მოტუტაპუ
მშობ. სახელი: ინგლ. Motutapu Island | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ჰაურაკის უბე |
კოორდინატები | 36°45′ ს. გ. 174°55′ ა. გ. / 36.750° ს. გ. 174.917° ა. გ. |
ფართობი | 15,09 კმ² |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
მოტუტაპუ (ინგლ. Motutapu Island) — კუნძული ჰაურაკის უბეში, ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მიეკუთვნება ჰაურაკის უბის საზღვაო პარკს. კუნძულის სრული მაორიული დასახელებაა — ტე-მოტუტაპუ-ა-ტაიკეჰუ (თარგი:Lang-mri), რაც მაორი ენიდან თარგმანში ნიშნავს «საღვთო ტაიკეჰუს კუნძული» (ტაიკეჰუ იყო ტომ ტაინუის ქურუმი). ლეგენდის თანახმად, მოტუტაპუს სახელი ეწოდა ახალზელანდიელი მაორის ხალხის პოლინეზიური სამშობლოს პატივსაცემად[1].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამად კუნძული ხელოვნური მიწაყრილით დაკავშირებულია უფრო ახალგაზრდა, ვულკანურ კუნძულ რანგიტოტოსთან, რომელთანაც მოტუტაპუ შეერთებულია ხიდით, რომელიც აშენებულია ამერიკელი სამხედროების მიერ მეორე მსოფლიო ომის წლებში. კუნძულის საერთო ფართობი შეადგენს 15,09 კმ²-ს[2].
კუნძული საკმაოდ ძველია: ის ჩამოყალიბდა იურული პერიოდის დროს, დაახლოებით 135 მილიონი წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა სუპერკონტინენტი გონდვანა. გეოლოგიური აგებულებით, ძირითადი სამთო სახეობა, რომელიც მოტუტაპუს საფუძველში დევს, არის გრაუვაკა. დაახლოებით 700 წლის წინ ვულკანური ამოფრქვევის დროს, რის შედეგადაც მოხდა მეზობელი კუნძულის რანგიტოტოს ჩამოყალიბება, მოტუტაპუზე მიმოიფრქვა 75 %-მდე ბაზალტის ფერფლი და ლაპილი.
ადგილობრივმა ფლორამ და ფაუნამ განიცადა მნიშვნელოვანი ზემოქმედება როგორც ბუნებრივი მხრიდან, ასევე ანთროპოგენური ფაქტორებისაგან. თავდაპირველად მოტუტაპუ დაფარული იყო სანაპირო ტყეებით, როგორიც გვხვდება კუნძულ უაიჰეკეზე და ჰაურაკის უბის სხვა კუნძულებზე. მაგრამ რანგიტოტოზე 700 წლის წინ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ტყის დიდი ნაწილი განადგურდა, თუმცა მალე მოხდა მისი აღდგენა[3]. მეზობელ რანგიტოტოსგან განსხვავებით, კუნძულზე ტყე თითქმის არაა, ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდელოებითა და ჭაობებითაა დაფარული. დგას მხოლოდ რამდენიმე დიდი ხე, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს კუნძულის რეფორესტაციის პროექტი. ევროპელი კოლონიზატორების გამოჩენის შემდეგ თითქმის მთელი კუნძული ფერმებით დაიფარა. დღეისათვის ძირძველი ტყეები, უპირატესად პოჰუტუკავა (ლათ. Metrosideros excelsa) გვხვდება სანაპიროზე. სხვა ხეები, რომლებიც იზრდება კუნძულზე: ტავაპოუ, კოჰეკოჰე, ტარაირე, მაჰოე, პურირი, კოფაი, მანგეაო და კარაკა. ბოლო წლებში მოტუტაპუზე მოხდა საფუძვლიანი ცვლილებები ტყის დარგვის საკითხებში. კეთილმოსურნეთა დახმარებით დაირგო 0,75 კმ²-მდე ტყე[3].
