მერაბ კოკაია
მერაბ კოკაია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 მარტი, 1956 (68 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | შვედეთი |
საქმიანობა | მეცნიერი |
მუშაობის ადგილი | ლუნდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
მერაბ კოკაია (დ. 1957, თბილისი) — ქართველი მეცნიერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიზიოლოგი მერაბ კოკაია შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, თუმცა საქართველოშიც ხშირად კითხულობს ლექციებს. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ბიოფიზიკის განხრით და სწავლა განაგრძო ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც 1983 წელს დაიცვა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1986 წელს მერაბ კოკაია გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა შვედეთში და დაიწყო მუშაობა ნერვული უჯრედების ტრანსპლანტაციაზე ეპილეფსიაში (1986-1987 წლებში). საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1991 წელს, მან ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბიოლოგიაში და ამავე წელს კვლავ შვედეთში გაემგზავრა.
დღესდღეობით ბატონი მერაბი არის: ვალენბერგის ნევროლოგიის ცენტრის (შვედეთი) ექსპერიმენტული ეპილეფსიის კვლევითი ლაბორატორიის გამგე. 1998 წლიდან — ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტი ექსპერიმენტულ ნევროლოგიაში. 2008 წლიდან — პროფესორი. 2011-დან — ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2013-დან — ეპილეფსიის ცენტრის დირექტორი. 2013-2018 წლებში — EC FP7 დიდი კოლაბორაციული პროექტის EPITARGET კოორდინატორი.
მერაბ კოკაია არის მრავალი მნიშვნელოვანი შრომის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი პუბლიკაცია შემდეგ ჟურნალებში: Neuron, PNAS, Brain, J. Neurosci., J Clin. Inv., Neurobiol. Dis., Gene Therapy, PLOS ONE, Hippocampus, Molecular Therapy, და სხვა. მიღებული აქვს პატენტები: ნუკლეინის მჟავების თანამიმდევრობათა გამოყენება ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების დროს, ვექტორები და ნაერთები. EU Patent number: EP2046394 (2014). ნუკლეინის მჟავების თანამიმდევრობათა გამოყენება ეპილეფსიის მკურნალობაში. US patent number: 8,901,094 (2014). ცერებრული იშემიისა და ცერებრული დაზიანების მკურნალობა ნეიროპროტექტორული აგენტებით. US patent number: 5,972,924 (1999).
ლაბორატორია, რომელსაც ქართველი მეცნიერი ხელმძღვანელობს, მნიშვნელოვან კვლევებს ატარებს ნევროლოგიური დაავადებების, კერძოდ, ეპილეფსიის მკურნალობის ახალ მეთოდებზე. ამ ეტაპზე მუშავდება გენეტიკური და უჯრედული თერაპიული მეთოდები. ნერვული უჯრედების გადანერგვა მიმართულია დაღუპული უჯრედების ფუნქციის აღსადგენად და ახალი ჯანსაღი უჯრედული კავშირების ჩამოსაყალიბებლად.
ასევე, შესაძლებელია მომატებული აღგზნებადობის მოდულაცია ღეროვანი უჯრედების ან გენების საშუალებით. არსებობს დიდი შანსი, იმისა, რომ ეს ახალი და პერსპექტიული მკურნალობის მეთოდები გაამართლებს და მათი კლინიკაში დანერგვით დაიწყება ახალი ერა ეპილეფსიის მკურნალობაში.
წარმატებული სამეცნიერო კარიერის პარალელურად მერაბ კოკაია ზრუნავს, რათა ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს გზა გაუკვალოს და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში ადგილი დაუმკვიდროს. მასთან შვედეთში მუშაობენ ქართველი დოქტორანტები. მომავალში იგი კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორია ბატონი მერაბის უმცროსი ძმა ზაალ კოკაიაც. 2010 წლიდან იგი ხელმძღვანელობს შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიულ კვლევით დარგს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოკაია, მერაბ. ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობა ოპტიკური და კომბინირებული გენეტიკური მეთოდებით: ინტერვიუ, ჩაიწერა მ.ტორაძემ, თბილისის უნივერსიტეტი, 2009, 29 მაისი, N7, გვ. 5