ლევან გაბრიაძე
ლევან გაბრიაძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
16 ნოემბერი, 1969 თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა |
მსახიობი რეჟისორი |
აქტიური | 1986-დღემდე |
მშობლები | მამა: რევაზ გაბრიაძე |
ლევან (ლეო) რევაზის ძე გაბრიაძე (რუს. Леван Ревазович Габриадзе; დ. 16 ნოემბერი, 1969) — რუსეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეო გაბრიაძე დაიბადა თბილისში 1969 წლის 16 ნოემბერს. თეატრი ადრეულ ასაკში შემოვიდა ლეოს ცხოვრებაში - ის მუშაობდა მარიონეტების თეატრში, როგორც მეთოჯინე და მამის, რეზო გაბრიაძის, ასისტენტი.
16 წლის ასაკში შედგა მისი კინოდებიუტი. ლეომ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი, როლი გიორგი დანელიას ფილმში „ქინ ძა-ძა!“. მას ასევე რამდენიმე ეპიზოდური როლი აქვს შესრულებული სხვადასხვა ფილმში, მათ შორის გიორგი დანელიას სურათში „პასპორტი“, რომლის სცენარიც რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის.
ლეო გაბრიაძემ დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი მსახიობის სპეციალობით. 1990 წელს კი, სწავლა განაგრძო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ლოს ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, დიზაინისა და ანიმაციის განხრით. ამერიკაშივე დაიწყო მუშაობა ანიმაციისა და დიზაინის მიმართულებით.
1995 წელს ლეო გაბრიაძემ, თემურ ბეკმამბეტოვთან ერთად, დააარსა კინოკომპანია “ბაზელევსის” სარეკლამო განყოფილება, სადაც იმუშავა 20 წლის განმავლობაში. ლეო ასზე მეტი სატელევიზიო სარეკლამო რგოლის რეჟისორია.
2010 წელს ლეო გაბრიაძემ გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ვიკრუტასები”, რომელმაც მოიპოვა მაყურებელთა სიმპატიის პრიზი კინოფესტივალზე “ცეცხლის სული”. ფილმში მთავარი როლი ამერიკელმა მსახიობმა მილა იოვოვიჩმა შეასრულა.
2015 წელს ლეო გაბრიაძემ ამერიკული სტუდია “იუნივერსალისთვის” გადაიღო ფილმი “მეგობრებიდან წაშლა”. ეს იყო პირველი ექსპერიმენტული ფილმი, რომელიც შეიქმნა Screenlife ჟანრში, როდესაც მოქმედება მთავარი გმირის კომპიუტერის ეკრანზე ვითარდება. ფილმს დიდი კომერციული წარმატება ჰქონდა.
ფილმი რეზოზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წელს ეკრანებზე გამოვიდა ანიმაციური ფილმი “ჰარი, ჰარალე, დედაო!”, რომელიც ლეო გაბრიაძემ მამის, რეზო გაბრიაძის ბავშვობის მოგონებების მიხედვით გადაიღო.
ეს ფილმი განსაკუთრებული პროექტი იყო მამა-შვილისთვის - თავდაპირველი იდეიდან საბოლოო ფილმამდე ხანგრძლივი პაუზებით სავსე 20 წელზე მეტი გავიდა.
1993-94 წლებში, ლოს ანჯელესში სწავლისას, ლეომ გააცნობიერა, რომ კომპიუტერული გრაფიკა ანიმაციისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნიდა და მამის მოთხრობილი ამბებისა და ნახატების ერთ ანიმაციურ ფილმში გაერთიანების საშუალებას მისცემდა. სწორედ ამ დროს რეზო ერთი თვით ჩავიდა ლოს ანჯელესში და ლეომ ყველა მისი მოყოლილი ამბავი ვიდეოზე ჩაიწერა. იმ ერთი თვის მანძილზე რეზომ რამდენიმე პერსონაჟის ესკიზიც შექმნა და ეს იქცა პირველ ნაბიჯად მათი ერთობლივი შემოქმედებითი პროექტის განვითარების გზაზე.
ლეო ამ ფილმზე მუშაობის პერიოდს იხსენებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ შემოქმედებით გამოცდილებას თავის ცხოვრებაში: “ყველაფერი ძალიან ნაცნობი და ახლობელი იყო, როგორც თოჯინური წარმოდგენის დადგმისას”.