კუნძულის ფაუნა უპირატესად წარმოდგენილია მრავალფეროვანი ფრინველებით: მაორიული მეჭვავია (ლათ. Charadrius obscurus), ახალზელანდიური ხორცისმჭამელი მტრედი (ლათ. Hemiphaga novaeseelandiae), ახალზელანდიური იხვი (ლათ. Tadorna variegata), პორფირიონი[4].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის ძირძველი მოსახლეობაა მაორის ხალხის წარმომადგენელი ტომი ნგაი-ტაი, რომლებიც ცხოვრობდნენ მოტუტაპუზე ჯერ კიდევ მეზობელი კუნძულის რანგიტოტოს გამოჩენამდე დაახლოებით 700 წლის წინ. ამაზე მეტყველებს მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები და ძეგლები (სულ დაახლოებით 300), მათ შორის ფორტიფიკაციური ნაგებობები, ანუ პა[1]. მომდევნო ამოფრქვევამდე, ფერფლის ფენები ნიადაგს ეროზიისგან იცავდა.[5] მოტუტაპუსთან ახლოს ვულკანური ამოფრქვევის დროს ის მიატოვა ადგილობრივმა მოსახლეობამ, მაგრამ ამოფრქვევის დასრულების შემდეგ ისინი კვლავ დაბრუნდნენ თავიანთი საცხოვრებლის ტრადიციულ ადგილებზე. ადგილობრივი მაორების ძირითადი საქმიანობა იყო სოფლის მეურნეობა, რომლის განვითარებასაც ხელი შეუწყო ვულკანური ნიადაგის მაღალმა ნაყოფიერებამ[1].
1820-იან წლებში ჰაურაკის უბის კუნძულების, მათ შორის მოტუტაპუს მოსახლეობის უმრავლესობა, გაყვანილი იქნა ტომ ნგაპუჰის მხრიდან თავდასხმის საშიშროების გამო, რომელთა წარმომადგენლები იმ დროისათვის უკვე შეიარაღებულნი იყვნენ მუშკეტებით. ნგაი-ტაის ტომი, სავარაუდოდ, დაიმალა მაუნგატაუტარისთან. მაგრამ უკვე 1836 წელს ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა დაუბრუნდა კუნძულს. მას შემდეგ ნგაი-ტაი ფლობდა მოტუტაპუს 1840 წელს კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილის ევროპელ ტომას მაქსველისთვის მიყიდვამდე, რომლის კუნძულზე გამოჩენისთანავე დაიწყო ფერმების განვითარება[6]. 1845 წელს მოტუტაპუს სამხრეთი ნაწილი ასევე გამოისყიდეს ევროპელებმა. 1869—1870 წლებში კუნძული იყიდეს ძმებმა რეიდებმა, რომლებიც რჩებოდნენ მის მფლობელებად 1943 წლამდე[6]. ევროპული კოლონიზაციის პერიოდში მოტუტაპუზე, ემუს და ჰოუმის უბეებთან შორიახლოს, წარმოიშვა პატარა ნაკვეთები, ხოლო უკვე XX საუკუნის დასაწყისში კუნძული გახდა პოპულარული დასასვენებელი ადგილი მეზობელი ოკლენდის მაცხოვრებლებისათვის[1].
მეორე მსოფლიო ომის წლებში კუნძულზე მდებარეობდა საფორტიფიკაციო ნაგებობები ოკლენდის უბის ზღვის მხრიდან დარტყმისაგან დასაცავად. ჯერ კიდევ 1936 წლის ივნისში აგებული იქნა ბატარეა არტილერიისგან თავის დასაცავად და სამეთვალყურეო პუნქტი[6]. ასევე 1936 წლიდან 1944 წლამდე მოტუტაპუზე აშენდა სამხედრო ბანაკები, ბარაკები, გზები და ხიდები, რომლებიც აკავშირებდა კუნძულს რანგიტოტოსთან[1].
1967 წელს მოტუტაპუ გახდა ზღვის ნაკრძალ «ჰაურაკის უბის» ნაწილი, ხოლო 1987 წელს კუნძულის მართვა გადაეცა ახალი ზელანდიის გარემოს დაცვის დეპარტამენტს[7].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Motutapu Restoration Trust
- Motutapu Outdoor Education Camp Trust
- Motutapu Island Recreation Reserve at the Department of Conservation
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Historic Motutapu Island Recreation Reserve. New Zealand Department of conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-11. ციტირების თარიღი: 2010-04-06.
- ↑ Motutapu Island. Geology. The Motutapu Restoration Trust. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-24. ციტირების თარიღი: 2010-04-06.
- ↑ 3.0 3.1 Island Flora. The Motutapu Restoration Trust. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-13. ციტირების თარიღი: 2010-04-06.
- ↑ Island Fauna. The Motutapu Restoration Trust. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-13. ციტირების თარიღი: 2010-04-06.
- ↑ Alastair Jamieson (2004). Rangitoto, New Zealand Geographic 68, 18-37. (abridged version)
- ↑ 6.0 6.1 6.2 Andy Dodd., Motutapu Archaeological and Historic Landscapes. Heritage Assessment // New Zealand Department of Conservation, 2008.
- ↑ Andy Dodd., Motutapu Archaeological and Historic Landscapes. Heritage Assessment // New Zealand Department of Conservation, 2008.