მარინა ნადირაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარინა ნადირაძე (დ. 30 სექტემბერი, 1978 , თბილისი) — ქართველი მუსიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარინა დავითის ასული ნადირაძე დაიბადა თბილისში, 1978 წლის, 30 სექტემბერს. დაამთავრა „ნიჭიერთა ათწლედი“. ფორტეპიანოს პედაგოგი ვ. სვანიძე. 9 წლის ასაკში, 1987 წელს, მოიგო თავისი პირველი ჯილდო, პირველი პრემია დაიმსახურა დვარიონასის სახელობის ვილნიუსის საერთაშორისო კონკურსში. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში იყო პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის მოსწავლე. 1995 წელს მიიღო დიპლომი გიოტინგენის შოპენის სახელობის კონკურსში; 1997 წელს მეორე პრემია და სპეციალური პრიზი არტისტიზმისათვის პიანისტთა თბილისის პირველ საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე.

კონსერვატორიის მესამე კურსიდან შოტლანდიაში გაემგზავრა და 1999–2001 წლებში გლაზგოში, მუსიკისა და დრამის სამეფო აკადემიაში გაიარა სტაჟირება. პედაგოგი: ფ. ჯენკინსი. მიენიჭა მასტერის წოდება. სწავლის პერიოდში მოიპოვა არაერთი პრიზი და სტიპენდია. მათ შორის: პირველი პრემია, უაღრესად პრესტიჟული Lasmo Staffa Award შოტლანდიაში, 2000 წელს; მეორე პრემია, ვერცხლის მედალი და პრიზი ჯ. მაკ–კეიბის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის Lawrence Glover–ის შოტლანდიის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე 2001 წელს.

მუსიკალური კარიერა პიანისტმა დიდ ბრიტანეთში გააგრძელა. ცხოვრობს ინგლისში, ზრდის ორ შვილს და ამავე დროს, აქტიურად მონაწილეობს საკონცერტო ტურნეებში. Myra Hess–ის ფონდისა და Craxton–ის მემორიალური ფონდის სტიპენდიების დახმარებით წარმატებით მართავს კონცერტებს მსოფლიო მრავალ ქვეყანაში: ავსტრია, გერმანია, არგენტინა, ისლანდია, კორეა, რუსეთი, შვეიცარია, საფრანგეთი; 2001–2007 წლებში იყო YAMAHA-ს სოლისტი.

როგორც პედაგოგი მარინა ნადირაძე 2002–2006 წლებში მოღვაწეობდა სამეფო აკადემიაში, 2009 წ–დან ბედფორდის სკოლაში.

პიანისტის რეპერტუერშია: რ. ლაღიძე – რონდო ტოკატა; ა. ბალანჩივაძე – კონცერტი №3; ი.ს.ბახი, სკარლატი, ბეთჰოვენი, შოპენი, შუმანი, ლისტი, პროკოფიევი, რაველი, დებიუსი და სხვ.; კონცერტები: ბეთჰოვენის №2, 3, 5; ლისტის №1; რახმანინოვის №2; მოცარტის; სენ–სანსის №2; ბრამსის №2; გრიგის; შოპენის №1, 2 და სხვ.

დღესდღეობით მარინა ნადირაძის საერთაშორისო კარიერა აღმავლობის გზაზეა. იგი, როგორც გამორჩეული ხელოვანი, იპყრობს მუსიკის მოყვარულთა ყურადღებას მთელს მსოფლიოში. შემთხვევითი არაა, რომ 2007 წელს „Independent”-ში კრიტიკოსმა მაიკლ ჩერჩმა მარინას დაკვრა დიდ მიცუკო უჩიდას შეადარა. გამოშვებული აქვს 5 CD; ხშირად დადის ფესტივალებზე. მნიშვნელოვანი იყო მისი გამოსვლა Musique-Cordiale Festival in Seillans, საფრანგეთში. შეძლებისდაგვარად ყოველთვის მონაწილეობს მისი მასწავლებლის თენგიზ ამირეჯიბის სახელობის თბილისის საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც 2013 წლიდან ყოველწლიურად იმართება და ფესტივალ „შემოდგომის თბილისში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 358

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]