შინაარსზე გადასვლა

კალისტრატე გოგუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალისტრატე გიორგის ძე გოგუა (დ. 1875, ჯუმათი, ოზურგეთის მაზრა, — გ. 8 თებერვალი, 1938) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი.

ჰქონდა საშუალო განათლება, დაამთავრა ოზურგეთის სამკლასიანი სასწავლებელი. 1890-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში.1892-1896 წლებში სწავლობდა თბილისის ტექნიკურ სასწავლებელში. ამ პერიოდიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი. 1901 წელს იყო რსდმპ-ის თბილისის კომიეტის წევრი. რევოლუციური საქმიანობისთვის არაერთხელ გადასახლებული იყო ციმბირში.იყო რსდმპ-ის ყრილობების დელეგატი. გადასახლებაში, ირკუტსკში გაიცნო და ცოლად შეირთო მენშევიკი იულია კოლბერგი (დ. 1880 — გ. 1938). იქვე იხდიდა სასჯელს იოსებ სტალინიც. I მსოფლიო ომის წლებში გოგუა იდგა ე. წ. „ობორონეცულ“ პოზიციაზე. თავდაპირველად ირაკლი წერეთლის მხარდამჭერი იყო. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1917 წლის აგვისტოს გამაერთიანებელ ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩიეს. აქტიურად მონაწილეობდა ყრილობის მუშაობაში ოქტომბრის ბოლომდე. პარტიის ხელმძღვანელობაში იული მარტოვის მოსვლის შემდეგ ცენტრალური კომიტეტის დატოვებაზე ხელი არ მოუწერია. პარტიის დეკემბრის საგანგებო ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის სამნეო განყოფილების უფროსი. 1918 წლის მარტში პარტიის ლიდერებთან და ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა. აქტიურად უჭერდა მხარს იული მარტოვს. 1919 წლის დეკემბერში გოგუა ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. დანიშნული იყო რესპუბლიკის სამხედრო-სამეურნეო კომიტეტის თავმჯდომარედ.

1921 წლის მარტში, საქართველოს საბჭოთა ანექსიის შემდეგ, ემიგრაციაში წასვლაზე უარი თქვა. იყო ყოფილი მთავრობის რწმუნებული სახელმწიფო ქონების გადაბარების საკითხში. შემდეგ ერთხანს თბილისში ადელხანოვის ტყავის ქარხნის დირექტორად მუშაობდა. 1921 წლის მაისში დააპატიმრეს და ეტაპით მოსკოვში, იქიდან კი სუზდალის პოლიტიზოლატორში გაგზავნეს. 1926-1930 წლებში გადასახლებული იყო სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში. შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა. 1937 წლის ნოემბერში კვლავ დააპატიმრეს და 1938 წლის 8 თებერვალს დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1991 წელს. რეპრესირებული იყო ასევე კალისტრატე გოგუას ქალიშვილი ირინა (დ. 1904 — გ. 1989), რომელიც არის თავისი მშობლების და საბჭოთა გულაგის ბანაკებში საკუთარი თავგადასავლის შესახებ მოგონებების ავტორი.

  • ხვადაგიანი ი., საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი, თბ.: SOVLAB, 2016. — გვ. 155, ISBN 978-9941-0-9317-3.
  • Из архива Б. И. Николаевского : переписка с И. Г. Церетели 1923-1958 гг. / Б. И. Николаевский. - Москва : Памятники исторической мысли. Вып. 1 : Письма 1923-1930 гг. - 2010. - ISBN 978-5-88451-269-6;
  • Червакова И. Песочные часы : История жизни Ирины Гогуа в восьми кассетах, письмах и комментариях // Дружба народов. – 1997. – № 4. – С. 59–104 ; № 5. – С. 75–119;
  • Гогуа И. Семейные истории : Отрывок из документальной повести «Песочные часы» // Огонек. – 1997. – 13 апр. (№ 14). – С. 15.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • კალისტრატე გოგუა — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)