურა შემოთავაზებული იყო ვერონელი ასტრონომის პეტრუს პიტატის მიერ 1560 წელს). პაპის კომისიის მიზანი იყო აღედგინა ალექსანდრიის პასქალიის საფუძველში არსებული ასტრონომიული რეალობა — 21 მარტი როგორც გაზაფხულის ბუნიობის დღე და რეალური, „ასტრონომიული“ პასქალური სავსემთვარე. გარდა ამისა, უნდა უზრუნველეყოთ, რომ არ იქნებოდა თარიღების წანაცვლება დროში, ისე როგორც იულიუსის კალენდრის ცდომილება იწვევდა ამას; ასე მაგალითად, ამ დროისათვის იულიუსის კალენდრით დადგენილი გაზაფხულის ბუნიობა — 21 მარტი — ასტრონომიულ ბუნიობასთან შედარებით რამდენიმე დღით აგვიანებდა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რეფორმის შედეგად რამე ახალი კალენდარი ანდა ციკლი კი არ შემოიღეს, არამედ შეასწორეს არსებული იულიუსის კალენდარი და 19 წლიანი მეტონის ციკლი. ეს ყველაფერი მოხერხდა დამატებითი ნაკიანი წლების შემოღებით როგორც იულიუსის კალენდარში, ასევე მეტონის ციკლში. კერძოდ, იულიუსის კალენდრით გათვალისწინებული ნაკიანი წლები კვლავ რჩებოდა ნაკიან წლებად გარდა იმ წლებისა, რომლებიც არაა 400-ის ჯერადი. მაგალითად 2000 წელი ნაკიანია იულიუსის და გრიგორიუსი კალენდრით, მაშინ როდესაც 2100 წელი ნაკიანი იულიუსის, მაგრამ არა გრიგორიუსის კალენდრით (შესაბამისად, ამ ორ კალენდარს შორის განსხვავება მოიმატებს 1 დღით და გახდება 14 დღე. ეს კი უპირველეს ყოვლისა გამოვლინდება იმაში, რომ ძველი კალენდრით შობის დღესასწაული წაინაცვლებს ახალი სტილით 7 იანვრიდან 8 იანვარზე, რადგან ძველი სტილით 25 დეკემბერი ახალი სტილით 8 იანვარი იქნება). ნაკიანი წლების ასეთი სისტემის შემოღებით მიღწეული იყო უფრო ზუსტი მიახლოება რეალურ ტროპიკულ წელთან შედარებით, ვიდრე იულიუსის კალენდარი იძლეოდა: გრიგორიუსის რეფორმის შედეგად კალენდრის ცდომილებას წარმოადგენდა 1 დღე 3333 წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც იულიუსის კალენდრის ცდომილება იყო 1 დღე 128 წელში.
ანალოგიურად შესწორდა სავსემთვარის წანაცვლებაც ასტრონომიულ სავსემთვარესთან მიმართებაში. ავტორებისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ მეტონის ციკლით გამოთვლილი მთვარის ფაზები ასტრონომიულთან შედარებით ყოველ 305 წელიწადში 1 დღის დაგვიანებით წაინაცვლებდა. ამიტომ შემოღებული იყო “მთვარის ნაკიანი” წლები, რომლის მიხედვით 2500 წლის განმავლობაში მთვარის კალენდრის კორექცია 8-ჯერ უნდა ჩატარდეს: 7-ჯერ ყოველ 300 წელს და მე-8-ჯერ დარჩენილ 400 წელს, თანაც კორექციას ადგილი აქვს საუკუნოვან წლებში (1800, 2100, 2400, …). ასეთი სქემით ერთი დღის შესწორება ხდება საშუალოდ ყოველ 312.5 წელიწადში, რაც კარგად აბათილებს მეტონის ციკლის ცდომილებას. არ შეცვლილა აღდგომის თარიღის ზღვრებიც: 22 მარტი — 25 აპრილი, ოღონდ ის აითვლებოდა უკვე გრიგორიუსის და არა იულიუსის კალენდრით.
დასაწყისში გრიგორიანულმა კალენდარმა და პასქალიამ პროტესტანტულ სამყაროში გამოიწვია მკვეთრი უსიამოვნება, თუმცა მოგვიანებით ნელ-ნელა გავრცელდა დასავლეთში. მართლმადიდებლებმაც მკვეთრად დაგმეს ეს სიახლე, და 1583 წლის კრებაზე ანათემას გადასცეს ყველა ვინც მისდევდა გრიგორიანულ კალენდარს და პასქალიას. თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ რეფორმამდელ და რეფორმის მერე გამოხმაურებებს, მაშინ დავინახავთ რომ მოთხოვნები ცვლილების შესატანად უფრო რადიკალური იყო და პასქალისათან დაკავშირებით ისინი შეიძლება დაიყვანოს ორ პუნქტამდე: 1. აღდგომა იზეიმებოდეს მარტის ბოლო კვირას ანდა აპრილის პირველ კვირადღეს, 2. აღდგომა აღინიშნებოდეს პირველ კვირადღეს 21 მარტის შემდგომ პირველი სავსემთვარეობის მერე, თანაც ყველა შემადგენელი პარამეტრი ასტრონომიულად უნდა განისაზღვროს.
