მემცენარეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მემცენარეობა აღნიშნავს როგორც სოფლის მეურნეობის დარგს ასევე მეცნიერებას.

როგორც სოფლის მეურნეობის დარგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემცენარეობა, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი, რომლის მიზანია უმთავრესად კულტურული მცენარეების მოყვანა მცენარეული პროდუქციის წარმოების მიზნით. მემცენარეობა იძლევა სასურსათო პროდუქტებს, პირუტყვისათვის — საკვებს, კვების, საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობისათვის — მცენარეულ ნედლეულს. მემცენარეობა მოიცავს მებოსტნეობას, მეხილეობას, მევენახეობას, მემდელოეობას, მეტყევევეობას, მეყვავილეობას. მემცენარეობა მჭიდროს არის დაკავშირებული მეცხოველეობასთან.

როგორც მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემცენარეობა არის მეცნიერება კულტურული მცენარეებისა და მათი მოყვანის მეთოდებზე, რომლის მიზანია საუკეთესო ხარისხის მაღალი მოსავლის მიღება შრომისა და მატერიალური საშუალებების უმცირესი დანახარჯებით; მემცენარეობა როგორც სასწავლო დისციპლინა, გაიგივებულია მემინდვრეობასთან. იგი შედის აგრონომიის მეცნიერებია კომპლექსში. მჭიდროდაა დაკავშირებული ნიადაგთმცოდნეობასთან, ზოგად მიწათმოქმედებასთან, მცენარის სელექციასთანჰ, სასოფლო-სამეურნეო მატეოროლოგიასთან, მცენარის ფიზიოლოგიასთან, ბიოქიმიასთან, გენეტიკასთან, სასოფლო-სამეურნეო მიკრო-ბიოლოგიასთან, აგროფიზიკასთან, აგროქიმიასთან. მემცენარეობის შესწავლის ობიექტია სასოფლო-სამეურნეო მცენარე, მისი ბიოლოგია, დამოკიდებულებას გარემოსთან — აგროეკოლოგიურ პირობებთან.

მემცენარეობა სწავლობს მცენარეთა ზრდა-განვითარების კანონზომიერებას, გარემო პირობებსა და აგროტექნიკაზე დამოკიდებულებით ცალკეული კულტურების მოსავლის გადიდების საშუალებებსა და სისტემებს: თესვა-მოყვანისა და მოსავლის აღბის ტექნოლოგიას — ჯიშის შერჩევას, ნიადაგის დამუშავებას, განოყიერებას, თესვას, ნათესის მოვლის ღონისძიებებს, თესლბრუნვაში კულტურების გაადგილებას და სხვა. მემცენარეობა კვლევისას იყენებს მინდვრის სავეგეტაციო და ლაბორატორიულ მეთოდებს.

რუსეთში მემცენარეობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს მ. ლომონოსოვმა, ა. ბოლოტოვმა, ა. სოვეტოვმა, ა. ენგელგარდტმა, დ. მენდელეევმა, ი. სტებუტმა, ს. დოკუჩაევმა, პ. კოსტიჩევმა, კ. ტიმირიაზევმა, დ. პრიანიშნიკოვმა, პ. ჟუკოვსკიმ და სხვებმა. მემცენარეობის პირველი კათედრის გამგე იყო ი. სტებუტი. მანვე დაწერა პირველი სასწავლო კურსი. ცალკე უნდა აღინიშნოს ნ. ვავილოვის დიდი ღვაწლი სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ინტროდუქციასა და კულტურული მცენარეთა წარმოშობის კერების შესწავლისა და მსოფლიო კოლექციის შექმნაში.

მემცენარეობა საქართველოში სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია, საქართველო და საერთოდ ამიერკავკასია ითვლება მსოფლიოში კულტურული მცენარეთა წარმოქმნის ერთ-ერთ ცენტრად. მინდვრის კულტურების შესწავლის მნიშვნელოვან წყაროდ უნდა მივიჩნიოთ ივანე ჯავახიშვილის შრომები „საქართველოს ეკონომიკური ისტორიის შესახებ“ , — აგრეთვე სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“ და ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსი“, სადაც განხილულია საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო დარგები და კულტურები, განმარტებულია მრავალი სამიწათმოქმედო ტერმინი.

მემცენარეობის პრობლემებისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა XIX საუკუნის 60-70-იან წლებში, როდესაც ქართული ჟურნალ-გაზეთები — „გუთნის დედა“, „სასოფლო გაზეთი“, „მეურნე“, „საქართველოს კალენდარი“ და სხვა ფართოდ აქვეყნებდნენ სტატიებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის წესების შესახებ. ამ მხრივ საყურადღებოა მ. ზაალიშვილის სტატიები მიწათმოქმედებაზე.

მემცენარეობას მეცნიერული საფუძვლები ჩაეყარა XIX საუკუნის დამლევს, როდესაც საქართველოში დაარსდა ყარაიის, საქარის, აჯამეთის, ოზურგეთის საცდელი მინდვრები. 1920 წელს თსუ-ში გაიხსნა მემცენარეობის (კერძო მიწათმოქმედების) კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ი. ლომოური, მანვე დაწერა პირველი სახელმძღვანელო: „მარცვლეული კულტურები“ (I და II ნაწილი).

საქართველოში მემცენარეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა მეცნიერებმა ი. ლომოურმა, ლ. დეკაპრელევიჩმა, ნ. კეცხოველმა, ვ. მენაბდემ, გ. აბესაძემ, ი. ბახტაძემ, ვ. სუპატაშვილ, ა. შ. ჭანიშვილმა, მ. დალაქიშვილმა, ა. ჯაფარიძემ,მ. სიხარულიძემ და სხვებმა. დამუშავდა აგროწესები და სახელმძღვანელოები სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების ღონისძიებათა შესახებ, რომელთა განხორციელებამ უზრუნველყო რესპუბლიკაში მემცენარეობის პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვნად გადიდება.

საქართველოში მემცენარეობის საკითხებს სწავლობს და ამუშავებს ი. ლომოურის სახელობის საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო, საქართველოს ზოოტექნიკური-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი და საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტების შესაბამისი კათედრები. საქართველოში მემცენარეობის საკითხებს განიხილავს ჟურნალი „საქართველოს სოფლის მეურნეობა“ (1921-იდან). მემცენარეობის საკითხები შუქდება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საცდელი სადგურისა და უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო შრომებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბადრიშვილი გ., მემცენარეობა, თბ., 1981;
  • ლომოური ი., მარცვლეული კულტურები, ნაწ. 1-2, თბ., 1946-1950;
  • ჯაფარიძე ა., მემცენარეობა, თბ., 1975;
  • Жуковский П. М., Культурные растения и их сородичи, 3 изд., Л., 1971;
  • Прянишников Д. Н., Частное земледелие, 8 изд., М-Л., 1931;
  • ბადრიშვილი გ., ქსე, ტ. 6, გვ. 568, თბ., 1983