თეოდორე მოფსუესტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თეოდორე განმმარტებელი (დ. 350 – გ. 428) — მოფსუესტიის ეპისკოპოსი 392 წლიდან 428 წლამდე. მას ასევე იცნობენ როგორც თეოდორე ანტიოქიელს საიდანაც ის იყო წარმოშობით. თეოდორე საუკეთესო წარმომადგენელია[1]ანტიოქიის ჰერმენევტიკული სკოლისა, რომელიც დიოდორე ტარსელმა დააარსა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდორე იყო მდიდარი ოჯახის შვილი. ქრისტიანობით იგი მისი ძმის (მომავალში აპამეას ეპისკოპოსის) და მისი მეგობრების გამო დაინტერესდა. ის, წმინდა იოანე ოქროპირი და მაქსიმე სელუციელი ერთად ესწრებოდნენ ცნობილი წარმართი ფილოსოფოსის და რიტორის ლიბანიუსის(სოკრ.VI:3; სოზ.VIII:1,2) ლექციებს. მათ ერთად მიიღეს გადაწყვეტილება ქრისტესმიერ სრულყოფისკენ სწრაფვისკენ და ქრისტიანობის აქტიურ შესწავლას შეუდგნენ. თეოდორემ 18 წლის ასაკში უარი თქვა ერისკაცულ ცხოვრებაზე და შეუდგა ასკეტური ცხოვრებას, შემდგომ კი დიოდორეს(მომავალი ტარსის ეპისკოპოსის) და კარტერიუსის სკოლაში დაიწყო სწავლა.

არჩევანი საერო და საეკლესიო ცხოვრებას შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დროს ხდება მის ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი. მას მოეწონა და შეუყვარდა გოგო, სახელად ჰერმიონა (ოქროპირი, წერ. I), იმდენად, რომ უარი თქვა ასკეტურ ცხოვრებაზე და სურდა მასზე დაქორწინება. დაქორწინდებოდა კიდეც, რომ არა წმინდა იოანეს ორი წერილი მეგობრისადმი, სადაც უხსნის რომ ასკეტური ცხოვრება არის სრულყოფილება, მხოლოდ გარეგნული და ცარიელი სილამაზის გამო ღმერთის ღალატი დიდი ცოდვაა.

სასულიერო ცხოვრების წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდორემ მოინანია და დაუბრუნდა ასკეტურ ცხოვრებას, თან ისეთი შემართებით, რომ დაახლოებით 20 წლის იყო როცა უკვე საღვთისმეტყველო ნაშრომების წერა დაიწყო. მისი პირველი ნაშრომი იყო კომენტარები ფსალმუნებზე. რამდენიმე წელიწადში იგი მღვდელი გახდა, სავარაუდოდ წმინდა იოანე ოქროპირთან ერთად [საჭიროებს წყაროს მითითებას].

ამის შემდეგ იგი აქტიურად ჩაება თეოლოგიურ დებატებში ორიგენისტთა, არიანელთა, ევნომიანელთა, აპოლინარელთა და სხვათა წინააღმდეგ. მისმა წიგნიერებამ და ენთუზიაზმმა მას "ერუდიტი"-ს სახელი მოუტანა. 392 წელს იგი გახდა მოფსუესტიის ეპისკოპოსი. იგი ამ თანამდებობაზეც სიკვდილამდე დარჩა.

ერთხელ იმპერატორ თეოდოსიუს დიდის წინ მოუწია ქადაგება და იმპერატორმა თქვა, რომ მისნაირი მოძღვარი არსად ენახა(იოანე ანტიოქიელი, ფაკუნდ. II:2).

თეოდორეს თეოლოგიური აზრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების დაშორება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდორემ ქრისტეს ადამიანური ბუნება ცალკე მდგომად ჩათვალა, რის გამოც მან უფალი ორ ცალკეულ არსებად გაყო. მისი აზრით ძე ღმერთი, ღვთის სიტყვა ჩასახლდა ადამიან ქრისტეში და ქრისტემ როგორც სრულმა ადამიანმა გაიარა ეს გზა. იგი აღიარებდა მხოლოდ ერთ ქრისტეს, როგორც პიროვნებას, მაგრამ ორ უკიდურესად ცალკე მდგომ ადამიანურ და ღვთაებრივ ბუნებებს.

ამ იდეიდან გამომდინარეობს ის, რომ იესოს შეეძლო შეეცოდა როგორც ადამიანს, რომ იესოს უნდებოდა ცოდვის ჩადენა როგორც ყველა სხვა ადამიანს, მაგრამ თავისი ნებით გაუძლო ცდუნებებს და არა ბუნებით. ასევე შემდგომ ჩამოყალიბებული აგნოიტიზმის ერესი ნაწილობრივ მისგან იღებს სათავეს, რისი მიხედვითაც, იესომ ადამიანური ბუნებით არ იცოდა მეორედ მოსვლის თარიღი.