მართლმადიდებელი სამყარო და კალენდრული – პასქალური რეფორმის მცდელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კალენდარში არსებული ცდომილებები მარტო კათოლიკურ სამყაროში როდი იყო შემჩნეული. XIV საუკუნეში ბიზანტიელმა ავტორებმა გრიგორ ნიკიფორმა და ისააკ არგირმა თავის ნაშრომებში მიუთითეს ამ ცდომილებაზე და ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკუს II-ს შესთავაზეს ჩაეტარებინათ იულიუსის კალნედრის რეფორმა. კალენდრის გაუმჯობესების მცდელობასაც კი არ ჰქონდა ადგილი, ვინაიდან მიჩნეული იყო, რომ 1492 წელს სამყაროს დაარსებიდან 7000 წელი სრულდებოდა და ისინი მაცხოვრის მეორედ მოსვლის მოლოდინში იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ 1583 წელს კონსტანტინეპოლის კრებამ აღიარა იულიუსის კალენდრის ცდომილება, თუმცა უარი თქვა მიეღო გრიგორიუსის რეფორმა.
მართლმადიდებელ რუსეთშიც დროდადრო დგებოდა კალენდრული რეფორმის საკითხი. 1830 წელს ამ წინადადებით გამოვიდა რუსეთის მეცნიერების აკადემია, თუმცა ერთ-ერთმა თავადმა (კ.ა. ლივენი) იმპერატორ ნიკოლოზ I სურათი ისე წარუდგინა, რომ ეს საკითხი არ იყო დროული და ამას ხალხთა მღელვარების გამოწვევა შეეძლო. ამის გამო საკითხი აღარ განხილულა. 1846 წელს კალენდრულ თემას დაეთმო ი. გ. მედლერის სტატია – “კალენდრის რეფორმის შესახებ”, სადაც ის გამოდიოდა წინადადებით, რომ ყოველ 128 წელს კალენდრიდან 1 დღე გამოეკლოთ და ამით მოეხდინათ იულიუსის კალენდრის შესწორება. მაგრამ არც ამ წამოწყებას არ ჰქონია წინსვლა.
1923 წლის შესწორებული იულიუსის რეფორმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1923 წელს კონსტანტინეპოლში მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირზე გადაწყვეტილი იყო აღდგომა აღენიშნათ ფორმულით ”პირველი კვირადღე ბუნიობის შემდგომ პირველი სავსემთვარეობის შემდეგ”, ოღონდ ამ ფორმულის ყველა კომპონენტი უნდა განსაზღვრულიყო არა ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, არამედ ასტრონომიულად იერუსალიმის განედზე. ეს საკითხი არასდროს არ იყო განხორციელებული მართლმადიდებელ ეკლესიებში. გარდა ამ საკითხისა, კრებაზე განხილული და შემოღებული იყო შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომლის ავტორი იყო სერბი მათემატიკოსი მილუტინ მილანკოვიჩი. შესწორებული იულიუსის კალენდარი უფრო ზუსტია ვიდრე გრიგორიანული კალენდარი. ის წარმოადგენს ჩვეულებრივ იულიუსის კალენდარს, რომელშიც დამატებულია გრიგორიანულისაგან განსხვავებული ნაკიანი წლების სქემა. შედეგად, კალენდრის სიზუსტე ტროპიკულ წელთან მიმართებაში უფრო გაუმჯობესებულია: მისი ცდომილებაა 1 დღე დაახლოებით 40000 წლის განმავლობაში.
კრების შედეგად მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი თანდათანობით გადავიდა შესწორებული იულიუსის კალენდრის გამოყენებაზე საეკლესიო უძრავი დღესასწაულების აღსანიშნავად. უნდა ითქვას, რომ საქართველოში 1920-იან წლებში შესწორებული იულიუსის კალენდარი ორჯერ იყო შემოღებული, თუმცა მოგვიანებით ეკლესია ორივეჯერ დაბრუნდა იულიუსის სტილზე. ანალოგიური სიტუაცია იყო რუსეთშიც — იქაც მოკლე ვადით იყო შემოღებული შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელიც მალევე ჩანაცვლდა ისევ ძველი — იულიუსის კალენდრით. მიზეზი კი ორივეგან ანალოგიური იყო — მრევლის და სამღვდელოების ნაწილი არ იყო მზად ამ რეფორმისათვის.
