მუჰამედ ვანილიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მუჰამედ ვანილიში (დ. 1908, სარფი — გ. 1997) — ლაზი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მწერალი და მთარგმნელი. ისტორიულ-ეთნოგრაფიული წიგნის „ლაზეთი“-ს ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანილიში დაიბადა 1908 წელს სოფელ სარფში.[1] მამა იყო სოფელ მარადიდის მულა. რადგან იმჟამად სოფელში ქართულ ენაზე სკოლა არ არსებობდა, დაწყებითი განათლება მიიღო სარფის თურქულენოვან სკოლაში, მოგვიანებით სწავლობდა ხოფის საშუალო სკოლაში, რომელიც დაასრულა 1927 წელს. 1928–1932 წლებში მუშაობდა ბათუმის მუშფაკში.[1] ვანილიშმა სამწერლო კარიერა დაიწყო მოთხრობით „ზექიე“, ასევე გამოქვეყნებული აქვს პიესები „ცუდ სიზმრებს ხედავენ“ და „მურადის ლოთობა“.[2] ფლობდა თურქულ, არაბულ და რუსულ ენებს.[2] 1929 წელს იგი გახდა პირველი ლაზურენოვანი გაზეთის „მჭითა მურუცხის“ (წითელი ვარსკვლავის) ერთ-ერთი რედაქტორი. მას ევალებოდა გაზეთის თურქეთში გავრცელება. 1937 წელს ვანილიშს თურქეთის მთავრობამ პროპაგანდის გავრცელებისათვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ვანილიში არ იზიარებდა იმავე გაზეთის მთავარი რედაქტორის ისკანდერ ციტაშის ანტი-ქართულ იდეებს. 1944 წელს ლავრენტი ბერიას წერილით მიმართა, რათა შუა აზიაში გადასახლებული ლაზების რეპატრიაცია განეხორციელებინა. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ლაზებს საშუალება მიეცათ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ვანილიშის ბერიასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ის ბერიას პირად თარჯიმნად მუშაობდა. პატივისცემის ნიშნად ბერიამ ვანილიშს 1930-იან წლებში იარაღიც აჩუქა. მოგვიანებით ის ბერიამ უკანონო საქმიანობისთვის გააფრთხილა და მოუწოდა, რომ აფხაზეთში კონტრაბანდულ საქმიანობაში არ ჩართულიყო. 1936 წლიდან მუშაობდა აჭარის ასსრ-ის განათლების სახალხო კომისრის მოადგილედ, ხოლო შემდეგ ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსად და სამხედრო საშეფო კომისიის თავმჯდომარედ, რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულად, აჭარის ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავჯდომარედ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად, აჭარის კულტურის სამინისტროს სალექციო ბიუროს დირექტორად, ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგედ. 1944–1953 წლამდე, თურქეთისადმი საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიების ფარგლებში, ის მოიაზრებოდა შესაძლო ლაზისტანის ა.ს.ს.რ-ის ხელმძღვანელად. 1950-იან წლებში, ალი თანდილავასთან ერთად, დაიწყო ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევის „ლაზეთის“ შედგენა.[2] წიგნი, რომელიც 1964 წელს გამოიცა, 1992 წელს ჰაირი ჰაირიოღლუმ თურქულად თარგმნა სახელწოდებით „ლაზების ისტორია“. სიცოცხლის უკანასკნელი წლები აჭარაში გაატარა. 1990-იან წლებში დაიწყო მემუარების წერა. გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია სოფელ სარფში, ჰასან ჰელიმიშის საფლავთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]