ღვთისმშობლის უარყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოდორე არ უარყოფდა იმას, რომ წმინდა მარიამი იყო იესოს დედა, ან იმას, რომ იესო იყო ღმერთი. მაგრამ თეოდორეს აზრით, იგი არ იყო ღმერთის დედა, რადგან ღმერთს დედა(მშობელი) არ სჭირდება, არამედ ის იყო ქრისტეს ადამიანური ბუნების და სხეულის მშობელი. რის გამოც იგი წმინდა მარიამს "ქრისტოთოკოსს"(და არა "თეოტოკოსს"), ანუ ქრისტეს-მშობელს უწოდებდა. მისი ეს იდეა შემდეგ მისმა მოწაფე ნესტორმა უფრო აქტიურად განავითარა, რის გამოც დაერქვა მის მოძღვრებას "ნესტორიანიზმი".

პელაგიანიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 418 წელს თეოდორეს ეწვია პელაგიანისტთა ერთ-ერთი ლიდერი - იულიანე ეკლანუმელი რის მერეც თეოდორემ დაწერა ნაშრომი "თავდაპირველი ცოდვის დამცველთა წინააღმდეგ", სადაც აკრიტიკებდა ყველას, ვისი აზრითაც ადამიანის ბუნება არის ცოდვილი, ადამის ბრალეულობა ყველას გვაწევს და რომ შეუძლებელია ცოდვის არჩადენა. ამით იგი ეთანხმებოდა პელაგიანიზმს რაღაც დოზით, თან უარყოფდა ზემოთ ჩამოთვლილ იდეებს, ისევე როგორც რამდენიმე აღმოსავლელი წმინდანი - წმინდა იოანე კასიანე და სხვები.

თეოდორეს კრიტიკა და ანათემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ვინც იგი ოფიციალურად ნესტორიანელად შერაცხა, იყო იესიკე იერუსალიმელი, დაახლოებით 435 წელს. წმ. კირილე ალექსანდრიელმა მას "ნესტორის ღვთისგმობის ავტორი"(კირილე, ეპ. 72) უწოდა, თუმცა უარს ამბობდა მის ანათემაზე გადაცემაზე, რადგან იგი ეკლესიასთან ერთობაში გარდაიცვალა. თანაც წმინდა კირილეს ეშინოდა რომ ეს დიდ არეულობას გამოიწვევდა რადგან მთლიანად აღმოსავლეთის და მაგალითად სირიული ეკლესიებიდან ხშირად ისმოდა მსგავსი ფრაზები: "ჩვენ მოვკვდებით ვიდრე დავგმობთ თეოდორეს!"(ეპ. 72), "დიდება თეოდორეს ხსოვნას!"(ეპ.69)

ამიტომაც ეფესოს კრებაზე ნესტორის ანათემა საკმარისი აღმოჩნდა. მოგვიანებით, როცა წმინდა კირილემ თეოლოგიური ზავი დადო იოანე ანტიოქიელთან, თავისი სიხარული შემარიგებელ ეპისტოლეში გამოხატა. თეოდორესთან დაკავშირებით კი გაჩუმება არჩია, რათა ეს ზავი არ დარღვეულიყო. თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ თეოდორეს საკითხი კვლავ იქნებოდა განხილული, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ აღმოსავლეთში კვლავ ნესტორიანიზმი სუფევდა თეოდორესა და დიოდორე ტარსელის ავტორიტეტის გამო. ამიტომ წმინდა კირილემ დაწერა ნაშრომი "თეოდორესა და დიოდორეს წინააღმდეგ", თუმცა აზრად არ მოსვლია მათი ანათემა, რადგან ეკლესიასთან ერთობაში გარდაიცვალნენ. წმინდა კირილეს სიკვდილის შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქი დიოსკურე გახდა. მან მოიწვია ეფესოს II(ე.წ. "მძარცველი სინოდი") კრება, სადაც დაიცვა ევტიქი, ხოლო თეოდორეს მომხრეები, თეოდორიტე კვირელი, იოანე ანტიოქიელი, იბას ედესელი და სხვები დაგმობილ იქნენ. თეოდორიტე კვირელმა რომის პაპს მისწერა წერილი და ეს ყველაფერი მოახსენა, რის მერეც პაპმა ლეო დიდმა მოიწვია ქალკედონის კრება.

