კნოსოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კნოსოსი
ბერძ. Κνωσ(σ)ός
Palazzo Minosse7.jpg
კნოსოსის სასახლის ფრაგმენტი, რომელიც ევანზმა ნანგრევებიდან აღადგინა
კნოსოსი — საბერძნეთი
კნოსოსი
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
კოორდინატები 35°17′53″ ჩ. გ. 25°09′47″ ა. გ. / 35.29806° ჩ. გ. 25.16306° ა. გ. / 35.29806; 25.16306
მონაცემები
ტიპი ქალაქი სასახლის კომპლექსით
სიგრძე 5 კმ
სიგანე 3 კმ
ფართობი 10 კმ²
ისტორია
დაარსების დრო დასახლება — ძვ. წ. 7000, სასახლე — ძვ. წ. 1900
ამშენებელი უცნობია, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით — დედალოსი
დამაარსებელი მინოსი (მითოლოგიის მიხედვით)
პერიოდები ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანამდე (ქალაქი)
კულტურები მინოსის კულტურა, მიკენის კულტურა
Commons-logo.svg კნოსოსი ვიკისაწყობში

კნოსოსი (ბერძ. Κνωσ(σ)ός) — მინოსის კულტურის უდიდესი და ყველაზე მეტად შესწავლილი ძეგლი. მდებარეობს კუნძულ კრეტის ჩრდილოეთ სანაპიროზე, თანამედროვე ქალაქ ჰერაკლიონთან ახლოს. ძვ. წ. II ათასწლეულში კუნძულ კრეტაზე არსებული სახელმწიფოს დედაქალაქი იყო. არქეოლოგიურ ძეგლს იკვლევდა ართურ ევანზი 1900 წლიდან 1930-იან წლებამდე (შესვენებებით). დასახლების ქვედა ფენები პალეოლითს მიეკუთვნება, ადრემინოსური პერიოდის ნაშთები ძველ დროშივე განადგურდა სასახლის მშენებლობისათვის მოედნის მომზადების დროს; ეს სასახლე მინოსური ცივილიზაციის ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრი იყო, რომელიც მოქმედებდა შუამინოსურ და გვიანმინოსურ პერიოდებში (ძვ. წ. XX–XV საუკუნეები). მის გარშემო არსებობდა ქალაქი 5–8 ათასი მოსახლით.[1]

„მეფე-ქურუმი“, იგივე „შროშანების პრინცი“, ჰერაკლიონის მუზეუმი

სასახლე (გეგმით მართკუთხა, ფართობი 16 000 მ²) მოიცავდა შიდა ეზოს, მის გარშემო განლაგებული იყო 1300-ზე მეტი სათავსი, რომლებიც დაკავშირებული იყო დერეფნებითა და კიბეებით: საზეიმო დარბაზები, „გველებიანი ქალღმერთის“ ტაძარი (აღმოჩენილ მასალას შორისაა ქაშანურის ქანდაკება „ქალღმერთი გველებით“); სახელოსნოები; მარნები; ზეითუნის ზეთის მისაღები წნეხები; საცავები დიდი პითოსებით მარცვლეულის, ზეთის, გამოყვანილი თევზისა და სხვათა შესანახად. ზოგიერთი ნაწილი 5-სართულიანი იყო; ჰქონდა სავენტილაციო შახტები. ქალაქსა და სასახლეში წყალი აკვედუკით მიდიოდა წყაროდან, რომელიც 10 კმ-ის მოშორებით მდებარეობდა, და ნაწილდებოდა კერამიკული მილებით; ფუნქციონირებდა დახურული კანალიზაცია და წვიმის წყლის არინების სისტემა. იატაკები მოკირწყლული იყო ქვით; საზეიმო შენობების კედლებს ჰქონდა ფრესკული მოხატულობა [ძირითადი მოტივები: ათლეტური თამაშები ხართან, სავარაუდოდ, მის კულტთან დაკავშირებული (ე. წ. აკრობატები, რომლებიც სალტოებს ასრულებენ გამოქანებულ ცხოველზე); ყვავილების დაკრეფა; თევზის ჭერა), ყველაზე ცნობილ გამოსახულებებს შორისაა „მეფე-ქურუმი“, სასახლის მანდილოსანთა სახეები („პარიზელი ქალი“) და სხვ.; კოლონადები და სვეტებიანი პორტიკები შეღებილი იყო წითლად; კედლებზე დატანილი ქვისგან დამზადებული ხარის რქების გამოსახულებები მიმართული იყო წმინდა მთა იდასკენ. სასახლეს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოდგმული ჰქონდა ფართო კიბე, რომელიც თეატრალური წარმოდგენების დროს მაყურებელთა ადგილის როლს ასრულებდა. დაახლ. ძვ. წ. 1450 წელს ქალაქმა და სასახლემ კატასტროფული მიწისძვრა და ვულკანის ამოფრქვევა (კუნძულ სანტორინიზე) გადაიტანა, თუმცა მაინც გააგრძელა ფუნქციონირება როგორც მმართველთა რეზიდენციამ. ამ პერიოდს მიეკუთვნება თიხის ფირფიტები B-ხაზოვანი დამწერლობით შესრულებული წარწერებით. მსგავსი სასახლეები აღმოჩენილია კრეტის სხვა დასახლებებშიც (ფესტოსი, მალია, ზაკროსი).[1]

ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კნოსოსის სასახლე (ან მისი მსგავსი) ცნობილია როგორც ლაბირინთი, რომელიც დედალოსმა მეფე მინოსისათვის ააგო, სადაც მას მინოტავრი ჰყავდა გამოკეტილი.[1]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Авилова Л. И., С Е. А. Кносс // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 341.