შინაარსზე გადასვლა

კრემაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდუისტური კრემაცია, ბალი, ინდონეზია.

კრემაცია (ლათ. crematio — „დაწვა“) — გვამის დაწვა, დაკრძალვის ერთ-ერთი სახეობა. გაჩნდა გვიანდელ ნეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანაში.

გვამის დაწვა კოცონზე გავრცელებული იყო ძველ ბერძენ, რომაელ და სლავ ხალხებში. ევროპაში ჯერჯერობით ყველაზე ადრინდელი ჩანს საბერძნეთში, ოლიმპის სამხრეთით ქ. ლარისის მახლობლად, მაგულასის ნასოფლარზე აღმოჩენილი კრემაციის ნაშთები. კრემაცია უძველესი დროიდან იყო გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებშიც ბუდიზმისა და ინდუიზმის მიმდევარ მოსახლეობაში. შუა აზიის მცხოვრებნი დამწვარ ნეშტს ინახავდნენ ოსუარიუმებში, რომაელები — კოლუმბარიუმებში. ინდოელები წყალს ატანდნენ, ევროპის ზოგიერთი ხალხი კი საკრძალავ ურნებში ათავსებდა ან პირდაპირ მიწაში მარხავდა. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად კრემაცია აიკრძალა. XIX საუკუნის II ნახევარში ევროპულ ქვეყნებში კვლავ დაიწყეს მიცვალებულის დაწვა. აშენდა პირველი კრემატორიუმები (მილანი, 1870-იანები; ლონდონი, 1885, სტოკჰოლმი 1887 და სხვა). სსრკ-ში კრემაცია ნებადართული იყო რსფსრ სახკომსაბჭოს 1918 წლის 7 დეკემბრის დეკრეტით. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან კრემაცია, როგორც დაკრძალვის ყველაზე ჰიგიენური წესი, გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

საქართველოში კრემაცია დადასტურებულია ბრინჯაოს ხანიდან. სამგორის ერთ-ერთ გორასამარხში (ძვ. წ. III ათასწლეული) და თრიალეთში (ძვ. წ. XX-XV სს.) ამ წესით მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლები ყოფილან დაკრძალული. ადრინდელი რკინის ხანაში მასობრივი კრემაციული სამარხები ჩნდება სვანეთში, მთიან რაჭაში, აფხაზეთში (სოხუმის მთა, გუადიხუ), სამეგრელოში (პალური, მუხურჩა), გურიაში (ნიგვზიანი) და სხვა, რაც ალბათ ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობის შედეგია.