კროტალარია (ლათ.Crotalaria) — მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები, ბუჩქბალახები ან ბუჩქებია. 550-ზე მეტი სახეობა. ძირითადად გავრცელებულია აფრიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ერთწლოვანი ჭილის კროტალარია (Crotalaria juncea), რომელიც ცნობილია — ინდური კენაფის სახელწოდებით, უძველესი სართავი კულტურაა. მეტწილად მოჰყავთ ინდოეთში, შრი-ლანკის კუნძულზე (ცეილონი), ბირმაში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, აგრეთვე აფრიკაში, ავსტრალიაში, ამერიკაში, ამიერკავკასიაში, მოლდოვასა და შუა აზიაში. მისი ღეროს ბოჭკოსაგან ამზადებენ თოკებს, ბაგირებს, სათევზაო ბადეებს, აშშ-ში — სპეციალური ხარისხის ქაღალდსაც.