მინოსის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მინოსური კრეტა

მინოსის კულტურაბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III-II ათასწლეულებში) მაღალგანვითარებული კულტურა კუნძულ კრეტაზე, ეგეოსის კულტურის ერთ-ერთი ვარიანტი. აღმოაჩინა ინგლისელმა არქეოლოგმა არტურ ევანზმა XIX საუკუნის ბოლოს, რომელმაც მინოსის კულტურა დაყო ადრეულ, შუა და გვიანდელ პერიოდებად. სახელი ეწოდა ლეგენდარული მეფის, მინოსის სახელის მიხედვით. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია ქალაქები, სასახლეები (კნოსოსი, აგია-ტრიადა, ფესტოსი, მალია), ნავსადგურები, სასოფლო დასახლებები, ნეკროპოლისები. სასახლეებისა და კერძო პირების სახლების კედლები ფრესკებითა და რელიეფებით იყო შემკული. ნაპოვნია კერამიკა, სპილენძისა და ბრინჯაოს შრომისა და ბრძოლის იარაღი, ოქროს ძვირფასი ქვებისა და ფაიანსის სამკაულები, ქვის, თიხის, ბრინჯაოსა და სპილოს ძვლის მცირე ზომის ქანდაკებები. მინოსის კულტურამ აყვავებას მიაღწია დაახლოებით ძვ. წ. 1700 წლისათვის. მოსახლეობას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ძველ ეგვიპტესთან, სირიასთან, კვიპროსთან, ანატოლიასა და საბერძნეთთან. ცნობილია ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში პირველი იეროგლიფური წარწერები, ძვ. წ. 1600 წლიდან კი — ე. წ. A ხაზოვანი დამწერლობა. დაახლოებით ძვ. წ. 1470 წელს კრეტის ყველა ტაძარი დაინგრა, შესაძლებელია მიწისძვრის შედეგად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]