მიხეილ ბოჭორიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1892, სოფ. ტყიბული, — გ. 17 სექტემბერი, 1937, ქ. კოლპაშევო, ტომსკის ოლქი, რსფსრ) — ქართველი მწერალი, პედაგოგი, პოლიტიკური მოღვაწე.

დაიბადა გლეხის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. 1906 წელს სახალხო მასწავლებლობის უფლება მოიპოვა და სოფლის სამრევლო სკოლაში დაიწყო მუშაობა. 1911-1921 წლებში მასწავლებლობდა სოფლად, ხელმძღვანელობდა კოოპერატივს. დაინტერესებული იყო რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობით. 1914 წელს შეურთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ თავმჯდომარეობდა აღმასრულებელ კომიტეტს, კოოპერატივს, კულტურულ-საგანმანათლებლო კომისიას, სასურსათო კომიტეტს. იყო მუშათა საბჭოების, დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირის მთავარი გამგეობის წევრი. 1918 წელს გახდა ტყიბულის მაღაროების სამეურნეო ნაწილის გამგე.

1910 წელს ბოჭორიშვილი გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე (გაზ. „თეატრი და ცხოვრებაში“ მიხ. დაჩაგრულის ფსევდონიმით გამოაქვეყნა მინიატურა „ჩონჩხები“). მისი მოთხრობების უმეტესობა დაიბეჭდა ქუთაისის გაზეთ „შრომაში“, ალმანახ „სხივში“, „თემში“, მინიატურები — „თეატრი და ცხოვრებაში“ (აქვე დაბეჭდა პიესა „ვნების ბრჭყალები“). იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა გამათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო დამოუკიდებლობის (პარიტეტული) კომიტეტის წევრი სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიიდან და მონაწილეობდა ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებაში. 1924 წლის აგვისტოს გამოსვლების დროს პარიტეტული კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს შიომღვიმეში. 1925 წელს საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ მიუსაჯა დახვრეტა, რომელიც შეეცვალა 10-წლიანი პატიმრობით და „სასტიკი იზოლაციით“. 1930-იან წლებში გადასახლებული იყო ციმბირში. ცხოვრობდა ქალაქ კოლპაშევოში, სადაც ბუხჰალტერად მუშაობდა. მასობრივი რეპრესიების დროს, 1937 წლის ივლისში დააპატიმრეს და სექტემბერში დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1960 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეტიუდები (ავტორი). - ქუთაისი, 1919;
  • მეტეხი (ავტორი). - ტფილისი, 1922.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.414;
  • 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სასამართლო პროცესი. დოკუმენტები და მასალები (1925 წლის ივლისი-აგვისტო). გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო ლევან ჯიქიამ. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2012.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]