შინაარსზე გადასვლა

ლაბირინთი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაბირინთი — ასე ეწოდებოდა ძველად სასახლეებს, საიდანაც მრავალი და არეული გამოსასვლელების გამო მეტად ძნელდებოდა გარეთ გამოსვლა. ძველი მწერლები და ისტორიკოსები იცნობენ 4 ლაბირინთს:

  1. კრეტის ლაბირინთი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, დედალოსმა ააგო მინოტავრისთვის;
  2. ეგვიპტის ლაბირინთი ფაიუმის ოაზისში, რომელიც სამი ათასამდე ოთახს ითვლიდა;
  3. სამოსის ლაბირინთი, რომელიც პოლიკრატეს ბრძანებით უნდა აეგოთ;
  4. იტალიის ლაბირინთი, რომელიც ეტრუსკების მეფის, პორსენის სამარხი უნდა იყოს.

არქეოლოგიური გათხრები ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ მითებს ლაბირინთების შესახებ რეალური საფუძვლები უნდა ჰქონდეს. მაგალითად, კრეტის ლაბირინთზე არსებული მითი კრეტის სახელმწიფოს აყვავების პერიოდში უნდა იყოს შექმნილი (ძვ. წ. მეორე ათასწლეულში). სიტყვა ლაბირინთის წარმომავლობაზე მეცნიერებაში ორი აზრი არსებობს. ერთი ვარაუდობენ, რომ ეს სიტყვა წარმოსდგება ორმაგი ცულის — ლაბიროსის სახელწოდებიდან, რომლის გამოსახულებანი მრავლად გვხვდება კრეტის ლაბირინთის კედლებზე. ხოლო მეორენი ფიქრობენ, რომ ეს სიტყვა ეგვიპტის ფარაონის, ამენემჰეტ III-ის მეორე სახელიდან (ლამარესი) უნდა მომდინარეობდეს, რომლის ბრძანებითაც ააგეს ეგვიპტის ლაბირინთი.

თანამედროვე გაგებით, სიტყვა ლაბირინთი გამოხატავს არა მარტო ძნელად გასასვლელ ოთახებსა თუ მიწისქვეშა დარბაზებს, არამედ აგრეთვე არეულ, გამოუვალ მდგომარეობას, ძნელ სიტუაციას, საიდანაც ძნელია თავის დაღწევა.

  • მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1972, გვ. 171
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაბირინთი“-დან