მოლდავური რევოლუცია (1848)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოლდავური რევოლუცია (1848)
1848 წლის რევოლუციებისა და რუმინეთის ეროვნული გამოღვიძების ნაწილი
თარიღი 8 აპრილი — 7 ივლისი 1848
მდებარეობა მოლდავია
შედეგი

კონტრრევოლუციის გამარჯვება:

რევოლუცია ჩაახშვეს, რუსეთის იმპერია შეიჭრა მოლდავიაში, მიხაილ სტურძა გადააყენეს, გრიგორე ალექსანდრუ ღიკა აირჩიეს სამეფო ტახტზე
მხარეები
რევოლუციონერები:

რუმინელი ლიბერალები, რუმინელი ნაციონალისტები

მოლდავია,

რუსეთის იმპერია, ოსმალთა იმპერია

მეთაურები
ვასილე ალექსანდრი,

მიხაილ კოგაილნიკეანუ, იონ ლონესკუ

მიხაილ სტურძა,

გრიგორე ალექსანდრუ ღიკა, ალექსანდრე დუჰამელი

  

1848 წლის მოლდავიური რევოლუცია არის სახელწოდება, რომელიც გამოიყენება მოლდავიას სამთავროში, 1848 წლის რევოლუციებით შთაგონებული რუმინელი ლიბერალებისა და რუმინელი ნაციონალისტების წარუმატებლობის აღსანიშნავად. თავდაპირველად, ისინი ცდილობდნენ ადგილის მონახვას საგარეო ძალების (რუსეთის იმპერია) მიერ დაწესებული კანონის, კერძოდ, Regulamentul Organic-ის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკურ საზღვრებში, თუმცა, საბოლოოდ ის უარყვეს და მოითხოვეს უფრო სრულყოფილი პოლიტიკური რეფორმების გატარება. ახალგაზრდა ინტელექტუალების თაოსნობით, მოძრაობა უმეტესად დაკავებული იყო პეტიციების შეგროვებით და საკონსტიტუციო პროექტებით, განსხვავებით მის მეზობლად მდებარე ვლახეთში მომდევნო წელს დაწყებული წარმატებული აჯანყებისა. ამიტომ ის მალევე ჩაახშვეს. ამის მიზეზი იყო ის, რომ მოლდავიელი რევოლუციონერები იყვნენ უფრო ზომიერები და სურდათ კომპრომისზე წასულიყვნენ არსებულ რეფორმებთან, ვიდრე მათი ვლახი კოლეგები, რადგანაც მოლდავიური პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება კვლავ მიწის მფლობელი, კონსერვატიული არისტოკრატიის მიერ იყო გაბატონებული, ხოლო საშუალო კლასი ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა.[1]

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლდავიაში ბოიარები, რომელთა დაბალ ფენასაც მიეკუთვნებოდნენ რევოლუციონერები, მკვეთრ კონფლიქტში შევიდნენ მთავარ მიხაილ სტურძასთან, ავტორიტარიზმისა და მათთან კონსულტაციის ჩაშლის გამო, ზოგიერთს კი მისი ტახტი სურდა. მათ დაგმეს სტურძა სანქტ-პეტერბურგსა და სტამბოლში, წამოიწყეს შეთქმულება გენერალურ ასამბლეაში, მაგრამ, რადგანაც ისინი იყვნენ შინაგანად გაყოფილი და აკლდათ მოსახლეობის მხარდაჭერა, სტურძა არ აღშფოთებულა ამ გამოსვლების გამო.[2]

დაზარალდა გლეხობაც და 1846-1848 წლებში სტურძას მიმართ წინააღმდეგობა გაძლიერდა. იასის (დედაქალაქი) კომერციულმა და ინდუსტრიულმა ასოციაციებმა 1846 წელს გააპროტესტეს მთავრის გეგმა, რათა კვლავ აეწიათ გადასახადები; რამდენიმე სასოფლო ადგილას მცირე და საშუალო ზომის მიწის მესაკუთრეები დაუპირისპირდნენ დამატებითი გადასახადის გადახდას, ხოლო 1847 წლის ზაფხულში გენერალურ ასამბლეაში ადგილების მოსაპოვებლად რამდენიმე ჟუდეცში მკვეთრი შეჯიბრი გაიმართა ლიბერალი ბოიარების მიერ. მოლდავიასა და ვლახეთში მცხოვრებმა გლეხებმა უარი თქვეს შრომითი მომსახურების გაწევაზე, დაიწყეს ძალადობა და გაიქცნენ საზღვარგარეთ 1847 შემოდგომასა და მომდევნო წლის გაზაფხულზე. ცვლილებების ძლიერი წყურვილის თანხლებით, ინტელექტუალები გაგულისდნენ პარიზის თებერვლის რევოლუციის შედეგად, სადაც სწავლობდა ზოგიერთი მათგანი.[3] [4]

მოვლენების მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომუნისტური ეპოქის დაფა, რომელიც აღნიშნავს პეტერბურგის სასტუმროს ადგილს, სადაც 8 აპრილს შეიკრიბა ასამბლეა და შეადგინა პეტიცია მთავარ მიხაილ სტურძასთვის.