1948 წელს მოსკოვში გაიმართა მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირი, რომლის დროსაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს და მიიღეს კალენდრულ და პასქალურ საკითხზე დადგენილება — ყველა მართლმადიდებელი აღდგომის დღესასწაულს უნდა აღნიშნავდეს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა იულიუსის კალენდარს, ხოლო უძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის თითოეულ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია ისარგებლოს ამ ეკლესიაში არსებული კალენდრით. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოსკოვის საპატრიარქომ, რომელმაც ადრე იკონომიის სახით მის იურისდიქციაში მყოფ მართლმადიდებელ ფრანგებს და ჰოლანდიელებს ნება დართო აღდგომა ახალი სტილით აღენიშნათ, მოგვიანებით ეს იკონომია უფრო გააფართოვა. აი, რას ვკითხულობთ 1967 წლის წმინდა სინოდის დადგენილებაში: „ადრეული ეკლესიის გამოცდილებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც აღმოსავლეთი და დასავლეთი (რომი და აზიის ეპისკოპოსები) აღდგომას აღნიშნავდნენ სხვადასხვა დროს, თუმცა ლოცვითი და კანონიკური ერთობა მათ შორის მთლიანად ნარჩუნდებოდა, და ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჰოლანდიაში ჩვენი სამრევლოს და განსაკუთრებით კი უფლის აღდგომის სახელობის სამრევლოს სხვა სარწმუნოების გარემოცვაში მდგომარების გათვალისწინებით, ნება დაერთოს შვეიცარიაში მცხოვრებ და მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალ მართლმადიდებელ მორწმუნეებს აღნიშნონ უძრავი და პასქალურ წრეზე დამოკიდებული დღესასწაულები ახალი სტილით“. ეს პრაქტიკა დღესაც გრძელდება.
ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს 1997 წლის შემოთავაზება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წელს მართლმადიდებელმა, კათოლიკე და პროტესტანტმა დელეგატებმა, რომლებიც სირიის ქალაქ ალეპოში შეხვდნენ ერთმანეთს თათბირზე, მიიღეს სარეკომენდაციო დადგენილება, რომ ყველა წევრ ეკლესიას გამოემუშავებინა საერთო მეთოდი აღდგომის თარიღის დასადგენად და რომელიც უნდა დაყრდნობოდა ნიკეის სამ ძირეულ პრინციპს და ასტრონომიულ დაკვირვებას იერუსალიმის განედზე და არა რაიმე გამოთვლებს. ფაქტობრივად ეს 1923 წელს გამართული კრების დადგენილების ანალოგიაა. არც ეს დადგენილება ჯერ არ იქნა განხორციელებული პრაქტიკაში.
ისტორია და თანამედროვეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დღეისთვის მართლმადიდებელ სამყაროში ასეთი მდგომარეობაა: მართლმადიდებელი ეკლესიები (კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი ფინეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის და ევროპაში მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი სულ მცირე ერთი სამრევლოს გამოკლებით) აღდგომას ზეიმობს ალექსანდრიული პასქალიის მიხედვით იულიუსის კალენდარზე დაყრდნობით, ხოლო უძრავ დღესასწაულებს – მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილი (კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) შესწორებული იულიუსის კალენდრით, მაშინ როდესაც მეორე ნაწილი (საქართველოს, რუსეთის, სერბეთის, იერუსალემის, პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) იულიუსის კალენდრით. ათონის მთის მონასტრები მისდევენ იულიუსის კალენდარს, თუმცა ემორჩილებიან კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს, რომელიც იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს.
„სრულყოფილი“ კალენდარი და პასქალია არ არსებობს. ყველა პასქალური ცხრილი წარმოადგენს მცდელობას შექმნას განსაკუთრებული მათემატიკური სქემა, რომელიც საკმაოდ ზუსტად აღწერდა მთვარის მოძრაობას მისი ცაზე რეალური მდებარეობის მიმართ, რომელიც შეძლებისდაგვარად იქნებოდა მარტივი და, რაც მთავარია, იქნებოდა ციკლური, ე.ი. ერთხელ და სამუდამოდ გამოთვლილი დროის განსაზღვრული მონაკვეთისათვის თავს აგვაცილებდა ახალი გამოთვლების ჩატარებას. ასეთი ცხრილების მიხედვით აღდგომა იზეიმება დამოუკიდებლად იმისა შეესაბამება თუ არა ეს თარიღი მნათობების რეალურ განლაგებას ცაზე.
ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანი პასქალისტები დროის გამოთვლის სფეროში არ ქმნიდნენ რაიმე პრინციპულ სიახლეს. ისევე როგორც ქრისტიანულმა ეკლესიამ გადაიღო იმ დროს მოქმედი წარმართული იულიუსის მზის კალენდარი და დროის ათვლის ებრაული სისტემა, რომელიც მთვარის ფაზებზე იყო დაფუძნებული, ასევე წმინდა მამებმა ანტიკური ხანიდან გადმოიღეს ასტრონომიული ციკლები, რომლებიც აღმოჩენილი და აღწერილი იყო რამდენიმე ასწლეულით ადრე სანამ პირველქრისტიანული პასქალური ცხრილები შეიქმნებოდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კალენდარული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა
- Лебедев Д. А., свящ. Из истории древних пасхальных циклов.
- აღდგომის, იგივე პასქალიის თარიღის გამოთვლა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტრადიციის თანახმად
- ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება – პასქალიის საკითხი
- დიაკვანი ირაკლი წაქაძე, „პასქალური საკითხი ისტორიულ-კანონიკურ და მათემატიკურ-ასტრომიულ ჭრილში“.