ოტო ნოირათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოტო ნოირათი

ოტო ნოირათი (გერმ. Otto Neurath; დ. 10 დეკემბერი 1882, ვენა, — გ. 22 დეკემბერი, 1945, ოქსფორდი) — ავსტრიელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი და ეკონომისტი, ვენის წრის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოტო ნოირათის მამა ვილჰელმ ნოირათი თავის დროზე ცნობილი პოლიტეკონომისტი იყო. ოტო ნოირატი სწავლობდა მათემატიკას ვენაში და ბერლინის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და სტატისტიკის ფაკულტეტზე მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1907 წელს იქორწინა ანა შეპირზე, რომელიც გარდაიცვალა მშობიარობის დროს 1911 წელს, რის შემდეგაც იგი მეორეჯერ დაოჯახდა. მისი მეუღლე გახდა მათემატიკოსი და ფილოსოფოსი ოლგა ჰან-ნოირათი, რომელიც მანამდე მისი ახლო მეგობარი იყო. შესაძლოა, რომ ოლგას უსინათლობის, ნაწილობრივ კი ომის დაწყების გამო, ოტოს შვილი, მომავალი სოციოლოგი პოლ ნოირატი, მიაბარეს ბავშვთა სახლში, ვენის გარეუბანში, სადაც ნოირათის დედა ცხოვრობდა.

ომის დაწყებამდე ნოირათი ასწავლიდა პოლიტიკურ ეკონომიას ვენის ახალ სავაჭრო კოლეჯში (Neue Wiener Handelsakademie). შემდგომში იგი გახდა ლაიპციგის სამხედრო დროის ეკონომიკის გერმანული მუზეუმის (Deutsches Kriegwirtschaftsmuseum) დირექტორი (შემდგომში - ეკონომიკის გერმანული მუზეუმი - Deutsches Wirtschaftmuseum). ნოირათი გახდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და 1918-1919 წლებში მიუნხენში ხელმძღვანელობდა ეკონომიკური დაგეგმვის ცენტრალურ სამსახურს. ბავარიის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ ნოირათი ციხეში მოხვდა, მაგრამ ავსტრიის ხელისუფლების ჩარევის შემდეგ განთავისუფლებულ იქნა და ავსტრიაში დაბრუნდა. ციხეში ყოფნის დროს მან შექმნა ნაშრომი „ანტი-შპენგლერი“, რომელიც ოსვალდ შპენგლერის წიგნის „ევროპის დაისის“ კრიტიკას ეძღვნებოდა.

ვენაში ნოირათი საბინაო მშენებლობისა და მცირე მებაღეობის (Verband für Siedlungs-und Kleingartenwesen) ავსტრიული ასოციაციის მდივანის თანამდებობას იკავებს — ამ ურთიერთდახმარების ჯგუფთა გაერთიანების მიზანი იყო მათი წევრების უზრუნველყოფა საცხოვრებლითა და საბაღო ნაკვეთებით. 1923 წელს ნოირატი ხდება საცხოვრებელი ბინის ახალი მუზეუმისა და საქალაქო დაგეგმვის დირექტორი (Siedlungsmuseum). 1925 წელს ნოირატი აფუძნებს Gesellschafts-und Wirtschaftsmuseum ანუ „სოციალურ-ეკონომიკურ მუზეუმს“, სადაც იგი ამუშავებს გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური განათლების საკითხებს. მასთან თანანშრომლობენ ილუსტრატორი ჰერდ არნტცი და მარი რაიდემაისტერი, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე (მარი ნოირათი) ხდება. მათთან ერთად იგი ქმნის პიქტოგრამების სისტემას Isotype, რომელიც წარმოადგენდა რაოდენობრივი ინფორმაციის სიმბოლური წარმოდგენის ხერხს ადვილად ინტერპრეტირებადი გამოსახულებების მეშვეობით.

