ლეონიდ კრასინი
ლეონიდ კრასინი (რუს. Леони́д Бори́сович Кра́син; დ. 15 ივლისი, [ძვ. სტ. 3 ივლისი, 1870, კურგანი, ტობოლსკის გუბერნია — გ. 24 ნოემბერი, 1926, ლონდონი) — ინჟინერი, სოციალური მეწარმე. საბჭოთა კავშირში იყო ცნობილი დიპლომატი. ტიფლისის 1907 წლის ექსპროპრიაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1887 წელს დაამთავრა ალექსანდრეს სახელობის რეალური სასწავლებელი. 1887-91 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. აქვე ჩაერთო აქტიურად სტუდენტთა მარქსისტულ მოძრაობაში. 1891 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ქალაქიდან. 1892 წელს ისევ აპატიმრებენ. 1893 წელს ათავისუფლებენ და ცხოვრობს ყირიმში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. 1895 წელს ისევ აპატიმრებენ და ამჯერად ასახლებენ ირკუტსკში. გადასახლებიდან ბრუნდება 1897 წელს და სასწავლებლად შედის ხარკოვის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, რომელსაც ასრულებს 1900 წელს. იმავე წელს საცხოვრებლად გადადის ბაქოში, სადაც აქტიურად ერთვება რევოლუციურ-საგამომცემლო საქმიანობაში. აარსებს არალეგალურ სტამბას, სადაც ბეჭდავდა გაზეთ „ისკრას“. 1903 წელს ირჩევენ ბოლშევიკთა პარტიის ცეკა-ს წევრად. 1905 წლის მაისში მონაწილეობდა ლონდონში გამართულ ბოლშევიკთა ყრილობის მუშაობაში. იმავე წელს ბრუნდება რუსეთში და აქტიურად მონაწილეობს ბოლშევიკური ექსპროპრიაციების ორგანიზებაში. 1907 წელს თბილისშია. 1907 წლის 13 ივნისს მისი ხელმძღვანელობითა და კამოს შესრულებით განხორციელდა თბილისის სახელმწიფო ბანკის ძარცვა. 1908 წლიდან ემიგრაციაშია. ცხოვრობს ჯერ ფინეთში, შემდეგ იტალიაში. მალე გადადის გერმანიაში, სადაც ინჟინრად იწყებს მუშაობას კომპანია „სიმენსში“. 1911 წელს ინიშნება კომპანიის ბერლინის ფილიალის დირექტორის მოადგილედ. 1912 წელს ინიშნება მოსკოვის ფილიალის დირექტორად, ხოლო 1913 წელს კომპანიის გენერალური წარმომადგენელია რუსეთში. პირველი მსოფლიო ომის დროს სანქტ-პეტერბურგის ღვინის ქარხნის დირექტორია. 1917 წლის დეკემბრიდან ისევ აქტიურად ერთვება ბოლშევიკურ საქმიანობაში. 1918 წლის მარტში მონაწილეობდა ბრესტ-ლიტოვსკის კონფერენციის მუშაობაში. 1918 წლის ნოემბრიდან 1920 წლის ივნისამდე არის სსრკ ვაჭრობისა და მრეწველობის სახალხო კომისარი. ამავე დროს, 1919 წლის მარტიდან 1920 წლის დეკემბრამდე არის გზათა შეტყობინების სახალხო კომისარი. 1920 წლის დასაწყისიდან ინიშნება ევროპასთან სავჭრო ურთიერთობების დასამყარებლად გაგზავნილი დელეგაციის ხელმძღვანელად. 1920 წლის მაისიდან ლონდონში ბრიტანეთის მთავრობასთან აწარმოებდა ხანგრძლივ სავაჭრო მოლაპარაკებებს. 1920-23 წლებში საბჭოელთა სავაჭრო წარმომადგენელია დიდ ბრიტანეთში. 1923 წელს ინიშნება სსრკ საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრად. 1924 წელს საბჭოთა კავშირის დიპლომატიური წარმომადგენელია საფრანგეთში. 1925 წლიდან ისევ დიდ ბრიტანეთშია, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Густерин, Павел Вячеславович Советско-британские отношения между мировыми войнами. — Саарбрюккен. — 2014. — ISBN 978-3-659-55735-4.
- Максим Горький|Горький М. Леонид Красин დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine.