მასობრივი შიმშილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შიმშილობა ნიგერიაში სამოქალაქო ომის (1967-1970 წწ.) დროს.

მასობრივი შიმშილი — მკაცრი და ხანგრძლივი შიმშილი რეგიონის, ან ქვეყნის მოსახლეობის არსებით ნაწილში, რომელიც იწვევს ფართო და მწვავე საკვების უკმარისობას და შიმშილთან დაკავშირებული ავადმყოფობის გამო სიკვდილს. პროცესი ძირითად შემთხვევებში შეზღუდულ დროით გრძელდება და შესაძლოა მოიცავდეს პერიოდს რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე.

ამა თუ იმ სახელმწიფოს საკვების უსაფრთხოების შესაფასებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იყენებს 5 საფეხურიან შკალას. მეხუთე დონე, ანუ შიმშილი/ჰუმანიტარული კატასტროფა, დგება იმ შემთხვევაში, როცა 10 000 ადამიანიდან 2-ზე მეტი კვდება დღის მანძილზე, მკაცრი საკვების უკმარისობის კოეფიციენტი აღემატება 30 %-ს, შინაური საქონელი გარდაცვლილია და დღეში ერთ ადამიანზე 2100 კილოკალორიაზე ნაკლები საკვებია ხელმისაწვდომი.

მასობრივი შიმშილისგან განსხვავებით, რომელიც ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, შიმშილს გაერო განსაზღვრავს, როგორც არასაკმარის კვებას, რომელიც სულ მცირე 1 წელს გრძელდება და ადამიანებს არ შეუძლიათ საკმარისი საკვების მოხმარება იმისათვის, რომ შეინარჩუნონ წონა და განაგრძონ ფიზიკური აქტივობა. მასობრივი შიმშილის დროს ბავშვები, ორსულები და მეძუძური დედები ყველაზე მოწყვლადები არიან. ვინაიდან ბავშვებს სჭირდებათ კვება, ხშირად ოჯახებს ურჩევნიათ, რომ საკვები პირველ რიგში მიირთვას ოჯახში ძირითადი შემოსავლის გამომმუშავებელმა.

მასობრივი შიმშილის გამომწვევი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასობრივ შიმშილს აქვს გამომწვევი მიზეზები, თუმცა, იშვიათად ხდება, რომ მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზი იყოს განმაპირობებელი. ძირითადი მიზეზების (პოლიტიკა, ომი, გვალვა) გარდა, შესაძლოა იყოს მათგან გამომდინარე მიზეზები, შედეგები. მაგალითად, რომელიმე ტერიტორიაზე გვალვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ხალხის მიგრაციას სხვა არეში, რაც თავის მხრივ იწვევს საკვების ნაკლებობას და კონფლიქტს იმ ადგილზე, სადაც ეს ხალხი მიგრირებს. კონფლიქტი, რომელსაც თან სდევს ინფრასტრუქტურის განადგურება, მკვლელობა და ძარცვა, განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მოწყვლად ჯგუფებზე. ბოლო ათწლეულებია საუბრობენ იმაზეც, რომ მასობრივი შიმშილი შესაძლოა იყოს მთავრობის იარაღი, აკონტროლოს მოსახლეობა, განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები.

მასობრივი შიმშილის გამომწვევ მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს საკვების წარმოებაზე. ტემპერატურის ზრდა ამცირებს მარცვლეულის მოსავალს. ხშირი წვიმები და გვალვაც აზიანებს სახნავ-სათეს მიწას. მაგალითად 2007 წელს ძლიერმა წვიმამ გაანადგურა ბანგლადეშის ბრინჯის მოსავლის მეოთხედი და მილიონზე მეტი აკრი მიწა.

ხშირ შემთხვევაში მასობრივ შიმშილს იწვევს ადამიანების ქმედებები. ერთ-ერთი ასეთი ადამიანური მიზეზია ომი, რომლის დროსაც მარცვლეული ან გამიზნულად ნადგურდება, ან ბრძოლის შედეგად. მარაგების ჯაჭვი და მარშრუტები აღარ არსებობს და საკვების მიწოდება ან ამ მიზნით ვერ ხერხდება, ან უშუალოდ კონფლიქტის მონაწილეები აკონტროლებენ, რომ დისტრიბუცია არ განხორციელდეს. ამასთანვე, აღსანიშნავია იძულებითი მასობრივი შიმშილი პოლიტიკური მიზნებისთვის. 1930-იან წლებში სსრკ-ში ბევრი გლეხი გარდაიცვალა იოსებ სტალინის სოფლის მეურნეობის არასწორი პოლიტიკის გამო. საბჭოთა კავშირის ლიდერი მოითხოვდა, რომ ხორბლის ნაწილი მთავრობისთვის ყოფილიყო მიწოდებული მანამ, სანამ მისი მომყვანი დაიწყებდა მარცვლეულის მოხმარებას.

