შინაარსზე გადასვლა

კოპალა (პოემა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოპალაქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1889 წელს გამოქვეყნდა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფშავ-ხევსურთა (და რაჭველთა) ღვთაება კოპალას ვაჟას პოეზიაში სახალხო გმირის თვისებები აქვს შეძენილი. ქართულ მითოლოგიურ პანთეონში კი მისი ფუნქციები ნათლად არაა გამოხატული. „ზოგჯერ... კოპალა თითქოს ალ-ქაჯების ბატონი არის“.[1][2] ნაწილობრივ ამ ატრიბუტით გვევლინება ის ვაჟა-ფშაველასთან.

პოემა ბუნების აღწერით იწყება. ეს ბუნება საზარელია: მთვარე არსად ჩანს, ვარსკვლავებიც გამქრალია, ნისლი, ცურვით დაღლილი, მიმალულია მთის ყურეში, მთები ღრმა ფიქრით შებურულან, ჩუმად მოსჩქეფს არაგვი, თვით ცრემლსაც კი ცრემლი სდის, ხელუხლებელ უღრან ტყეში ბუ ჰკივის, ნადირთ ღმუილი ცათა კიდეს სწვდება, მივარდნილ ჭიუხებში შევარდენი წივის, გამოჩნდა ირემი, რომელიც დაეწაფა მდინარეს, მაგრამ ანაზდეულად ისევ ტყეს მიაშურა: მაშინ სასწრაფოდ შეწყდა მხეცთა ხმა, ყველა გაინაბა. ამას მოსდევს დევების გამოჩენის სურათი.

აქეთ მთით, იქით მთიდამა;

გამოჩნდნენ შავნაბდიანნი

გაღმა-გამოღმა კლდიდამა;

შავ-ბნელთ და უზარმაზართა

გრგვინვით ჩამოვლნეს ჭალანი,

კაცისა სისხლით ეღებათ

ხელ-ფეხი, პირის ბალანი.

ბუნების საზარელი სურათი პოეტმა იმიტომ დაგვიხატა, რომ ეჩვენებინა დევების საშინელება. პოემაში „კოპალა“ გადმოცემულია, თუ როგორ დაებატონენ სოფელს დევები. ყველაფერი აირია, ძმა ძმის სისხლსა სვამს. მშველელად ჩნდება მოხუცი კოპალა მხარ-იღლივ წითელი ფარით, „მარჯვენით ლახტი უჭირავს, მარცხენას ამკობს ჯვარითა“. დევთა ლეშით ივსება ტყე, ველი და ხევები. კოპალა სწყევლის დევებს, რომლებიც კაცთა მოდგმას სწამლავენ და რომელთაც კარგა ხანს სჭერიათ ფშავი. სასტიკი რისხვა მოევლინათ დევებს. ბოლოს ქვეყანას ისევ ეფინება სინათლე, ერი ხელგაშლილი ლოცულობს თავისი მხსნელისათვის. თვით დევთა დიდი მეუფე ბეღელა მიართმევს ძღვნად კოპალას ფარ-ხმალს, დევების საომარ აბჯარს, უამრავ ოქროს, ვერცხლსა და ძვირფას თვლებს. კოპალა უბრძანებს ბეღელას — ჯვარს ემთხვიოს, მაგრამ ის თავის ლაშებითაც ვერ სწვდება ჯვარს და სულს განუტევებს. დევების მეუფის ფერფლისაგან გამოვლენ „შავნი ბუჭყანი და ჭიანი“ და ტყეს მიაშურებენ. ბუნებაში მშვიდობა და ჩვეულებრივი წესრიგი დაისადგურებს. ხალხის ბედნიერებასა და სიხარულს პირველად ვაჟა ბუნების მხიარულებით გვიხატავს:

თენდება. ნამი დაჰყრია

მიწასა ალმარიანი

არაგვსა პირი უცინის

ტანი უშვენის ხმლიანი.

ულოცვენ გამარჯვებასა

მისი კიდენი კლდიანნი.

მოსქდა მთითა და ბარითა

ოთხით მრავალნი ფრთიანნი, —

წყალსა სმენ არაგვისასა

ჯიხვნი, ირემნი რქიანი.

მხოლოდ შემდეგ გვისურათებს პოეტი ხალხის სიხარულს, რომელიც გამოწვეულია კოპალას გმირობით.

ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
  • ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1966.
  • გიორგი ჯიბლაძე, ვაჟა-ფშაველა, თბილისი,1958
  1. ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. I, გვ.98
  2. აკაკი ურუშაძე, ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბილისი, 1964, გვ. 160-161.