შინაარსზე გადასვლა

მთისპირის ბენტონიტური თიხის საბადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მთისპირის ბენტონიტური თიხის საბადობენტონიტური თიხის საბადო სოფელ მთისპირში, გურიის მხარეში.

საბადოს დახასიათება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

60 მილიონი წლის წინ, პალეოგენურ პერიოდში (კაინოზოური ჯგუფი) წყალქვეშა ვულკანების ფერფლის ზღვის წყლის პირობებში დალექვის შედეგად წარმოიშვა თიხა, რომელიც მთისპირის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. საბადო ჰიდროთერმული წარმოშობისაა და შედგება ორი უბნისაგან: ციხისუბნის და ვანისქედის უბნები.

ციხისუბნის საბადო პირველად შესწავლილი იქნა 1930 წელს, უფრო დეტალურად კი 1947-48 წლებში.1952 წელს ჩატარდა დამატებიი ძიება. საბადოს ზედა ნაწილში განლაგებულია თიხა სახელწოდებით „ასკანგლინი“, ქვედა ნაწილში კი „ასკანგელი“. ასკნაგლინის მრეწველობაში გამოყენებისთვის საჭიროა მისი დამუშავება. დამუშავებულ ასკანგლინს „ასკანიტს“ უწოდებენ. ასკანიტი გამოიყენება ნავთობის გადამუშავების ტექნლოგიურ პროცესში.

„ასკანგელის“ თვისებაა დიდი რაოდენობით წყლის შეწოვა, ის წარმოადგენს ბუნებრივ კოლოიდს. ასკანგელი გამოიყენება ნავთობის ჭაბურღილების ბურღვის სამუშაოთა დაჩქარებისა და გაიაფებისთვის. ასკანგელი ასევე გამოიყენება მანქანათმშენებლობაში. ასკანგელისა და ტალკის შერევით მზადდება საღებავი ნივთიერება „ტალასკანი“. ასკანგელი გამოიყენება კერამიკულ წარმოებაში, საპნისა და საფეიქრო მრეწველობაში, ღვინისა და ძმრის საწმენდად, დინამიტის წარმოებაში.

თიხის საბაბოდ წარმოშობის შესახებ სხვადასხვა შეხედულება არსებობს: 1) თიხები წარმოშობილია ტრაქიანდეზიტურ ტუფებზე ჰიდროთერმული მოქმედებებით. 2) თიხების წარმოშობა უკავშირდება მიწის ქერქის გამოფიტვას. 3) თიხები წარმოშობილია ზღვიური აუზის ფსკერზე სხვადასხვა შემადგენლობის ხსნარების ზემოქმედების შედეგად.

საბადოს მეცნიერულ შესწავლამდე სოფელ მთისპირის მოსახლეობა თიხას თავის დასაბანად იყენებდა და ბაზარში გასაყიდად დაჰქონდა. 1916 წელს გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ ნახა ბაზარში გასაყიდად გამოტანილი თიხა და მიხვდა, რომ ძვირფას რამეს წააწყდა. თიხას „ასკანიტი“ უწოდეს, რადგანაც მაშინ მთისპირი ასკანის სასოფლო საზოგადოებაში შემადგენლობაში შედიოდა. 1932 წელს აღმოჩნდა ასკანის ბენტონიტური თიხის საბადო.

საბჭოთა ხელისუფლება სოფელ მთისპირში არსებული საბადოთი 1930-იანი წლებიდან დაინტერესდა. მინერალურ ნედლეულთა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუში ასკანიტის შესასწავლად მოეწყო სპეციალური ქარხანა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტექნოლოგი, პროფესორი ფილატოვი. ინსტიტუტმა გამოიკვლია, რომ ასკანიტი გარდა ძირითადი დანიშნულებისა, ფართოდ შეიძლება იყოს გამოყენებული პარფიუმერიაში. საბადოს დამუშავება დაიწყო 1946 წელს. 1952 წლიდან უკვე საწარმომ დაიწყო დაიწყო ფუნქციონირება. მალე თიხებზე მოთხოვნა გაიზარდა და 1959 წელს ოზურგეთში აშენდა თიხის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც აწარმოებდა ორი სახის პროდუქციას: ბენტონიტი ღვინის მრეწველობისათვის და საყალიბე თიხა. გამოშვებული პროდუქცია მიეწოდებოდა ყოფილი სსრკ–ს წამყვან საწარმოებს ავტოვაზი (ტოლიატი), იაროსლავლის მანქანათმშენებლობის ქარხანა, კამაზის ავტოქარხანა, გორკის ავტოქარხანა, კრაზის ავტოქარხანა და ბელორუსის მანქანათმშენებელი ქარხნები და ასევე იგზავნებოდა საზღვარგარეთ. მას იყენებდნენ სსრკ–ში არსებული ღვინის ქარხნები, ზეთებისა და ცხიმების გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა საწარმოები. ასკანის ბენტონიტი გამოყენებული იქნა ეგვიპტეში, ასუანის კაშხლის მშენებლობაში, როგორც ჰიდროსაიზოლაციო მასალა.

1996 წელს საბადოზე წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია შეისყიდა ბერძნულმა კომპანიამ „სილვერ ენდ მაინინგ კომპანიმ“. ასკანიტის საბადოს მარაგი თავიდან შეადგენდა 10 მლნ. ტონას, დღეს დარჩენილია 4,800 მლნ. ტონა. საბადოს ამოქმედებამ სოფლის რელიეფში ცვლილებები შეიტანა. საბადოს ამუშავების გამო დაიცალა ყოფილი სოფელი ციხისუბანი. 1982 წელს კარიერის ერთ-ერთ ფრთაზე წარმოიშვა მეწყერი. საბადოს ტერიტორიაზე 1986 წელს აღმოაჩინეს სასარგებლო წიაღისეული - ტრაქტიტები, მაგრამ მისი მოპოვება არ ხდება.

2010-იანი წლებიდან ბენტონიტური თიხის მოპოვებას ეწევა „ასკანგელ ალიანსი“, რომელიც ამზადებს საყალიბე თიხას გრანულებისა და ფხვნილის სახით დაბენტონიტს ღვინის წარმოებისთვის.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 634.
  • ელ. ვასაძე, „ასკანის ბენტონიტური თიხები“, გაზეთი „ლენინის დროშა“, N79 გვ3-4 — 1958 წ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]