კირილე მაჭარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კირილე ერასტის ძე მაჭარაძე (დ. 2 აპრილი, 1886, ქ. ხონი, — გ. 17 ნოემბერი, 1967) — ქართველი მსახიობი, თეატრისა და კინოს მოღვაწე. აჭარის ასსრ დამსახურებული არტისტი (1938), საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1945).

სწავლობდა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, საიდანაც გარიცხეს 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო. შემდეგ სწავლობდა თბილისის კერძო სამხატვრო სასწავლებელში (1908-1911). თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო 1904 წლიდან ხონში მისივე ინიციატივით ჩამოყალიბებულ დრამატულ წრეში. გამოდიოდა ასევე ქუთაისის (1909-1912) და ჭიათურის (1913-1914) სცენებზე. 1914 წელს ჯარში გაიწვიეს. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918) პემზის მე-200 დრუჟინის რიგებში (პრაპორშჩიკი). 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის არმიაში პორუჩიკად. ამავდროულად, 1919-1920 წლებში მუშაობდა ფოთის, 1921-1930 წლებში — ბათუმის თეატრებში.

1930 წლიდან დაიწყო მსახიობობა საქართველოს კინოსტუდიაში. 1943-1945 წლებში მუშაობდა თბილისის სანკულტურის თეატრში. თეატრალური როლები: ყარა-იუსუფი და ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), გელა (აკ. წერეთლის „პატარა კახი“), სვიმონ ლიონიძე (დ. ერისთავის „სამშობლო“), ბეკინა (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის „რღვევა“), ქურუმი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ჟორჟ დიუვალი (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“) და სხვა. კინოფილმებში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოხუცი აჭარელი („ახალგაზრდობა იმარჯვებს“), თავადი ირმელი („მალე შეხვედრამდე“), აზნაური („დაკარგული სამოთხე“), მოხუცი მჭედელი („ჟუჟუნას მზითევი“), კირილე („დაგვიანებული სასიძო“) და სხვა. წლების მანძილზე მუშაობდა კინოსტუდიის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების განყოფილების გამგედ და რამდენიმე კინოსურათის დამდგმელი ჯგუფის დირექტორად. დაწერილი აქვს საბავშვო პიესები: „დათუნიას სამართალი“, „ხაფანგში“, „ბაკი-ბუკი“, (ნ. ნაკაშიძის მიხედვით). ნათარგმნი აქვს პიესები: ა. პრავდინის „სიცოცხლის ყვავილი“ და პ. მალიარევსკის „ჯადოსნური ქილა“. რუსულიდან თარგმნილი აქვს ორმოცზე მეტი მხატვრული, მულტიპლიკაციური და სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]