მოკვეთილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

"მოკვეთილი"-ქართველი მწერლის, ვაჟა-ფშაველას დრამა, ხუთ მოქმედებად. დაიწერა 1894 წელს.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფშაველ სახელოვან მოლაშქრე ჩონთას თანასოფლელი ბახას დანიშნული-მზევინარი შეუყვარდება, მოიტაცებს და ცოლად დაისვამს. შეურაცხყოფილი ბახა შურისძიებას გადაწყვეტს და ერთხელ, როცა სოფლის მამაკაცების უმეტესობა ქორწილშია, ქისტებს შემოუძღვება. მომხდურები ჩონთას სახლ-კარსა და სამეზობლოს დაარბევენ, ერთ ადამიანს მოკლავენ, საქონელს წაასხამენ და მზევინარს ტყვედ წაიყვანენ. ჩონთას ბიძაშვილი გულქანი გაქცევას მოახერხებს და მწყემსებს მიაწვდენს ხმას, ისინიც შეიარაღდებიან, კვალში ჩაუდგებიან მომხდურებს, გაფანტავენ და ნადავლს უკან წაართმევენ. ბახა მზევინარს მოკვლას უპირებს, მაგრამ, დაჭრილი ქალი მაინც მოახერხებს გაქცევას. დაბრუნებული ჩონთა ყველაფერს შეიტყობს, განრისხებული კვალში უდგება ბახას, ატყვევებს, იარაღს აყრის, სოფელში მიჰყავს და საჯაროდ უპირებს დამცირებას-ძაღლის გეჯასთან დაბმას, მაგრამ, დედის, გულქანისა და მეზობლების ხვეწნის შემდეგ ათავისუფლებს.

ბახას მოღალატეობა სოფელში აღშფოთებას იწვევს. ლაშარის ჯვრის ხატობაზე ხევისბერი უარს ეუბნება შესაწირავის მიღებაზე ბახას დედას-ჯავარას. ხალხი და ხევისბერების სამსჯავრო ერთხმად გადაწყვეტენ-მოკვეთონ თემიდან დედა-შვილი. ბახას საგვარეულო ჩონთას მოკვეთასაც ითხოვს, მაგრამ, მას, როგორც სახელოვან მეომარს, მსაჯულები მხოლოდ ხარკს შეაწერენ ხატის სასარგებლოდ-სხვისი დანიშნულის გატაცებისათვის. ჩონთა მორჩილებით იღებს სასჯელს და ხალხს სთხოვს-აპატიონ ბახას შურიძიების სურვილით ჩადენილი დანაშაული. ბახა გამოსარჩლებას უარეს შეურაცხყოფად მიიღებს, მიპარვით სასიკვდილო ჭრილობას აყენებს ჩონთას და გარბის. სოფელი დასტირის მოკლულს.

ბახა და ჯავარა იძულებით ქისტეთში გარბიან. ბახა მალე შეეგუება ახალ საცხოვრებელს და  გაუმიჯნურდება მოლა მუსას ქალიშვილს-გულსუნდას. ჯავარას მშობლიური ადგილების დარდი არ ასვენებს. ის ბახას საყვედურობს დაუფიქრებელი საქციელის გამო და აფრთხილებს, რომ ფშავლობა ქისტობაზე არ გაცვალოს და მათი რჯული არ მიიღოს.  

ქისტები შეიტყობენ ფშავლების მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და საომრად ემზადებიან. ბახა, რომელსაც თანასოფლელებზე შურისძიება სწყურია, მათ ფშავლების სალაშქრო გზას ასწავლის, რის გამოც ქისტები უსაფრდებიან მომხდურებს, თავს ესხმიან და დიდ ზიანს აყენებენ. როცა დაინახავს, რომ ლაშარის ჯვრის დროშას ქისტების ხელთ ჩავარდნა ემუქრება, ბახას ავიწყდება თავისიანების მტრობა და ქისტებს დაუწყებს ბრძოლას, რის გამოც იღუპება მუსას ხელით. შვილის სიკვდილით სასოწარკვეთილი ჯავარა კლდიდან გადაიგდებს თავს[1].

ნაწარმოებში ბუნებრივად არის აღწერილი ფშაველთა ყოფა-ცხოვრება და ტრადიციები. დიალოგები უხვადაა გამდიდრებული ფშაური ხალხური ლექსებით და მახვილსიტყვაობით. ავტორმა მისთვის ჩვეული ოსტატობით შეძლო, რომ ხატოვანი ეთნოგრაფიული დეტალების მეშვეობით სათანადო ფონი შეექმნა მთავარ პერსონაჟთა პირადი ადამიანური ტრაგედიისათვის [2].

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრამას მნიშვნელოვანი დადებითი გამოხმაურება არ მიუღია. „ჩემი დრამა არ მოგწონებია. არა მწყინს, ხოლო ამას კი გეტყვი, რომ არც დასაწუნია, რადგან არა ჰგავს მაინც იმ დრამებს, ერთს შაბლონზე რომლებიც იწერება ამ ბოლო დროს“-წერდა ვაჟა პეტრე უმიკაშვილს[3].

"მოკვეთილი" სცენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწერლის სიცოცხლეში ნაწარმოები არ დაუდგამთ. პირველი გახმაურებული დადგმა 1945 წელს, მარჯანიშვილის თეატრში განხორციელდა (ჩონთა-პიერ კობახიძე, ბახა-სერგო ზაქარიაძე, მზევინარი-ირინე დონაური, ჯავარა-ვერიკო ანჯაფარიძე, გულქანი-თამარ თეთრაძე, რეჟისორი-კ. ანდრონიკაშვილი). სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად[2]. 1956 წელს დადგმა განაახლა რეჟისორმა არჩილ ჩხარტიშვილმა, ჩონთას როლს ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებდა, მზევინარს-დოდო ჭიჭინაძე[4]. 1986 წელს პიესა რუსთაველის თეატრშიც დაიდგა (რეჟისორი-ავთანდილ ვარსიმაშვილი).

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს გამოვიდა "მოკვეთილის" მიხედვით გადაღებული იგივე სახელწოდების მხატვრული ფილმი (კინოკომპანია "ქართული ტელეფილმი", რეჟისორი-გია მატარაძე)[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]