ოსამუ დაძაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსამუ დაძაი
Osamu Dazai.jpg
დაძაი 1948 წელს
დაბადების თარიღი 19 ივნისი 1909
დაბადების ადგილი კანაგი
გარდაცვალების თარიღი 13 ივნისი 1948
გარდაცვალების ადგილი ტოკიო
დასაფლავებულია Zenrin Temple
ფსევდონიმი 辻島 衆二[1] და 黒木 舜平[2]
საქმიანობა მწერალი, მოკლე მოთხრობების ავტორი
ენა იაპონური ენა[3]
მოქალაქეობა იაპონია[4] [5]
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი, ჰიროსაკის უნივერსიტეტი და აომორის პრეფექტურის საშუალო სკოლა
ჟანრი მოთხრობა
Magnum opus ჩამავალი მზე, No Longer Human, Run, Melos! და Otogi-zôshi
მეუღლე Michiko Tsushima
შვილ(ებ)ი იუკო ცუშიმა და ჰარუკო ოტა

ოსამუ დაძაი (იაპონ. 太宰治; დაბადების სახელი ცუშიმა (津島修治) დ. 1909 — გ. 1948) — მეოცე საუკუნის გამოჩენილი იაპონელი პროზაიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი. მის შემოქმედებაზე გავლენა იქონიეს ისეთმა ავტორებმა, როგორებიც არიან რიუნოსკე აკუტაგავა, მურასაკი შიკიბუ და ფიოდორ დოსტოევსკი. მისმა ორმა მოთხრობამ - აღარ არის ადამიანი[6] და ჩამავალი მზე[7] ფართო გამოხმაურება ჰპოვა და თანამედროვე პროზის კლასიკადაა აღიარებული.[8] მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ფართოდაა ცნობილი საკუთარ სამშობლოში - იაპონიაში - მისი შემოქმედება ნაკლებად გახმაურებულია საზღვარგარეთ. ქართულ ენაზე თარგმნილია მისი მცირე მოთხრობა - მოლოდინი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცუშიმა 1924 წელს

შუჯი ცუშიმა (津島修治, Tsushima Shūji), შემდეგში ცნობილი როგორც ოსამუ დაძაი, დაიბადა 1909 წლის 19 ივნისს, მდიდარი მიწის მემამულის ოჯახში, კანაგაში, ტოჰოკუს რეგიონში, აომორის პრეფექტურაში. შუჯის დაბადების დროს მის ოჯახში ოცდაათამდე ადამიანი იყრიდა თავს. ცუშიმები გლეხური წარმომავლობის ხალხი იყვნენ. დაძაის დიდმა ბაბუამ მევახშეობით დიდძალ ქონებას მოუყარა თავი, რომელიც მისმა ვაჟმა კიდევ უფრო გაზარდა. მალევე ცუშიმებმა სიმდიდრესთან ერთად ძალაუფლებაც მოიპოვეს და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ და გავლენიან პიროვნებებად იქცნენ.[9]

დაძაის მამა, გენემონი (მაცუკის ოჯახის უმცროსი ვაჟი, რომელიც მძაფრი ფეოდალური ტრადიციის გამო, თავის ვაჟებზე მეურვეობას არ იღებდა, გარდა უფროსისა და მემკვიდრისა) მიიყვანეს ცუშიმას ოჯახში, რათა შეერთო მათი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი — ტანე. როგორც რეგიონში ოთხთაგან ერთ-ერთი უმდიდრესი მიწათმფლობელი, იგი მალევე ჩაერთო პოლიტიკაში, რა დროსაც მას თანატოლთა პალატის წევრობა შესთავაზეს.[9] მამის მუდმივი არყოფნისა და დედის ავადმყოფობის[10] გამო დაძაი ძირითადად მსახურებმა და დეიდამ გაზარდეს.[11]

