ნარეკვავის გორანამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნარეკვავის გორანამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, თბილის-გორის გზატკეცილის მარცხენა მხარეს, სხალტბის სერის ჩრდილოეთ კალთების გასწვრივ, მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე. ნარეკვავის გორანამოსახლარი თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანით. გორანამოსახლარზე გათხრები დაიწყო 1975 წელს ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტმა. (ხელმძღვანელი: ა. აფაქიძე). ნარეკვავის გორანამოსახლარზე ხის ძელებითა და ალიზით ნაგები სახლები განლაგებულია ტერასულად. სახლის უკანა მარცხენა კუთხეში გამართულია ალიზის ორგანყოფილებიანი პურის საცხობი ღუმელი, რომელზეც საკურთხეველია მიშენებული. ნარეკვავის გორანამოსახლარზე მრავლად აღმოჩნდა შავპრიალა და რუხი ფერის სამეურნეო (ქვევრები, დერგები), სუფრისა და სამზარეულოს თიხის ჭურჭლის ნატეხები, საყოფაცხოვრებო და საკულტო ნივთები (კოლხური ცული, რკინის მოხრილი დანა, ბრინჯაოს ანკესი, ქალის თიხის ქანდაკება და სხვ.). მოპოვებული მასალა ინახება მცხეთის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]