ტროპიკული წელიწადი
ტროპიკული წელიწადი — მზის გარშემო დედამიწის ერთი სრული მოქცევა. უფრო ზუსტად, ეს არის დროის შუალედი ორი მომდევნო გაზაფხულის დღეღამტოლობის მომენტებს შორის. იგი 365 დღეს, 5 საათს, 48 წუთსა და 46.1 წამს (365.24217 დღე) მოიცავს.
ტროპიკული წელიწადი შედგენილია დღეების არა მთელი არამედ წილადი რიცხვისაგან. ამიტომ, თუ წელიწადი დაიწყება შუაღამისას, მეორე მომდევნო წელიწადი უნდა იწყებოდეს დილის 5 საათსა, 48 წუთსა და 46.1 წამზე, ხოლო კიდევ შემდეგი — დღის 11 საათსა, 37 წუთსა და 32.2 წამზე. ეს კი მეტად მოუხერხებელია სამოქალაქო ცხოვრებისათვის.
ამის გამო თვლიან, რომ წელიწადი დღე-ღამეთა მთელ რიცხვს შეიცავს. ეს სამოქალაქო წელიწადია. მაგრამ იგი განსხვავებულია წელიწადის ნამდვილი ხანგრძლივობისაგან.
გამოთვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რადგანაც დედამიწის ნამდვილი სრბოლა მზის გარშემო თავის ანარეკლს პოულობს ცაზე მზის ხილულ მოძრაობაში, შეგვიძლია დედამიწის წლიური გარემოქცევის შენიშვნა და ფიქსაცია მზეზე დაკვირვებით. არსებითად, ერთადერთი გზა დედამიწის მდებარეობის განსაზღვრისათვის მის ორბიტაზე ისაა, რომ ცას დავაკვირდეთ და მზის მდებარეობა განვსაზღვროთ ვარსკვლავების მიმართ.
როგორც ცნობილია, წელიწადში ერთხელ, სახელდობრ, გაზაფხულის დღეღამტოლობის მომენტში (21 მარტს) მზე ვერძის წერტილში ანუ სამყაროს ეკვატორისა და ეკლიპტიკის გადაკვეთის ერთ-ერთ წერტილში იმყოფება. ასტრონომიაში მოიპოვება პრაქტიკული მეთოდები, რომელთა მიხედვით ხერხდება მზის ბადროს ცენტრის ვერძის წერტილში (♈︎) გავლის მომენტის ზუსტი დადგენა.
ასტრონომიაში წელიწადის დასაწყისადაც სწორედ ამ მომენტს თვლიან, ხოლო დროის შუალედს გაზაფხულის დღეღამტოლობის წერტილზე მზის ბადროს ცენტრის ორ თანმიმდევრულ გავლათა მომენტებს შორის წელიწადად მიიჩნევენ და ასე განსაზღვრულ წელიწადს ტროპიკულ წელიწადს უწოდებენ.
ტროპიკული წლის ზუსტი მნიშვნელობა შეადგენს 365 დღე-ღამეს, 5 საათს, 48 წუთსა და 46 წამს. სხვა სიტყვებით, ტროპიკული წელიწადი დღე-ღამეების არა მთელი, არამედ წილადი რიცხვით გამოიხატება: 365.2422.
როდასაც ვსაუბრობთ, რომ ტროპიკული წელიწადი შეიცავს 365.2422 დღე-ღამეს, იგულისხმება მზისმიერი დღე-ღამე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხილულ დღე-ღამურ შემობრუნებათა ასეთ რიცხვს შეასრულებს მზე დედამიწის ირგვლივ ამ ხნის განმავლობაში, ე. ი. მზე 365-ჯერ გაივლის ზედა კულმინაციას და კიდევ გაგრძელდება ცაზე, დაახლოებით, 360°-ს ერთი მეოთხედით. მაგრამ ვარსკვლავები და აგრეთვე გაზაფხულის დღეღამტოლობის ♈︎ წერტილი ასრულებს ზუსტად ერთი შემობრუნებით მეტს; მზე მოძრაობს ცის სფეროს დღეღამური ბრუნვის შემხვედრი მიმართულებით, ყოველდღიურად მისი კულმინაცია დაახლოებით 4 წუთით ჩამორჩება ♈︎ წერტილის კულმინაციას. სხვა სიტყვებით, როცა ვარსკვლავი 360°-ს შემოწერს დედამიწის ირგვლივ, მზე მხოლოდ 359°-ს შემოწერს, ან კიდევ, მზე თუ 360°-ს შეასრულებს, ვარსკვლავი 361°-ს შემოწერს. ერთი წლის მანძილზე ასე თითო გრადუსით ჩამორჩენაში, რაც დროში ყოველწლიურად 4 წუთით გამოიხატება, მზე „კარგავს“ ერთ დღეღამურ შემობრუნებას ()დაახლოებით 4 წთ გამრავლებული 365-ზე, იქნება 24 საათი, რაც 360°-ს შეესაბამება).
ამიტომ შესაძლებელია ვთქვათ:
- 1 ტროპიკული წელიწადი შეიცავს 365.2422 საშუალო მზისმიერ დღე-ღამეს;
- 1 ტროპიკული წელიწადი შეიცავს 366.2422 ვარსკვლავთმიერ დღე-ღამეს.
ასტრონომიული ნიშნის მიხედვით წელიწადი იწყება 21 მარტს — გაზაფხულის დღეღამტოლობის მომენტით; ჩვენი ყოველდღიურად სახმარი კალენდრით კი — 1 იანვრის 0 საათზე. ეს უკანასკნელი მომენტი, როგორც წელიწადის დასაწყისი, ისტორიულად შემორჩენილია და იგი თითქმის 10 დღეღამით ჩამორჩება ზამთრის მზებუდობის მომენტს, რომელიც აგრეთვე შეიძლებოდა ჩაგვეთვალა წელიწადის დასაწყისად, რამდენადაც მასაც გარკვეული ასტრონომიული ნიშანი, ასტრონომიული მოვლენა გასაზღვრავს. მაშინ წელიწადი იქნებოდა პერიოდი ზამთრის მზებუდობის მომენტიდან მომდევნო ზამთრის მზებუდობამდე.
ახლა კი სამოქალაქო წელიწადი მაშინ იწყება, როცა მზის პირდაპირი აღვლენა დაახლოებით 18 სთ 45 წთ-ია. თუ ჩავიხედავთ 1982 წლის ქართულ ასტრონომიულ კალენდარში წელიწდეულში. 33-ე გვერდზე, მზის ცხრილში ვიპოვით 1 იანვრისთვის მზის პირდაპირ აღვლენის მნიშვნელობას: 18 სთ 44 წთ 34 წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ე. ხარაძე, „ასტრონომიის საფუძვლები“, ტ. I, თბ., 1991