განათლება და ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1916 წელს შუჯიმ კანაგის დაწყებით სკოლაში დაიწყო სწავლა.[12] 1923 წლის მარტში მამამისი ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა.[13] ერთი თვის შემდეგ, 14 წლის დაძაი შორეულ ნათესავებთან აომორში დასახლდა და აომორის საშუალო სკოლაში შევიდა.[14] 1927 წელს დაძაი ჰიროსაკის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტზე ჩაირიცხა.[12] სტუდენტებს ჰოსტელში უნდა ეცხოვრათ, თუმცა დაძაიმ კვლავ ნათესავებთან დარჩენა ამჯობინა. ჰიროსაკში სწავლის პერიოდში დაძაის გაუჩნდა ინტერესი ედოს პერიოდის კულტურის მიმართ და დაიწყო გიდაიუს შესწავლა.[15] გიდაიუ ერთგვარი საგალობელი თხრობის ფორმაა, რომელიც აქტიურად გამოიყენება იაპონურ მარიონეტების თეატრში. 1928 წლისთვის დაძაი რედაქტორობდა სტუდენტურ პუბლიკაციებს და აქვეყნებდა საკუთარ ტექსტებსაც. იგი აქვეყნებდა ჟურნალს Saibō bungei, ამასთანავე გახდა სტუდენტური გაზეთის რედაქციის წევრი.[16]

შიმეკო ტანაბე

შუჯის წარმატებული წინსვლა დროებით შეწყდა 1927 წელს, როცა მისმა კუმირმა ავტორმა, რიუნოსკე აკუტაგავამ, 35 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სისოცხლე. ამის შემდეგ ცუშიმამ სწავლას თავი დაანება და თავისი ქონების უდიდესი ნაწილი ტანსაცმელს, ალკოჰოლსა და მეძავებთან დროის გატარებას დაახარჯა. იგი ასევე გამოირჩეოდა საკუთარი მარქსისტული შეხედულებებით, რომელიც იმდროინდელ იაპონიაში სასტიკად იდევნებოდა. ცუშიმა ცდილობდა სწავლის გაგრძელებას — 1930 წელს ჩაირიცხა ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის ფაკულტეტზე, თუმცა მალვე შეწყვიტა სწავლა, გეიშასთან ერთად გაიქცა და უარყო საკუთარი ოჯახი. ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტში გარიცხვიდან ცხრა დღის შემდეგ ცუშიმამ პირველად სცადა თვითმკვლელობა დახრჩობის გზით, კამაკურას სანაპიროზე 19 წლის ბარის დიასახლის შიმეკო ტანაბესთან, ერთად. ტანაბე გარდაიცვალა, ცუშიმა გადარჩა მეთევზეთა ნავის დახმარებით და წაუყენეს ბრალდება, როგორც ტანაბეს სიკვდილის თანამონაწილე. მოვლენებით შოკირებული ცუშიმას ოჯახი ჩაერია პოლიციის გამოძიების შეწყვეტის მიზნით. შუჯი მალევე შეიწყალეს და გაათავისუფლეს. დეკემბერში ცუშიმა გამოჯანმრთელდა იკარიგასეკიში და იქ ჰაცუიოზე იქორწინა.

დაძაი (მარჯვნივ) და ოიამა ჰაცუიო (მარცხნიდან მეორე)

მალე ცუშიმა დააპატიმრეს იაპონიის აკრძალულ კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის, რისი შეტყობის შემდეგაც მისმა უფროსმა ძმამ ბუნჯიმ მას ფულადი დახმარება შეუწყვიტა. ცუშიმა მიმალვაში იმყოფებოდა, თუმცა ბუნჯიმ, მიუხედავად ძმასთან გაუცხოებისა, მოახერხა, რომ მას ყველა ბრალდება მოხსნოდა და დახმარების აღდგენა აღუთქვა იმ პირობით, რომ სწავლას განაგრძობდა და კომუნისტურ პარტიასთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტდა. ცუშიმა დასთანხმდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წლის შემოდგომაზე დაძაიმ სასიყვარულო ურთიერთობა გააბა გეიშა ბენიკოსთან (ნამდვილი სახელი - ოიამა ჰაცუიო), რამაც გამოიწვია აღშფოთების ახალი ტალღა ცუშიმას ოჯახში. შედგა ერთგვარი გარიგება - იმ შემთხვევაში, თუ შუჯი მოისურვებდა გეიშასთან ურთიერთობას, მაშინ, ტრადიციის თანახმად, იგი გვარიდან უნდა მოეკვეთათ, რაზეც დაძაი დათანხმდა და ნიშნობაც შედგა, თუმცა ამ უკანასკნელის შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა - ბარში ყოფნისას ოფიციანტთან ერთად ზღვაში გადახტა. დაძაის გადარჩენა მოხერხდა, ახალგაზრდა გოგონა კი, სამწუხაროდ, დაიღუპა.