მოლდავიელი რევოლუციონერები იასიში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ძალადობა დაიწყო ვლახეთში. 1848 წლის 8 აპრილს, სტურძას მოწინააღმდეგე რამდენიმე დიდი ბოიარი, ახალგაზრდა ლიბერალი ბოიარები და საშუალო და სხვა ქალაქური კლასების წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ჯამში ათასი ადამიანი, შეიკრიბა პეტერბურგის სასტუმროში, რათა გადაეწყვიტა მოვლენების მიმდინარეობა. ეს შეხვედრა იყო რამდენიმეკვირიანი მცირე შეკრებების და დესპოტიზმის მგმობელი რამდენიმე საჯარო მანიფესტის კულმინაცია, რაც გამოწვეული იყო პარიზში, ვენასა და ბერლინში მომხდარი ამბებით. ზომიერი ფრთა დაწინაურდა და დაარწმუნა შეკრების მონაწილეები, რომ მხარი დაეჭირათ მთავრისადმი გასაგზავნი პეტიციისთვის, რომელიც გამოთქვამდა ყველა მათ საჩივარს და წარადგენდა შესაფერის რეფორმებს. ასევე, ისინი შეთანხმდნენ დაეშალათ ასამბლეა და ყველა სხვა ასოციაცია მაშინვე, როცა გააგზავნიდნენ პეტიციას. ჩანს, ასეთი სიფრთხილე გამოწვეული იყო შიშით, რომ საქალაქო დაბალი კლასები და გლეხები საპროტესტო მოძრაობას ექსტრემიზმის მიმართულებით წაიყვანდნენ.[5] [6]

კომიტეტმა, პოეტ ვასილე ალექსანდრის ხელმძღვანელობით, შექმნა "პეტიცია-პროკლამაცია", რათა მიემართა ფართო საზოგადოებისა და მთავრისადმი. მათი საბოლოო მიზანი იყო დაეარსებინათ ზომიერი ლიბერალური პოლიტიკური რეჟიმი და სტიმული მიეცათ ეკონომიკური განვითარებისთვის. კანონის მკაცრად დაცვა თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მიერ, ჩაიწერა, როგორც მთავრობის საბაზისო პრინციპი - რაც უტყუარი მინიშნება იყო სტურძას კორუფციისა და თვითნებური ავტორიტარული რეჟიმისადმი. წესები, მოგვიანებით, შეიცვალა ასამბლეის გაძლიერების და მისი ახალი, უფრო წარმომადგენლობითი ფორმის შექმნის მიმართულებით, რომელთა შორის იყო მთავრისადმი ყველანაირი წინადადების წარდგენა, რაც ეხებოდა ზოგად კეთილდღეობას და ამოქმედებამდე სახალხო საქმეებთან და იურიდიულ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული მთავრობის ყველა ბრძანებულების გამოკვლევა. ისინი დაუყოვნებლივ მოითხოვდნენ ეროვნული ბანკის შექმნას, რათა "ხელი შეეწყოთ ვაჭრობისთვის" და "სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობისთვის საზიანო" ყველა ტარიფის გაუქმებას. ასევე, ისინი ზოგადად ითხოვდნენ, რომ გლეხებს, მემამულეებს და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესებულიყო. რეფორმების გატარებისა და კარგი ინსტუტუტების შექმნის სურვილის ფონზე, მათ არ ამოძრავებდათ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების დამხობის განზრახვა.[7] [5]