ამავდროულად 1920-იან წლებში ნოირატი ლოგიკური პოზიტივიზმის გულმხურვალე მხარდამჭერი ხდება. იგი იყო ვენის წრის მანიფესტის მთავარი ავტორი. ის იყო სულისჩამდგმელი მოძრაობისა მეცნიერების ერთიანობისათვის და აგრეთვე „უნიფიცირებული მეცნიერების საერთაშორისო ენციკლოპედიისა“. პარალელურად 1930-იან წლებში მან დაიწყო Isotype-ს, როგორც გამოსახულებათა საერთაშორისო ენის გამოყენების პროპაგანდა, უთავსებდა რა მას მოძრაობას უფროსებისთვის ახალი და ხელოვნური ენების სწავლებისათვის, თუმც კი ხაზს უსვამდა საჯარო განხილვებსა და მიმოწერაში, რომ Isotype-s დანიშნულება არ გულისხმობს ავტონომიურ ენად ყოფნას და რომ მას გამოყენების შეზღუდული სფერო აქვს.

ანშლუსის შემდეგ ავსტრიაში მარქსისტებისთვის ადგილი აღარ იყო. ნოირატი ებრაული ფესვების მქონე სოციალისტი იყო და აგრეთვე წითელი ვენის შემქნელთა აქტიური მონაწილე. იგი არალეგალურად გადავიდა ჰოლანდიაში, სადაც ჰააგაში Mundaneum მუზეუმთან დააარსა მეცნიერების ერთიანობის ინსტიტუტი. ნაცისტების მიერ როტერდამის დაბომბვის შემდეგ გარდაიცვალა ოლგა. ნოირატმა მარი რაიდემაისტერთან ერთად ღია ნავში სხვა დევნილებთან ერთად ლა-მანში გადაჭრა და ინგლისს შეაფარა თავი. კუნძულ მენზე ინტერნირების პერიოდის შემდეგ (ნოირატი იმყოფებოდა ბანაკ Onchan-ში) იგი და მარი დაქორწინდნენ. ინგლისში მან მარისთან ერთად ოქსფორდში დააფუძნა Isotype-ინსტიტუტი და გახდა ვულვერჰემპტონის მახლობლად მდებარე ბილსტონის, უღატაკესი დასახლების, დაგეგმილი გარდაქმნის Isotype-დიაგრამების კონსულტანტ-დამმუშავებელი. ნოირატი მოულოდნელად გარდაიცვალა 1945 წლის დეკემბერში. მისი გარდაცვალების შემდეგ მარი ნოირატი აგრძელებს Isotype-ინსტიტუტის მოღვაწეობას, გამოსცემს რა ნოირატის წერილებს და ასრულებს მის მიერ დაწყებული პროექტები.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოირატის შრომების დიდი ნაწილი, ისევე როგორც შრომებისა მის შესახებ, დღემდე მხოლოდ გერმანულ ენაზეა ხელმისაწვდომი. თუმცა კი ნოირათი წერდა აგრეთვე ინგლისურად, სარგებლობდა რა ოგდენის ბეისიკ-ინგლიშით (საბაზო ინგლისური). მისი სტატიები და ჩანაწერები დაცულია დიდ ბრიტანეთში, რედინგის უნივერსიტეტში.

ეკონომიკა ფულის გარეშე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგანაც პირველი მსოფლიო ომის წინ ნოირატი დაკავებული იყო უფულო „ნატურალური ეკონომიკის“ კონცეპციის (ანუ ბარტერული სისტემის) დამუშავებით, ავსტრიის მთავრობამ ომის დროს იგი დანიშნა დაგეგმვის სამინისტროს თანამშრომლად. ომის შემდეგ ბავარიისა და საქსონიის მარქსისტულმა მთავრობებმა ის დაიქირავეს თავიანთი ეკონომიკური სისტემების სოციალიზაციისათვის ხელშეწყობის მიზნით. ამ პროექტებმა ნოირათის დიდი ენთუზიაზმი გამოიწვიეს.

