მაღაროსკარის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღაროსკარის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღაროსკარის ჩრდილოეთით, 4 კილომეტრზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირას, ნასოფლარ კართანის ტერიტორიაზე, შემაღლებულ ადგილზე. 1974 და 1983-1985 წლებში ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აქ გათხარა 154 ქვის სამარხი და 4 აკლდამა. ძეგლი განეკუთვნება V-IX საუკუნეებს.

აკლდამები კოლექტიურია, ქვისსამარხები — ინდივიდუალური, არის კოლექტიურიც. მიცვალებულები დაკრძალულია ძირითადად ქრისტიანული წესით. ვხვდებით დაკრძალვის წინაქრისტიანულ წესის გადმონაშთებსაც. სამარხთა მნიშვნელოვანი ნაწილი გაძარცვულია. სამაროვანზე მოპოვებული მასალა: ვერცხლის და ბრინჯაოს ბეჭდები, ბრინჯაოს სამაჯურები, მშვილდსაკინძები, ქამარი, აბზინდები, მინის ბეჭდები, მინის და სარდიონის მძივები და სხვა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]