მოღვაწეობის ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1933 წლის თებერვალში ერთ-ერთი გაზეთის „To-Okunippo”-ს საკვირაო ნომერში გამოჩნდა მოთხრობა, სახელწოდებით „მატარებელი“, რომელმაც ამავე გაზეთის მიერ ჩატარებულ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. სიუჟეტს ხელს აწერს უცნობი სახელი - დაძაი ოსამუ. ეს ახალგაზრდა მწერლის ფსევდონიმის ქვეშ გამოქვეყნებული პირველი ნაწარმოები იყო, რომლითაც ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიო ლიტერატურაში. მოთხრობა პირველ პირში, ავტობიოგრაფიულ სტილში იყო დაწერილი, რაც მოგვიანებით დაძაის სავიზიტო ბარათად იქცა.[17]

მიუხედავად იმისა, რომ დაძაი სტუდენტთა სიაში იყო და უნივერსიტეტშიც ირიცხებოდა, იგი არ ესწრებოდა ლექციებს. მისი ცხოვრების ერთადერთ მიზანს საკუთარ თავზე ნაწარმოების დაწერა და სიკვდილი წარმოადგენდა. ამ ნაწარმოებისთვის კი სახელი თავიდანვე ჰქონდა მოფიქრებული ავტორს - „დღეთა ბოლოს“. იმავე წლის მარტში, ჟურნალ Kaihyo-ს პირველ ნომერში, გამოჩნდა დაძაის კიდევ ერთი მოთხრობა „ტანსაცმელი თევზის ქერცლისგან “, რამაც ლიტერატურული საზოგადოება აალაპარაკა ახალი, ორიგინალური ნიჭის დაბადებაზე.

1935 წლის მარტში ცუშიმამ დაასრულა მუშაობა კრებულზე „დღეთა ბოლოს“ . თავისი გეგმის პირნათლად შემსრულებელ ავტორს თვითმკვლელობის მორიგი, თუმცა წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა. იგი საავადმყოფოში მძიმე შეტევით გადაიყვანეს. ოპერაციის შემდეგ მას განუვითარდა პერიტონიტი და ძლიერი ტკივილები დაეწყო. საავადმყოფოში ყოფნისას იგი დამოკიდებული გახდა ნარკოტიკულ გამაყუჩებელზე და საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ამ დამოკიდებულებას ერთი წელი ებრძოდა.

ჯერ კიდევ საავადმყოფოში ყოფნისას დაიწყო მოთხრობის - „ბუფონერების ყვავილები” - წერა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ იაპონური რომანტიზმის მაისის ნომერში. 1935 წლის ზაფხულში დაძაი გადადის ჩიბას პრეფექტურის ქალაქ ფუბანაშიში, სადაც ერთი წელი და სამი თვე დაჰყო. საავადმყოფობან მიღებული შეტყობინების მიხედვით აღმოჩნდა, რომ დაძაის წამლის მუდმივი დოზები სჭირდებოდა. ამავე დროს, სწორედ ეს იყო დაძაის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი მის ცხოვრებაში. ასამი ჯუნი მასზე საუბრისას იხსენებდა:

”როდესაც მის სანახავად მივდიოდი, ის ყოველთვის ხელნაწერებთან იყო მიმჯდარი. ჩვეულებრივ, ინექციის შემდეგ, ის განიცდიდა შთაგონების მეტეორულ ზრდას. შესაძლოა, წერის მიზნით, თავისით გაეკეთებინა ინექცია.“

1936 წლის ოქტომბერში, დაძაი ოსამუ, მისი მეგობრის მასუჯი იბუსეს მოთხოვნით, შევიდა მუსაშინოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.[18] დაახლოებით ერთთვიანი მკურნალობის შედეგად მან დაამარცხა დამოკიდებულება, თუმცა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. საავადმყოფოდან წასვლის შემდეგ დაძაიმ მაშინვე დაიწყო მოთხრობის "დაკარგული ადამიანის" წერა, რომელშიც პირველად გაჩნდა "დაკარგული ადამიანის" თემა, უკანასკნელმა სრულყოფილებას მიაღწია მის ერთ-ერთ ბოლო ქმნილებაში - "No Longer Human” (Ningen Shikaku). ეს იყო მისი მოღვაწეობის უხვი და ნაყოფიერი პერიოდი, რომელიც გაგრძელდა 1945 წლამდე. 1939 წლის იანვარში დაძაი დაქორწინდა მიჩიკო ისარაზე. ახალგაზრდა წყვილი თავდაპირველად ცხოვრობდა მიჩიკოს მხარეში, კოფუში , მაგრამ მალე გადავიდა ტოკიოს გარეუბანში, მიტაკუში.