სტურძამ პეტიცია-პროკლამაცია მიიღო 9 აპრილს და 35-დან 33 პუნქტს დაეთანხმა. მან უარყო მხოლოდ გენერალური ასამბლეის დაშლისა და ეროვნული გვარდიის შექმნის პუნქტები, რაც, ჩანს, რომ მოასწავებდა ცენზურის გაუქმებას.[5] მისდა გასაკვირად, მოძრაობის ლიდერებმა მთელი პეტიციის მიღება მოითხოვეს. სტურძა გადავიდა ჯარის ყაზარმულ მდგომარეობაზე და იმ საღამოს გადადგა გარკვეული ნაბიჯები ოპოზიციის დასამარცხებლად. მცირე შეტაკებაში დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, ხოლო 300 მონაწილე დააპატიმრეს.[8] იმათ შორის, ვინც გაიქცა ტრანსილვანიაში ან ბუკოვინაში, იყვნენ ალექსანდრი და ახალგაზრდა ოფიცერი ალექსანდრუ იოან კუზა, რომელიც მოგვიანებით გახდა გაერთიანებული სამთავრობის მმართველი 1860-იან წლებში. სტურძამ, რომელიც ახლა უკვე ცდილობდა ჩაეხშო ყველანაირი განსხვავებული აზრი, ხალხში დაპატიმრებული ოპოზიციის წევრების მიმართ ეჭვები გააჩინა და დააწესა მკაცრი ცენზურა, ხოლო საფრანგეთიდან დაბრუნებულ სტუდენტებს საზღვარზე აჩერებდა და გზის გაგრძელებამდე დაკითხვას უწყობდა.[9] [10] [11]

მოლდავიურმა მოძრაობამ და ვლახურმა წინააღმდეგობამ რუსეთის შეშფოთება გამოიწვია. რუსეთმა სტურძა და მთავარი გეორგე ბიბესკუ გააფრთხილა, რომ მოხდებოდა ჯარის გამოგზავნა მდინარე პრუტის გასწვრივ, თუკი ორგანული კანონის სისტემაში ცვლილებები მძიმე იქნებოდა. ამ საშიშროებით გათამამებულმა სტურძამ გადაწყვიტა ლიბერალების მოთხოვნებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. აპრილში, მას შემდეგ, რაც ქალაქ იასის პეტიციონერები გაიფანტნენ, მეფე ნიკოლოზ I-მა გამოაგზავნა დამხმარე, ალექსანდრე დუჰამელი, რათა გამოეძიებინა სიტუაცია; იასიში მან მთავარს მოუწოდა ვითარების განმუხტვისთვის დათმობებზე წასულიყო, თუმცა ეს გამორიცხავდა ნებისმიერ სვლას "ლიბერალიზმის" მისამართით.[12]

ჩერნივცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლდავიელმა ლიბერალებმა ჩერნივციში (ბუკოვინა) დააარსეს "მოლდავიური რევოლუციური კომიტეტი" და მიხაილ კოგაილნიკეანუს დაავალეს შეექმნა პრინციპების ახალი ჩამონათვალი ("მოლდავიაში ეროვნული პარტიის სურვილები"), რომელიც გამოქვეყნდა აგვისტოში. ის იყო კიდევ უფრო ლიბერალური, ვიდრე 9 აპრილის პეტიცია და მოითხოვდა არჩეული ასამბლეის მეტი ძალაუფლებით აღჭურვას, მათ შორის, კანონმდებლობის წარდგენის უფლებას და აფართოვებდა ჟუდეცის, ქალაქებისა და სასოფლო თემების ადგილობრივ ავტონომიას.[13] [10] [8]

კოგაილნიკეანუმ, ასევე შექმნა კონსტიტუციის პროექტი, Proiectul de Constituţie, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო წარმოაჩინა მთავრობის დომინანტურ შტოდ და მიანიჭა მას გადასახადების დამტკიცების, ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის დაწესების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და ვაჭრობის სტიმულირების, კანონების რეფორმირების, მმართველის არჩევის და მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტების და ეპისკოპოსების არჩევის უფლებები. რუმინეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა კოგაილნიკეანუმ წამოაყენა იდეა, რომ საზოგადოების ყველა დაკვეთა უნდა წარმოდგენილიყო ასამბლეაში და ამისთვის საყოველთაო ხმის მიცემა არ იყო საჭირო. ამის ნაცვლად, მან წარადგინა წინადადება საარჩევნო კოლეჯის შექმნის შესახებ და მაღალ კლასებს უპირატესი ძალა მიანიჭა. კოლეგების უმეტესობის მსგავსად, მან თავი იგრძნო ვალდებულად სიფრთხილით მოკიდებოდა ეპოქის სოციალურ და პოლიტიკურ რეალობებს იმის გაცნობიერებით, რომ ბოიარები კვლავ წამყვან როლს ასრულებდნენ და ზღუდავდნენ გლეხების მონაწილეობას, მათი განათლებისა და გამოცდილების ნაკლებობის გამო.[8]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7 ივლისს რუსი ჯარისკაცები შევიდნენ მოლდავიაში იმ მიზნით, რომ ბუქარესტის მსგავსად, დაეცვათ რევოლუციური მთავრობა.[14] მაგრამ არ გადაუკვეთიათ ვლახეთის საზღვარი 27 სექტემბრამდე. სამხედრო ადმინისტრაციამ გაძლო 1849 წლის 1 მაისამდე, როცა "ბალტა-ლიმანის კონვენციას" მოეწერა ხელი ოსმალთა ხელმძღვანელობასა და დანუბიურ სამთავროებზე (მოლდავია და ვლახეთი) აღდგენილ ერთობლივ რუსეთ-თურქეთის კონტროლს შორის.[15][16]

