შინაარსზე გადასვლა

ლუდვიგ ჩიბიროვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუდვიგ ჩიბიროვი
ლუდვიგ ჩიბიროვი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1996 წელს – 2001 წელს

დაბადებული1932 წლის 19 ნოემბერი
სოფელი ზარი (ცხინვალის რაიონი)
პროფესიაეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ლუდვიგ ჩიბიროვი (ოს. Цыбырты Алексейы фырт Людвиг; დ. 19 ნოემბერი, 1932 , ცხინვალი, სამხ. ოსეთის ავტონომიური ოლქი) — პოლიტიკოსი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მე-2 პრეზიდენტი (1996–2001 წლებში).

ლუდვიგ ჩიბიროვი დაიბადა და საშუალო სკოლა დაამთავრა ცხინვალის რაიონის სოფელ ძარში. 1956 წელს დაამთავრა კოსტა ხეთაგუროვის ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1978 წლიდან), პროფესორი (1981 წლიდან), სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი.

პოლიტიკური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის ოქტომბრიდან იყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.

1996 წლის 10 ნოემბერს აირჩიეს დე-ფაქტო პრეზიდენტად. მან გაიმარჯვა ხმების 65%-იანი უპირატესობით ყოფილ პრემიერ მინისტრ ვლადისლავ გაბარაევთან შედარებით, რომელიც მხარს უჭერდა სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან სეცესიას და რუსეთთან გაერთიანებას.

1996 წლის 27 აგვისტოს ქალაქ ვლადიკავკაზში გაიმართა ედუარდ შევარდნაძისა და ლუდვიგ ჩიბიროვის შეხვედრა. მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება. შეხვედრამ დაადასტურა ტენდენციის გაღრმავება ქართულ-ოსური ურთიერთობების დათბობისკენ, რასაც საფუძველი დაუდო 16 მაისის მემორანდუმმა.

1996 წლის 10 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ეთნიკური ნიშნით დაზარალებული ოსების უფლებების აღდგენის მოთხოვნის შემცველი წერილით.

1996 წლის 9 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩრდილოეთ ოსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის სოციალურ-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ეს შეთანხმება ხაზგასმით პოლიტიკური ხასიათის არ იყო და საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო მისი სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების საფუძველზე როკის გვირაბის მეშვეობით გზა გაეხსნა კონტრაბანდული ტვირთის შემოტანას საქართველოში. აღნიშნული დოკუმენტი აღმოჩნდა „მწვანე შუქი“ ერგნეთის ბაზრობის გასახსნელად.

1996 წლის 10 ნოემბერს გაიმართა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები. პრეზიდენტად აირჩიეს ლუდვიგ ჩიბიროვი. საქართველოს პარლამენტმა 26 ნოემბერს მიღო დადგენილება ცხინვალის რეგიონის ტერიტორიის ნაწილზე 1996 წლის 10 ნოემბერს გამართული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით გამართული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიჩნეულ იქნა იურიდიული ძალის არმქონედ.

1997 წლის მაისიდან იწყება მხარეების მიერ პროექტების წარმოდგენა პოლიტიკურ-სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრის საფუძვლების შესახებ (1997 წლის ივლისი — პროექტს წარმოადგენს რუსეთი; სექტემბერში — „სამხრეთ ოსეთი“). ქართული მხარის პროექტის წარდგენა ხდება დაბა ჯავაში, 1997 წლის 14 ნოემბერს გამართული ე. შევარდნაძისა და ლ. ჩიბიროვის შეხვედრის შემდეგ, რომელზეც ძირითადად განხილულ იქნა სოციალურ-ეკონომიკური საკითხები.

1998 წლის 20 ივნისს ბორჯომში გაიმართა მორიგი შეხვედრა ედუარდ შევარდნაძესა და ლუდვიგ ჩიბიროვს შორის რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის პასტუხოვის მონაწილეობით. განხილულ იქნა პრობლემების ფართო სპექტრი. აღინიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესის დადებითი დინამიკა. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულ ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კონფლიქტის დაზარალებული რაიონების ეკონომიკური რეაბილიტაცია და განვითარება, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებული აღდგენისა და განვითარების პროგრამების რეალიზაცია, რომელთაგან ზოგიერთი უკვე აქტიურად ხორციელდება. გამოითქვა განზრახვა გაჩანაგებული ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების, ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცესისათვის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევის თხოვნით უცხოელი დონორებისადმი მიმართვის თაობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ევროპის კავშირის ინიციატივა გამოყოფილიყო ფულადი დახმარება კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციისაა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამისათვის. ოსური მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფელ მიტარბში ოსი ეროვნების მოსახლეობის დაბრუნება და გამოითქვა სურვილი, რომ იგივე პროცესი გაგრძელებულიყო საქართველოს სხვა რეგიონებში. ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ამ პერიოდში იგვიანებს პოლიტიკური შეთანხმებისაკენ მიმართული ნაბიჯები.

1999 წლის 15 იანვრით დათარიღებულ ეუთოს მისიის ანგარიშში განხილულია კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ე. წ. შუალედური დოკუმენტის ქართული, ოსური და რუსული ვერსიები, რომელთა შექმნა 1997 წლის მარტში, მოსკოვში შეხვედრისას გადაწყდა.

2001 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოსადმი ლიბერალურად განწყობილმა ლუდვიგ ჩიბიროვმა მეორედ წარადგინა თავისი კანდიდატურა და მიიღო ხმების 20%-ზე ნაკლები. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას 2001 წელს სათავეში ჩაუდგა 38 წლის ედუარდ კოკოითი.

სამეცნიერო საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუდვიგ ჩიბიროვი ოსურ და რუსულ ენებზე შექმნილი 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელიც მიეძღვნა ოსი ხალხისა და კავკასიის და სხვა ხალხების ეთნოგრაფიის, ისტორიისა და კულტურის საკითხების ფართო სპექტრს.

ძირითადი ნაშრომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „ოსი ხალხის საცხოვრებელი"
  • „ოსი ხალხის ეროვნული სასოფლო-სამეურნეო კალენდარი“
  • „ოსური სულიერი კულტურის უძველესი ფენები“
  • „შეხვედრები ვასო აბაევთან“
  • „კავკასიის პერიოდული პრესა ოსეთსა და ოსების შესახებ“
  • „ოსეთის ეროვნული დღესასწაულები“ (ვლადიკავკაზი, 1998)
  • საქართველოს პარლამენტის დადგენილებები;
  • ეუთოს მისიის ანგარიშების საფუძველზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალები ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით;
  • კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის არქივი.
  • ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზების, დინამიკის, გადაწყვეტის გზების ძიებისა და სავარაუდო მიმართულებების შესახებ. თბილისი, 2005. ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]