დაძაი და მიჩიკო ისარა თავიანთ ქორწილში

მემარცხენე მოძრაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1929 წელს, როდესაც ჰიროსაკის სკოლაში დირექტორის მიერ სახელმწიფო ქონების მითვისება დაფიქსირდა, მოსწავლეებმა სოციალური მეცნიერების შემსწავლელი ჯგუფის ლიდერის, უედა შიგეჰიკოს ხელმძღვანელობით მოაწყვეს მოკავშირეების ხუთდღიანი გაფიცვა, რაც საბოლოოდ დირექტორის გადადგომით დაგვირგვინდა. ცუშიმა თითქმის არ მონაწილეობდა გაფიცვაში, მაგრამ პროლეტარული ლიტერატურის მიბაძვით, მან აღნიშნული მოვლენები საკუთარ ნაწარმოებში - სტუდენტური ჯგუფი - შეაჯამა, რომელიც შემდეგში უედას წააკითხა. ცუშიმას ოჯახი უნდობლობას უცხადებდა დაძაის მემარცხენე საქმიანობას. მომდევნო წლის 16 იანვარს პოლიციამ დააკავა უედა და ჰიროკოს სოციალური მეცნიერებების კიდევ ცხრა სხვა სტუდენტი, რომლებიც სეიგენ ტანაკას მიერ შეიარაღებულ კომუნისტურ პარტიაში აქტივისტებად მუშაობდნენ.

ომის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლის ნოემბერში დაძაი სხვა მწერლებთან ერთად მოქმედ ჯარში გაიწვიეს, მაგრამ შესაბამის განყოფილებაში შემოწმების შემდეგ ფილტვებში ქრონიკული დაავადების გამო მაშინვე გაანთავისუფლეს. 1941 წლის 8 დეკემბერს იაპონია ჩაერთო წყნარი ოკეანის ომში. სწორედ ამ პერიოდში, როცა მრავალმა მწერალმა პოლიტიკური მოტივებით წერა შეწყვიტა, დაძაი უფრო და უფრო გააქტიურდა.  

ომის შემდგომი კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წლის ნოემბერში დაძაი დაბრუნდა ტოკიოში. იმ დროისთვის მრავალმა ჟურნალმა განაახლა ფუნქციონირება. დაძაი ბევრ შეკვეთას იღებდა, მაგრამ ბევრს არ მუშაობდა. მხოლოდ ორმოცდაშვიდი წლის ასაკში მოახერხა დაძაიმ აპათიის დაძლევა და სამწერლო საქმიანობის განახლება. ცალკე ოთახი იქირავა, სადაც დილის შვიდი საათიდან სამ საათამდე მუშაობდა. შემდეგ უახლოეს კაფეში მიდიოდა, სადაც უკვე მეგობრები ელოდებოდნენ. ამ საათებში ის ძალიან კომუნიკაბელური და მახვილგონიერი იყო. 1947 წელს დაძაიმ დაწერა თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა „ვიონის ცოლი“ და მოთხრობა „ჩამავალი მზე“, რომელიც გამოსცა ჟურნალმა შინჩომ და თითქმის მაშინვე გამოიცა ცალკე წიგნად. ამ ამბავმა დიდი პოპულარობა მოიპოვა მკითხველებში. გაჩნდა გარკვეული ცნება - შაიოზოკუ -, რომელიც აღნიშნავს დაკნინებულ იაპონურ არისტოკრატიულ ოჯახს. ამ მოთხრობის გმირები მისივე თვისებათა ნაზავს ქმნიან: ნაოჯის გამოსახულებაში თვითგანადგურების იდეა, რომელიც მას მცირე ასაკიდან ეკუთვნოდა, კაზუკოში კომუნისტური იდეებია გამოხატული, რომლებსაც ასევე ჰქონდა ადგილი მწერლის ცხოვრებაში. ყველაზე ძლიერად მისი გავლენა ახალგაზრდობაში აისახება უეჰარას იმიჯზე, დაღლილობასა და უძლურებაზე, რომელიც მას, ისევე როგორც ავტორს, სიცოცხლის ბოლო წლებში დაეუფლა. 1947 წლის მარტში მწერალს ეყოლა მესამე შვილი, ქალიშვილი სატოკო, რომელიც მოგვიანებით, ფსევდონიმით იუკო ცუშიმა, გახდა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი.