2017 წელს ფილმზე მუშაობა დასრულდა და 2018 წლის მაისში ის იხილა მაყურებელმა. “ჰარი, ჰარალე, დედაოს!” მსოფლიო პრემიერა შედგა IDFA-ზე - დოკუმენტური კინოს ოცდამეათე საერთაშორისო ფესტივალზე ამსტერდამში.
საქართველოში კი, ფილმის პრემიერა შედგა ქუთისში, სწორედ იმ თეთრ ხიდზე, საიდანც ასე უყვარდა გადაფურთხება ბავშვობაში რეზოს. “დავაყენეთ ეკრანი, მოვიწვიეთ მეგობრები და დავსხედით პირდაპირ ხიდზე ფილმის საყურებლად. შემდეგ კი, სიმბოლურად, ყველამ ერთად გადავაფურთხეთ ხიდიდან” - სითბოთი იხსენებს ლეო.
“მომხიბვლელად პირადი ... სავსე ექსცენტრიული დეტალებით”
- ბენ კენიგსბერგი, The New York Times
“ჰარი, ჰარალე, დედაო!” ალბათ ყველაზე ახლოს დგას იმასთან, რასაც გააკეთებდა შაგალი ანიმაციაში, ამის შესაძლებლობა და სურვილი, რომ ჰქონოდა. ეს საოცრად მომხიბვლელი ფილმია. “ჰარი, ჰარალე, დედაო!” - დიდი ქართველი შემოქმედის მოყოლილი შესანიშნავი, გამჭრიახი და ტკბილ-მწარე ამბავია. ის ასევე ამტკიცებს, რომ ანიმაცია შეიძლება იყოს იდეალური საშუალება სერიოზული კინოს შესაქმნელად. მართალი გითხრათ, ვფიქრობ ის წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას გაბრიაძის ამბის ღირსეულად ასახვისთვის”
- ჯო ბენდელი, Unseen Films
მუშაობა თეატრში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე ლეო გაბრიაძე არის გაბრიაძის თეატრის კრეატიული პროდიუსერი. ამ პერიოდის განმავლოაბში თეატრში დაიდგა ოთხი ახალი სპექტაკლი, იყო მრავალი გასტროლი და მონაწილეობა პრესტიჟულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში, მათ შორის ავინიონში, ლინკოლნ ცენტრში და ა.შ.
2012 წელს ლეო გაბრიაძის კურატორობით მოეწყო რეზო გაბრიაძის გამოფენა პუშკინის მუზეუმში,
2021 წლიდან ლეო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. მან ახალი სიცოცხლე მიანიჭა რეზოს რამდენიმე პიესას. გოლდონის თეატრთან (ვენეცია) თანამშრომლობით დადგა სპექტაკლი “ალფრედი და ვიოლეტა”, რომლის პრემიერაც 2022 წელს ვენეციაში შედგა. ერთი წლის შემდეგ, 2023 წელს კი, ლეომ განაახლა “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი”, რომელიც “ქეთო და კოტეს” ამბის რეზოსეულ გაგრძელებას წარმოადგენს.
ლეო გაბრიაძე არის არა მხოლოდ რეზო გაბრიაძის პოეტური სამყაროს ტრადიციების მცველი, არამედ უძღვება ყველა შემოქმედებითი სახელოსნოსა და სამხატვრო სტუდიის მუშაობას.
მეუღლე ვერონიკასთან ერთად ლეომ დააარსა გაბრიაძის ფონდი. ფონდის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რეზო გაბრიაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის გაფრთხილება და ლიტერატურის, სახვითი ხელოვნების, ქანდაკების, თეატრისა და კინოს მიმართულებით პროექტების განვითარება. ფონდი ასევე ავითარებს კულტურული დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსახიობი:
- 1981: „რთული დასაწყისი“ - რეჟ. თენგიზ მაღალაშვილი - ბაქარი ბავშვობაში (დუბლირება ვ. კორნეევი)
- 1986: „ქინ-ძა-ძა!“ - რეჟ. გიორგი დანელია - გედევან ალექსიძე („მევიოლინე“)
- 1990: „პასპორტი“ - რეჟ. გიორგი დანელია - დომინოს მოთამაშე/კაცი ყვავილებით/პორტიე/კაცი მანქანასთან
- 2011: „ვიკრუტასები“ - ქორწილის სტუმარი (კამეო)
კინორეჟისორი:
- 2011: „ვიკრუტასები“
- 2015: „მეგობრებიდან წაშლა“
- 2017: „ჰარი, ჰარალე, დედაო!“ (დოკუმენტური ანიმაცია)
თეატრის რეჟისორი:
- 2022: „ალფრედი და ვიოლეტა“
- 2023: „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“