სომალის ნახევარკუნძულის, იგივე აფრიკის რქის, ქვეყნები — ეთიოპია, ჯიბუტი, ერიტრეა, კენია, სომალი, სუდანი და უგანდა, აფრიკის კონტინენტის ყველაზე ღარიბი რეგიონია. გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2011 წლის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობის 40 %-ზე მეტი ცხოვრობდა საკვების ნაკლებობისკენ მიდრეკილ ტერიტორიებზე. მასობრივი შიმშილი სომალის ნახევარკუნძულის სახელმწიფოებში არ დაწყებულა უეცრად, როგორც ეს ჰაიტის მიწისძვრის, ან ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად მოხდა. ეს იყო კომბინირებული ფაქტორების ხანგრძლივი პროცესის შედეგი. ამ ფაქტორებს შორისაა გვალვა და კლიმატური ცვლილებები, მოსახლეობის სწრაფი ზრდა, ტყის გაჩეხვა და მიწის დეგრადაცია, კონფლიქტი და პოლიტიკური არასტაბილურობა.

XX საუკუნის მასობრივი შიმშილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლოდომორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლოდომორი ადამიანის მიერ შექმნილი მასობრივი შიმშილია, რომელიც მოხდა უკრაინაში 1932-1933 წლებში და წარმოადგენდა უფრო ფართო საბჭოთა (რუსეთი და ყაზახეთი) მასობრივი შიმშილის (1931-1934 წწ.) ნაწილს. ჰოლოდომორი უფრო მომაკვდინებელი გახადა უმეტესწილად უკრაინაზე მიმართულმა პოლიტიკურმა კანონებმა და გადაწყვეტილებებმა. აღნიშნული მასობრივი შიმშილის საწყისი საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის გადაწყვეტილებაშია, როდესაც მან 1929 წელს დაიწყო სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია.

კომუნისტური პარტიის აგიტატორთა ჯგუფები აიძულებდნენ გლეხებს მიწის, პირადი საკუთრების და ხანდახან სახლების გადაცემას კოლექტიური ფერმებისათვის. ისინი, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ კოლექტივიზაციას, გადაასახლეს. კოლექტივიზაციამ გამოიწვია პროდუქციის შემცირება, სასოფლო ეკონომიკის არევა და საკვების უკმარისობა. უკრაინის ზოგიერთ ნაწილში ამ პროცესს მოჰყვა გლეხთა, ზოგ შემთხვევაში შეიარაღებული, აჯანყებები. გარდა იმისა, რომ საბჭოთა ლიდერს სურდა უკრაინის პატარა ფერმების ჩანაცვლება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კოლექტივებით, მის მიზანს ასევე წარმოადგენდა დამოუკიდებლობის იდეის მქონე უკრაინელების დასჯა, ვინაიდან ეს უკანასკნელნი მისი ტოტალიტარული ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის ფედერაცია აღიარებს უკრაინის მასობრივ შიმშილს, თუმცა, არ ეთანხმება ჰოლოდომორის გენოციდად გამოცხადებას.

1959-1961 წლების მასობრივი შიმშილი ჩინეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წლის ზაფხულიდან ჩინეთს უნდა განეხორციელებინა ერთ-ერთი რადიკალური, რევოლუციურ ცვლილება — „დიდი ნახტომი წინ“. განვითარების ამ სტრატეგიის მიზანი იყო, დაეჩქარებინა ჩინეთის ძირითადად სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკის სახელმწიფოდან ძლიერ ინდუსტრიულ ქვეყანად გარდაქმნის პროცესი. ვინაიდან ჩინეთი კაპიტალში შეზღუდული იყო და ტექნოლოგიები ნაკლებად განვითარებული, სწრაფი ზრდის მიღწევა ტექნოლოგიური ცვლილებების შედეგად შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ერთ-ერთ ალტერნატივას წარმოადგენდა სოფლად მცხოვრები მრავალრიცხოვანი მუშების მობილიზება სხვადასხვა ინდუსტრიულ და საჯარო პროექტებში ჩასართავად. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო სამუშაოს და სოციალური ორგანიზების სხვა ასპექტების გარდაქმნა და სასოფლო-სამეურნეო ნამატის სოფლიდან ქალაქისთვის გადაცემის დაჩქარება.

