მანანა შილაკაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანანა შილაკაძე (დ. 8 თებერვალი, 1938, თბილისი ― გ. 20 ოქტომბერი, 2010, თბილისი) — ქართველი ეთნოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

1956 წელს დაამთავრა თბილისის 54-ე საშუალო სკოლა და თბილისის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის I სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანოს სპეციალობით. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს. 1965-1969 წლებში პედაგოგად მუშაობდა თბილისის მე-8 სამუსიკო სკოლაში. 1962-2006 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, აგრეთვე იყო ეთნოგრაფიაში სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, საქართველოს ეთნოგრაფიული ატლასის კომისიის მდივანი. 1968 წლიდან სხვადასხვა პერიოდში კითხულობდა ლექციების კურსს ეთნომუსიკოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებულ საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლეს სასწავლებელში. 1990-2004 წლებში თბილისის ხალხური საკრავების მუზეუმის სწავლული მდივანი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. იგი მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში, აქტიურად ატარებდა საველე კვლევებს ეთნოგრაფიისა და ეთნომუსიკოლოგიის დარგში: სვანეთის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღვანელი გ. ჩიტაია, 1963); ხევსურეთის კომპლექსური ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღვანელი ვ. ბარდაველიძე, 1963); თუშეთისა და ხევის კომპლექსური ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღვანელი ვ. ბარდაველიძე, 1966). მთიულეთ-გუდამაყრის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღვანელი ი. ჭყონია, 1967); ქვემო ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ბოლნისისა და მარნეულის რაიონები, ხელმძღვანელი გ. ჯავახიშვილი, 1969); ქვემო ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონები, ხელმძღვანელი გ. ჯავახიშვილი, 1970); ქვემო ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (გარდაბნისა და წალკის რაიონები, ხელმძღვნელი ლ. ფრუიძე, 1971); გურიის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ოზურგეთის და ჩოხატაურის რაიონები, ხელმძღვანელი ჯ. რუხაძე, 1971); გურია-აჭარის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ლანჩხუთისა და ქობულეთის რაიონები, ხელმძღვანელი ლ. ფრუიძე, 1972). ეთნომუსიკოლოგიის საკითხების კვლევისთვის მანანა შილაკაძე ახორციელებდა ინდივიდუალურ მივლინებებს საქართველოსა და ჩრდილო-კავკასიის სხვადასხვა რეგიონებში. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა ― „ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკა“, დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - „ქართულ-ჩრდილოკავკასიური ეთნოკულტურული ურთიერთობანი“, დაიცვა 1991 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]