ტომი იამაძაკი

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წლის გაზაფხულზე შეიქმნა ნაწარმოები „აღარ არის ადამიანი“, რომლის პირველი თავებიც გამოჩნდა ჟურნალ ტენბოს ივნისის ნომერში, თუმცა სიუჟეტის სრულად გამოქვეყნებამდე ავტორმა სული გალია. ამის მიზეზი კი უძილობა იყო, რომელმაც ფილტვების მდგომარეობის გამწვავება გამოიწვია. სიკვდილის გარდაუვლობის გაგებისას მან თვითმკვლელობა გადაწყვიტა, მცირე ანდერძი, სახელწოდებით „მშვიდობით“ დაწერა და 1948 წლის 13 ივნისს ტომი იამაძაკისთან — თავის მეუღლესთან — ერთად ტოკიოში, ტამაგავას აკვედუკში თავი დაიხრჩო. მწერლის ცხედარი მხოლოდ 19 ივნისს იპოვეს, ერთი თვის შემდეგ კი კრემაციის შედეგად შენახული ფერფლი დაასვენეს ძენრიჯის ტაძართან, მორი ოგაის - დაძაის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერლის - საფლავის გვერდით. მისი გარდაცვალების დღე, ე.წ. ”ალუბლების ხსენების დღე“, აღინიშნება ყოველი წლის 19 ივნისს.

პოპ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანიმეში, სახლწოდებით Bungo Street Dogs, შევხვდებით მისივე სახელობის პერსონაჟს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.plib.pref.aomori.lg.jp/top/museum/dazai_note.html
  2. https://www.aozora.gr.jp/index_pages/person974.html
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. http://mydramalist.info/person/4696/dazai_osamu
  5. LIBRIS — 2012.
  6. Dazai, Osamu; Keene, Donald (1958) No longer human (en). New York: New Directions. ISBN 0811204812. OCLC 708305173. 
  7. Dazai, Osamu; Keene, Donald (2002) The setting sun (en). Boston: Tuttle. ISBN 4805306726. OCLC 971573193. 
  8. Many of Japan's most interesting creative writers cite 'No Longer Human' by Osamu Dazai as their favourite book or one that had a huge influence on them. ციტირების თარიღი: 12 May 2021
  9. 9.0 9.1 Lyons, Phyllis I; Dazai, Osamu (1985) The saga of Dazai Osamu (en). Stanford University Press, გვ. 21–22. OCLC 11210872. 
  10. O'Brien, James A (1975). Dazai Osamu (en). New York: Twayne Publishers. ISBN 0805726640. 
  11. Lyons, Phyllis I; Dazai, Osamu (1985) The saga of Dazai Osamu: a critical study with translations (en). Stanford, Calif.: Stanford University Press, გვ. 21, 53, 57–58. ISBN 0804711976. OCLC 11210872. 
  12. 12.0 12.1 O'Brien, James (1975). Dazai Osamu. New York: Twayne Publishers, გვ. 12. ISBN 0805726640. 
  13. 野原, 一夫 (1998). 太宰治生涯と文学 (ja), გვ. 36. ISBN 4480033971. OCLC 676259180. 
  14. Lyons, Phyllis I; Dazai, Osamu (1985) The saga of Dazai Osamu: a critical study with translations (en). Stanford, Calif.: Stanford University Press. ISBN 0804711976. OCLC 11210872. 
  15. Lyons, Phyllis I; Dazai, Osamu (1985) The saga of Dazai Osamu: a critical study with translations (en). Stanford, Calif.: Stanford University Press, გვ. 26. ISBN 0804711976. OCLC 11210872. 
  16. Lyons, Phyllis I; Dazai, Osamu (1985) The saga of Dazai Osamu: a critical study with translations (en). Stanford, Calif.: Stanford University Press, გვ. 28–29. ISBN 0804711976. OCLC 11210872. 
  17. Lyons, Phyllis I; Dazai, Osamu (1985) The saga of Dazai Osamu: a critical study with translations (en). Stanford, Calif.: Stanford University Press, გვ. 34. ISBN 0804711976. OCLC 11210872. 
  18. Lyons, Phyllis I; Dazai, Osamu (1985) The saga of Dazai Osamu: a critical study with translations (en). Stanford, Calif.: Stanford University Press, გვ. 39. ISBN 0804711976. OCLC 11210872.