თუმცა, სასოფლო-სამეურნეო და პოლიტიკური გადაწყვეტილებები დეცენტრალიზებული იყო და ყურადღება ექცეოდა უფრო იდეოლოგიას, ვიდრე ექსპერტულ ცოდნას. თემების არაეფექტურობამ და ფერმერთა პატარა ინდუსტრიებად ფართომასშტაბიანმა დაყოფამ ჩინეთის სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად დააზარალა, რასაც მოჰყვა ეროვნული უბედურება და მასობრივი შიმშილის შედეგად 1959-1962 წლებში 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაიხოცა.

XXI საუკუნის მასობრივი შიმშილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის ივლისში გაერომ მასობრივი შიმშილი გამოაცხადა სომალის ორ სამხრეთ რეგიონში, თუმცა, მოგვიანებით, ის სხვა ტერიტორიებზეც გავრცელდა. ითვლება, რომ 2010-2012 წლების ეს მოვლენა ბოლო 20-25 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი მასობრივი შიმშილია. ქვეყანაში 2 წელიწადში დაახლოებით 260 000 ადამიანი გარდაიცვალა, საიდანაც ნახევარზე მეტი იყო 5 წლის ქვემოთ ბავშვები. სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 1992 წელს იმავე სახელმწიფოში გავრცელებულ მასობრივი შიმშილის მაჩვენებელს.

ბოლო 60 წლის მანძილზე ყველაზე საშინელმა გვალვამ გამოიწვია შინაური პირუტყვის დახოცვა, შეამცირა მოსავალი, მოთხოვნა სამუშაო ძალაზე და ოჯახების შემოსავალი, შესაბამისად, მცირე მოსავლის შედეგად საკვების ღირებულება გაიზარდა. ამ ყველაფერს თან დაერთო ისლამური ჯგუფის ალ-შაბააბის ომი სომალის მთავრობასთან, რამაც შეაფერხა დახმარების მიწოდება. კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად სწორედ ალ-შაბააბის კონტროლირებადი ტერიტორიები დაზარალდა.

ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ამ ჯგუფმა 2010 წელს აიძულა დასავლურ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, დაეტოვებინათ სომალი, რამაც გააძნელა დახმარების მობილიზება. ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც დახმარების ოპერაციების განხორციელებას ართულებდა, იყო აშშ-ის 2008 წლის გადაწყვეტილება ალ-შაბააბის ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადებისა, შესაბამისად, მათთვის მატერიალური დახმარების გაწევა აშშ-ის მხარდაჭერილი ორგანიზაციების მიერ ითვლებოდა დანაშაულად. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები მალევე შემსუბუქდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ჰქონდათ გარანტია, რომ დახმარება უშუალოდ ტერორისტების ხელში არ აღმოჩნდებოდა.

იემენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლიდან იემენში სისხლიან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც აჯანყებულმა ჰუტის წევრებმა ირანის მხარდაჭერით მიიტაცეს ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი. კოალიცია საუდის არაბეთის მეთაურობით ებრძვის ამბოხებულებს და მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას.

იემენის საკვების კრიზისი არის პირდაპირი, ადამიანის მიერ ომის შედეგად შექმნილი კრიზისი. 2015 წლიდან ქვეყნის ეკონომიკა განახევრდა და მოსახლეობის 80 %-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. შემოსავლის გაქრობამ და ფასების მატებამ ბევრი ადამიანისთვის საკვებზე ხელმისაწვდომობა შეამცირა. ზრდასრული ადამიანები თავიანთ საკვებს ბავშვებს უთმობს, მათი ნაწილი ვალებს იღებს, ან ოჯახის წევრს უწევს ითხოვოს საკვები, ან გაყიდოს ქონება საკვების შესაძენად.

2020 წლის გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშში „იემენი 5 წლის შემდეგ: ბავშვები, კონფლიქტი და კოვიდ-19“ საუბარია იმ ფაქტზე, რომ იემენს არ შეუძლია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განადგურებული ჯანდაცვის სისტემისა და ინფრასტრუქტურის გამო, რაც დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, განსაკუთრებით ბავშვებს. ანგარიში აჩვენებს, რომ 2020 წლის ბოლომდე დამატებით 30 000 ბავშვმა შესაძლოა გამოსცადოს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი საკვების ნაკლებობა და შიმშილის ზღვარზე მყოფი 5 წლის ასაკს ქვემოთ ბავშვების საერთო რაოდენობამ მიაღწიოს 2,4 მილიონს.