გრაფიკული დიზაინი და ვიზუალური განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920-იან წლებში ნოირატი ქმნის „სოციალურ-ეკონომიკურ მუზეუმს“ რომლის მიზანია გააცნოს ვენის მწირი განათლების მქონე საზოგადოებრიობას რთული სოციალურ-ეკონომიკური ფაქტები. ამ ამოცანამ იგი მიიყვანა გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური განათლების საკითხების დამუშავებამდე. ილუსტრატორ გერდ არნტცთან და მარი რაიდემაისტერთან ერთად ნოირათი ქმნის Isotype — რაოდენობრივი ინფორმაციის სიმბოლური წარმოდგენის ხერხს ადვილად ინტერპრეტირებად გამოსახულებებათა საშუალებით. ნოირატმა და მისმა კოლეგებმა სხვადასხვა ქვეყნების დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკის და ამ სტატისტიკურ მონაცემებში XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ცვლილებათა ილუსტრირების წარმოსადგენად შეიმუშავეს პროპორციული სიმბოლოები, რათა დახმარებოდნენ უწიგნურებს ან არასპეციალისტებს სოციალური ცვლილებების გაგებასა და უთანასწორობის დანახვაში.შესრულებულმა სამუშაომ დიდი გავლენა მოახდინა კარტოგრაფიასა და გრაფიკულ დიზაინზე. ნოირათის ინოვაციურმა შრომამ მუზეუმებში და მისმა ცნებამ „ტრანსფორმატორი“, რომელიც მონაცემებს ვიზუალური ფორმით წარმოადგენდა - მარი რაიდემაისტერის წვლილი - გავლენა მოახდინეს სამუზეუმო გამოფენების პრაქტიკაზე. Isotype იყო აგრეთვე რაოდენობრივი მახასიათებლების ასახვის ვიზუალური სისტემა, რომელიც მიეკუთვნებოდა მოგვიანებით ედვარდ ტაფტის მიერ დადგენილ სახეობას. მსგავსი იდეები შეიძლება ვნახოთ რიჩარდ ბ. ფულერისა და ჰოვარდ თ. ოდუმის შრომებში.

მოძრაობა მეცნიერების ერთიანობისათვის; მეცნიერების ფილოსოფია და ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერების ფილოსოფიის უმთავრეს ამოცანად ნოირათი ცოდნის ერთიანობის მიღწევას თვლიდა. რუდოლფ კარნაპთან ერთად ის იყო ინგლისურენოვანი გამოცემის „International Encyclopedia of Unified Science“ (1938-1940) ერთ-ერთი ავტორი და მთავარი რედაქტორი. ნოირათის უმთავრესი იდეა მდგომარეობდა მეცნიერების უნიფიცირებული ენის შესაძლებლობის დასაბუთებაში; იგი უნდა ყოფილიყო დაფუძნებული ფიზიკისა და მათემატიკის ენაზე და უზრუნველეყო მეცნიერული ცოდნის ერთიანობა; ასეთი ენა, ნოირატის ჩანაფიქრით, შესაძლებლობას მოგვცემს დავადგინოთ მეცნიერებათა შორის ლოგიკური კავშირები, შევიმუშავოთ ზოგადი მეთოდოლოგია, გავაანალიზოთ ძირითადი ცნებები და შევქმნათ მეცნიერებათა კლასიფიკაცია.

ნაშრომში გერ. „Zur Klassification von Hypothesensystemen“ (1916) მეცნიერული ფილოსოფიის ერთ-ერთ ამოცანად ნოირათი მეტათეორიის შექმნას თვლის. ნოირათისა და კარნაპის დისკუსიამ პროტოკოლური წინადადებების შესახებ, რომლებიც მეცნიერების ემპირიულ ბაზისს წარმოადგენენ, საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ლოგიკური პოზიტივიზმის დოქტრინის განვითარებაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]