1849 წელს მოლდავიის მთავარი გახდა გრიგორე ალექსანდრუ ღიკა; ის ახლოს იყო რეფორმატორებთან და 1848 წელს მხარი დაუჭირა მათ ლიბერალურ პროგრამას. ეს არჩევანი განპირობებული იყო უმეტესწილად ოსმალთა დიდი ვეზირის, რეშიდ ფაშას მოსაზრებით, რომელიც აღფრთოვანებული იყო ღიკას ზომიერი ლიბერალიზმით, რომელიც, მისი რწმენით, წაახალისებდა სტაბილურ ადმინისტრირებას წინა წლის არეულობის შემდეგ. რჩებოდა რა ლიბერალური დღის წესრიგის მიმართ თანამგრძნობი, მან არამარტო მისცა ზოგიერთ რევოლუციონერს სახლში დაბრუნების საშუალება, არამედ ბევრი მათგანი თავის ადმინისტრაციაში დაასაქმა, მათ შორის, კოგაილნიკეანუ, ალექსანდრი და იონ კოლენსკუ დე ლა ბრადი. მან წარმოადგინა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები და წაახალისა ეკონომიკური განვითარება და განათლება, მაგრამ საბოლოოდ დაკარგა სოლიდარობა რევოლუციური ლიდერების მხრიდან, რადგან ვერ შეძლო გლეხების სტატუსის ცვლილება და საშუალო და დაბალი კლასის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გაფართოება.[17] [18] [13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hitchins, p. 232.
  2. Hitchins, p. 235.
  3. Hitchins, p. 236.
  4. Ioana Ursu, "J. A. Vaillant, un prieten al poporului român", in Magazin Istoric, July 1977, p. 14-15.
  5. 5.0 5.1 5.2 Hitchins, p. 237.
  6. Cătălin Turliuc, "160 de ani de la 'primăvara popoarelor'" ("160 Years Since the 'Springtime of Nations'") დაარქივებული 2021-12-31 საიტზე Wayback Machine. , Lumina de Duminică, 23 March, 2008.
  7. Căzănişteanu, C.; Berindei, D.; Florescu, M.; Niculae, V. Revoluţia română din 1848. Bucharest: Editura Politică, 1969, pp. 109-149.
  8. 8.0 8.1 8.2 Hitchins, p.238
  9. Hitchins, pp. 237-8.
  10. 10.0 10.1 Dan A. Lăzărescu, "1848: Revoluţia intelectualilor" ("1848: the Intellectuals' Revolution"). (in Romanian). დაარქივებული. - 2007-05-21, the Wayback Machine, in Magazin Istoric, June, 1998.
  11. Matei and Băluţă Dumitru-Golfin, "Ascensiunea şi căderea lui Alexandru Ioan Cuza" ("The Rise and Fall of Alexander John Cuza"). (in Romanian). დაარქივებული. - 2012-02-13, the Wayback Machine, Gazeta de Sud, 19 January, 2008.
  12. Hitchins, p. 240.
  13. 13.0 13.1 "Mihail Kogălniceanu". დაარქივებული. - 2004-01-03, the Wayback Machine, in the Encyclopedia of Revolutions of 1848. დაარქივებული. - 2007-06-23, the Wayback Machine, at Ohio University.
  14. Hitchins, p. 245.
  15. Hitchins, p. 249.
  16. Neagu Djuvara, Între Orient şi Occident. Ţările române la începutul epocii moderne ("Between Orient and Occident. The Romanian Lands at the beginning of the modern era"), Humanitas, Bucharest, 1995.
  17. Hitchins, p. 276.
  18. "Ghika, Grégoire", in Nouvelle biographie générale depuis les temps les plus reculés jusqu'à nos jours, Tome 20, Firmin Didot, Paris, 1857, p. 394.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Keith Hitchins, The Romanians, 1774–1866, Oxford University Press, USA, 1996.