პასუხი მასობრივ შიმშილზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკვებსა და მასობრივ შიმშილთან დაკავშირებით მიიჩნევა, რომ აუცილებელია შესაბამისი ორგანოები უკიდურეს შემთხვევაში ინტერვენციის ნაცვლად გადაერთონ სიღარიბის შემცირების, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვისა და მოქნილი და მდგრადი საკვები პროდუქტების სისტემის შექმნის გრძელვადიან პოლიტიკაზე. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიაღწია ამ მიზნებს, მაგალითად ბანგლადეშმა და [[ეთიოპია\\მ, ნაწილმა სახელმწიფოებმა კი განახორციელეს ისეთი პოლიტიკა, რომელმაც გააუმჯობესა საკვების უსაფრთხოება, სტრატეგიული საკვები მარაგების შენარჩუნება და საკვები დახმარების ტაქტიკური გამოყენება.

ბოლო პერიოდში საერთაშორისო დახმარების ორგანიზაციებმა შექმნეს უკეთესი მონიტორინგის სისტემები. მათ შორის ერთ-ერთია მასობრივი შიმშილის ადრეული გაფრთხილების სიტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას უკეთ მოსამზადებად და დროული ინტერვენციისათვის. სისტემა შეიქმნა 1985 წელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ აღმოსავლეთ და დასავლეთ აფრიკაში გამანადგურებელი მასობრივი შიმშილის საპასუხოდ და ამზადებს მიუკერძოებელ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიზს მთავრობისა და დახმარების ორგანიზაციებისათვის, რომლებიც აპირებენ ჰუმანიტარულ კრიზისზე რეაგირებას. სისტემის მიდგომა 4 ელემენტისგან შედგება და მოიცავს საკვების უსაფრთხოების ანალიზს ადრეული გაფრთხილებისათვის; სწავლებისა და მონაცემების გაზიარებას; საკვებისა და საარსებო საშუალებების უსაფრთხოების დინამიკის ანალიზს; აგროკლიმატური პირობების მონიტორინგსა და პროგნოზს; ტექნოლოგიისა და ინოვაციების განვითარებას.

იმისათვის, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციების ადრეულ გაფრთხილებას მოჰყვეს შესაბამისი ზომები, უნდა არსებობდეს 5 პირობა:

  1. არსებობა — იმ ადგილებში, სადაც არის, ან შესაძლოა დადგეს ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება, ფიზიკურად უნდა არსებობდეს ჰუმანიტარული სააგენტო;
  2. ხელმისაწვდომობა — დახმარების მომლოდინე მოსახლეობაზე წვდომა, რაც მიიღწევა ყველა მონაწილე მხარის თანხმობის შემთხვევაში;
  3. ოპერაციული შესაძლებლობა — ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების უნარი;
  4. ადეკვატური დაფინანსება — საკმარისი რესურსების დროულად მოძიება;
  5. სამართლებრივი დაცვა — მასშტაბი, რომლის ფარგლებში სააგენტო თავისუფალია, ფუნქციონირებდეს საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანიტარული პრინციპების შესაბამისად და არ არსებობდეს მის თანამშრომლებზე სამართლებრივი ქმედების განხორციელების საფრთხე.

მასობრივი შიმშილის თავიდან აცილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომავალში მასობრივი შიმშილის თავიდან ასარიდებლად საჭიროა გადაუდებელ, მოკლე, საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიათა ერთობლიობა:

  • ჰუმანიტარული დახმარება — საჭიროა გადაუდებელი კრიზისის სამართავად. ეს მოიცავს საკვების გადანაწილებას, რასაც უნდა მოჰყვეს საკვებით მიზნობრივი დახმარება, ჯანდაცვისა და სუფთა წყლის მიწოდება და სანიტარული პირობების გაუმჯობესება;
  • საზოგადოების აღდგენა — ძირითად შემთხვევაში მოიცავს ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას, მაგალითად ქმედუნარიანი ხალხის დასაქმება სარწყავი სისტემების, გზებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის ასაგებად;
  • ადგილობრივი საკვები სისტემების მედეგობის გაძლიერება — ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა უნდა გამოიყენონ დახმარება მედეგობისათვის და არა მხოლოდ დახმარება განვითარებისათვის;
  • გრძელვადიან ეკონომიკურ სტრატეგიებზე ფოკუსირება — დახმარება მიზნად უნდა ისახავდეს ეკონომიკური დივერსიფიკაციის გაზრდას და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]