კომენდანტის საათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულ ჯერზის ოკუპაციის დროინდელი გერმანიის მიერ კომენდანტის საათის გამოცხადების განცხადება.

კომენდანტის საათი, საკომენდანტო საათი — ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა ყოფნის აკრძალვა დროის გარკვეულ მონაკვეთში, რომელიც, როგორც წესი, ცხადდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. აკრძალვის აღსრულება, როგორც წესი, ევალება საპოლიციო ან საჯარისო პატრულებს. უმეტეს შემთხვევაში, კომენდანტის საათი ცხადდება საღამოს და ღამის საათებში.

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში კომენდანტის საათი რეგულირდება ორი სამართლებრივი დოკუმენტით - საქართველოს კანონი საომარი მდგომარეობის შესახებ და საქართველოს კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ. საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მოქმედებისას, კონკრეტულ გარემოებათა მიხედვით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შეუძლიათ გამოიყენონ კომენდანტის საათი.[1]

მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვების, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ. კომენდანტის საათით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს აკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 72 საათისა. დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე - გაუსინჯონ ნივთები.

იდენტური შეზღუდვები მოქმედებს საომარი მდგომარეობის შემოღების დროს.[2]

საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში კომენდანტის საათი გამოცხადებული იყო სამჯერ:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1989 წლის 9 აპრილს 23:00 საათიდან თბილისში გამოცხადდა კომენდანტის საათი, რომელიც მოსახლეობას ეცნობა 22:15 სთ-ზე. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი.[3]
  2. 1992 წლის 22 დეკემბრის მოვლენების შემდეგ არაკონსტიტუციურმა გაერთიანებამ საქართველოს სამხედრო საბჭომ ჯაბა იოსელიანის და თენგიზ კიტოვანის მონაწილეობით გამოაცხადა კომენდანტის საათი.[4]
  3. 2020 წლის 30 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში „ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი“ და „ფაქტობრივი კომენდანტის საათი“ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]