ქალკედონის კრებამ, მონოფიზიტობის (რაც ეფესოს II კრებაზე დამტკიცდა) დაგმობის დროს დიდი პატივისცემით მოიხსენია და ეპისკოპოსებად აღადგინა თეოდორიტე, ასევე მარის და იბას ედესელები, რომლებიც რეალურად თეოდორე მოფსუესტელის მოსწავლეები და მისი მოტრფიალეები იყვნენ.

ამის შემდეგ იმპერატორმა იუსტინიანემ სცადა მონოფიზიტთა შემორიგება, 553 წელს მოიწვია კრება კონსტანტინოპოლში და შეადგინა სია 3 წერილისა, რომლიდან ერთ-ერთი თეოდორე მოფსუესტელს ეკუთვნოდა, და ყველას მოსთხოვა იგი ანათემას გადაეცათ. მიზეზი ამ ყველაფრისა იყო ის, რომ იუსტინიანე დაარწმუნეს იმაში, რომ თეოდორეს დაგმობით მონოფიზიტები ეკლესიას დაუბრუნდებოდნენ. ფაკუნდიმ, ჰერმიანეს ეპისკოპოსმა დაწერა ნაშრომი, თეოდორეს, თეოდორიტესა და იბასის დასაცავად, სახელწოდებით "Pro Defensione Triom Capitoliorum", სადაც ამტკიცებდა, რომ ქალკედონის კრებამ მიიღო იბასის წერილი ჭეშმარიტად, ხოლო თეოდორეს კი ცუდად არ შეხებია. მითუმეტეს რომ იბასის წერილში თეოდორეს "ეკლესიის დოქტორი" უწოდა, ხოლო თავად თეოდორე კი უახლოესი მეგობარი იყო წმინდა იოანე ოქროპირისა, რომელსაც წმინდა იოანე გადასახლებაში მყოფი საოცარი სიყვარულით მოიხსენიებდა და ამავე დროს მადლობას უხდიდა მისი დახმარების არაერთი მცდელობის გამო.[2] ამან განაპირობა ის, რომ V მსოფლიო კრებაზეც კი ვერ უარყვეს წმინდა იოანეს მეგობრობა თეოდორესთან. პაპი ვიგილიუსი და კიდევ ზოგიერთი ეპისკოპოსი უარს აცხადებდა ამ ანათემის ხელმოწერაზე. სანაცვლოდ მან შეადგინა სია 64 ღვთისგმობისა რაშიც თეოდორე დაადანაშაულა, მაგრამ ითხოვდა რომ მისი, თეოდორიტეს და იბასის სახელები წყევლისგან დაენდოთ. კრებამ არ გაითვალისწინა და პაპი იძულებული გახდა დათანხმებოდა. აფრიკის ეპისკოპოსებმა კრება მოიწვიეს და პაპი ანათემას გადასცეს რადგან იგი დათანხმდა ამ სამი ეპისკოპოსის(თეოდორეს, თეოდორიტეს და იბასის) ნაშრომების და ამასთან ერთად პირადად თეოდორეს სახელის ანათემაზეც.

საბოლოოდ, თეოდორეს და მისი ორი მოსწავლის(მათი ნაწერების) დაგმობას საეკლესიო არეულობა მოჰყვა. რომის პაპს განუდგნენ მილანის, აკილეას და კიდევ რამდენიმე ქალაქის ეპისკოპოსები, რომელთა შემორიგებასაც რომი 100 წელზე მეტი ხანი მოუნდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • [1] თეოდორე მოფსუესტიელი - კომენტარები 12 მცირე წინასწარმეტყველზე", თარგმანი ინგლისურ ენაზე შესრულებულია რობერტ ჰილის მიერ.
  • [2] თეოდორე მოფსუესტიელი - კომენტარები ნიკეის კრედოზე, თარგმანი ინგლისურ ენაზე შეასრულა ალფონს მინგანამ.
  • [3] თეოდორე მოფსუესტიელი - კომენტარი უფლის ლოცვაზე, ნათლობაზე და ევქარისტიაზე.
  • [4] თეოდორე მოფსუესტიელი- შესავალი მოციქულთა საქმეების კომენტარებისა.
  • [5] თეოდორე მოფსუესტიელი - კომენტარები იოანეს სახარებაზე. თარგმანი სირიული ხელნაწერიდან შესრულებულია მარკო კონტის მიერ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "თეოდორე მოფსუესტიელი" - ფრედერიკ მაკლეოდი.
  2. Patrologia Graeca, lii. 668-669.; ფაკუნდი პტოლემაელი "Pro Defensione Triom Capitoliorum"; წმინდა იოანე, ეპისტ. 204