კორეული ლიტერატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორეული ხელნაწერი

კორეული ლიტერატურა სათავეს იღებს ძველი კორეული ფოლკლორიდან. XIX საუკუნის დასასრულამდე იგი იქმნებოდა ორ ენაზე: ოფიციალურ სალიტერატურო ენაზე — ჰანმუნზე (ჩინური სალიტერატურო ენის — ვენიანის კორეიზებული ფორმა) და კორეულ ენაზე. ლიტერატურის უძველესი ნიმუშებია მოკლე ლექსები — ჰიანგა („მშობლიური მხარის სიმღერები“), რომლებიც VII-XI საუკუნეებით თარიღდება და ჩაწერილია XV საუკუნის შუა წლებამდე. ჰანმუნზე პოეზიის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩხვე ჩხი ვონს (დ. 857). უმაღლეს დონეს კი ამ პოეზიამ მიაღწია ლი ინ ნოს (1152-1220), ლი გიუ ბოს (1168-1241) და ლი ჯე ჰიონის (1288-1367) შემოქმედებაში. ადრინდელი პროზის ნიმუშებია ჰანმუნზე დაწერილი ჰიოკ ნიონ ჯონის ბუდისტური „კიუნიოს ცხოვრება“ (1075), კონფუციური იდეებით გამსჭვალული ოფიციალური ქრონიკა — კიმ ბუ სიკის „სამი სახელმწიფოს ისტორიული ჩანაწერები“ (1145) და ბუდისტური „ზღვიდან აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნის გამოჩენილი ბერების ცხოვრებანი“ (1215). მხატვრული პროზა თანდათან გამოეყო ისტორიულ ლიტერატურას. გაჩნდა იასა (არაოფიციალური ისტორიები) და ფხესოლი — მცირე პროზაული ნაწარმოებები. ნოველის ჟანრს საფუძველი ჩაუყარა კიმ სი სიპმა (1435-1493). სო გო ჯონმა 1478 წელს შეადგინა ვრცელი „აღმოსავლური ანთოლოგია“ (130 წიგნი), რომელშიც შევიდა ჰანმუნზე შექმნილი პროზისა და პოეზიის საუკეთესო ნიმუშები. აღსანიშნავია ისტორიკოსის იმ ჯეს (1579-1587) ალეგორიული მოთხრობები.

კორეულ ანბანზე შექმნილი პირველი ნაწარმოებებია „ოდა ცათა შინა მფრინავ დრაკონისადმი“ (1445). XVI-XVII საუკუნეების პიესებში გაბატონებული იყო პეიზაჟური ლირიკა (ეგრეთ წოდებული „მდინარეთა და ტბათა პოეზია“) გამსჭვალული დაოსური მოტივებით (ამქვეყნიური ცხოვრების უარყოფა, ბუნებისა და ღვინის ხოტბა). სიჯოს (სამსტრიქონიანი ლექსი) და კასის (დიდი მოცულობის პოემა) გამოჩენილი ოსტატები იყვნენ ჩონ ჩხოლი (1536-1594) და იუნ სონ დო (1587-1671). აღსანიშნავია პაკ ინ ნოს (1561-1642) პატრიოტული ლირიკა. კორეულ ენაზე შექმნილი პოეზია გაერთიანებულია ანთოლოგიებში „მწვანე მთების ქვეყნის უჭკნობი სიტყვები“ (1727) და „ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნის სიმღერები“ (1763). სინ ჯე ჰიოს (1812-1884) შემოქმედებაში სატრფიალო ლირიკამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. მისი დამსახურებაა ხალხური მუსიკალური დრამის განვითარება. XVII-XIX საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა მოთხრობის ჟანრი კორეულ ენაზე — სოსოლი, საგმირო ოპოპეა „იმჯინის ქრონიკა“ (XVII საუკუნე) და სხვ. დაიწერა კიმ მან ჯუნის (1637-1692) პირველი რომანები. სირჰაკის იდეები აისახა პაკ ჩი ვონის (1737-1805) სატირულ ნოველებში (ჰანმუნზე). ჰანმუნზე შექმნილი პოეზიის უკანასკნელი ბრწყინვალე წარმომადგენლები იყვნენ სირჰაკის იდეოლოგი ჩონ იაკ იონი (1762-1836) და სახალხო პოეტი კიმ საკატი (1867-1884).

XIX საუკუნის დასასრული საშუალო საუკუნეების ლიტერატურიდან ახალ ლიტერატურაზე გარდამავალი პერიოდია. ახალი პროზის (სინ სოსოლი) პირველი ნიმუშებია ლი ინ ჯიკის (1862-1916) და ლი ჰე ჯოს (1869-1927) რომანები. თანამედროვე კორეული ნოველის ჩამოყალიბებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის მწერალსა და ბურჟუაზიული ნაციონალიზმის იდეოლოგს — ლი გვან სუს (1892-1951), ნატურალისტ მწერლებს იომ სან სოპს (1897-1963) და კიმ დონ ინს (1900-1951). თავისუფალი ლექსის პიონერები იყვნენ ჩხვე ნამ სონი (1890-1959) და კიმ ოკი (დ. 1896).

იაპონიის მიერ კორეის ანექსიამ (1910) დროებით შეაფერხა კორეული ლიტერატურის განვითარება. 1919 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ გავრცელდა დეკადენტური მიმართულებები. ამავე დროს ჩამოყალიბდა პროლეტარული ლიტერატურა, რომლის წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს ახალ მიმართულებათა სკოლა (სინგიონჰიანფხა). ამ სკოლის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან პოეტი ლი იკ სანი (1895-1932), ნოველისტი ჩხვე სო ჰე (1901-1932) და სხვ. აღსანიშნავია პროზაიკოს ნა დო ჰაინის (1902-1932) და პოეტ კიმ სო ვოლის (1903-1935) შემოქმედება. იაპონური რეაქციის გაძლიერების შემდეგ პოპულარული გახდა ისტორიული რომანის ჟანრი (მწერლები [[ჰინ მიონ ჰი, დ. 1888; ლი გვან სუ, კიმ დონ ინი, იონ სან სოპი, პაკ ჩონ ჰუა, დ. 1901), იქმნებოდა აგრეთვე რევოლუციური ლექსები, სიმღერები და ერთმოქმედებიანი პიესები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]