ლურჯფერა შაშვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლურჯფერა შაშვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Myophonus caeruleus (Scopoli, 1786)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 106006301

ლურჯფერა შაშვი[1] (ლათ. Myophonus caeruleus) — ფრინველი შაშვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 31–35 სმ, მასა 170–200 . აქვს მაგარი ნისკარტი, ძლიერი, გრძელი ფეხები და საკმაოდ გრძელი მომრგვალებული ბოლო. შეფერილობა მუქია, დაჰკრავს ლურჯ-იისფერი ელფერი, აყრია ღია ლურჯი ლაქები, ნისკარტის ფერი გეოგრაფიულად იცვლება ყვითლიდან უფრო მუქ ფერამდე; დედალი უფრო მკრთალია. ხმა ძლიერი და ლამაზია. კარგი იმიტატორია, ტყვეობაში რთულ მელოდიებსაც სწავლობს.

გავრცელებულია აზიის მთათა სისტემებში — პამირ-ალაიდან და ტიან-შანიდან ჰიმალაიმდე, აღმოსავლეთ ჩინეთამდე, სუმატრისა და იავის კუნძულებამდე. ახასიათებს სეზონური ვერტიკალური მომთაბარეობები; ზამთარში მთისწინებისკენ ეშვება, ზაფხულში ზღვის დონიდან 5100 მეტრამდე ადის. ეტანება ნაკადულთა ქვიან სანაპიროებს, კალაპოტისპირა ტყეებსა და ბუჩქნარებს. გადაადგილდება დიდი ნახტომებით, თავს კუდით აბალანსებს.

კვების რაციონში შედის კენკრა, თესლები, ჭიები, მოლუსკები, ფეხსახსრიანები; ბარტყებს უპირატესად ლოქორებით კვებავს. დედალი მასიურ ჯამისებურ ბუდეს აშენებს, რომელიც ძნელადმისაღწევ ადგილზე მდებარეობს (იგი შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაშიც გამოიყენოს). დებს 3–6 კვერცხს, კრუხობს მხოლოდ დედალი. ტროპიკებში ერთ სეზონზე 2 თაობას ჩეკს. ხშირად ჰყავთ ტყვეობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 68, 167, 193.