კალდიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალდიმი — ქართული ხმლის ერთ-ერთი სახეობა. კალდიმი (ხევსურული) მთლიანი სიგრძე - 90 სმ., პირი - 78 სმ.

ხმლის პირი დამზადებულია ფოლადისგან, ცალლესულია, ერთღარიანი, ოდნავ გახრილი. აქვს 10 სმ სიგძის შაშარი (ორლესული პირი). პირს ორივე მხარეს ტარიდან 20 სმ. სიგრძემდე თითო ფართო ღარი მიჰყვება. ვადაჯვართან ორივე მხარეს ღარებში გამოსახულია ნიშნები 1414, რაც გერმანული ხმლის პირებზე არსებული ნიშნების მინაბაძია, (გერმანული განმარტებით ეს არის მაგიური ნიშნები). ღარის ბოლოში ერთ მხარეს გამოსახულია „სამეფო სფეროს“ (სამეფო რეგალია) სტილიზებული გამოსახულება (დამღა) - 1,5 სმ. დიამეტრის წრე, რომელსაც ზემოდან ჯვარი ადგას. პირის მეორე მხარეს კი მორბენალი მგელია წარმოდგენილი.

ხმალზე დაგებულია ლითონის ვადაჯვარი, რომლის ზედაპირი მორთულია თითბის ზარნიშით. ვადაჯვრის ზედაპირზე, ცენტრში განთავსებულია ერთი ფრინველი, რომელსაც გარშემო ყვავილოვანი ორნამენტი აქვს შემოვლებული. ვადაჯვრის უკანა მხარე მთლიანად დაფარულია ოთხფურცლიანი ყვავილოვანი ორნამენტით. ხმლის ტარი დამზადებულია ხისაგან რომელზეც მონაცვლეობით ლითონის სალტეებია (4ცალი) გადაკრული და ლითონისავე პატარა გობაკები ანშვენებს. ტარის მოხრილი ბოლოც (ვაშლი) ლითონის გობაკით სრულდება. ხმლის ქარქაში დამზადებულია ხისგან, რომელზეც გადაკრულია მოყავისფრო ტყავი. ტყავზე ზემოდან გადაკრულია თითბის 22სმ. სიგრძის ბუნიკი, ასევე თითბის სალტეები და საცვეთები (გვერდებზე ჩაყოლებული თითბის გრძელი ფირფიტები). ქარქაშზე მოცემულია ფოლადის სალტეებიც (2 ცალი) თასმის გასაყრელი რგოლებით. ზედა სალტე მორთულია თითბის ზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით. ფოლადის სალტეებს შორის გადაკრულია მოყავისფრო ფერის ტყავი, რომელიც გადაკერილია და ფოჩებით ბოლოვდება. აღწერილი ხმალი ტიპური ხევსურული ხმალია, უფრო ზუსტად კი ხევსურული კალდიმი.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი ვერსიით, ამ ხმალს წარმომავლობა იმ ჯვაროსნებს უკავშირდება, რომლებიც ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში თოთქოსდა კავკასიაში დარჩნენ. ხმლის ჯვაროსნებთან დაკავშირება განაპირობა კალდიმის დამღამ - სფეროზე (წრეზე) დასმული ჯვარი. ხმლის მეორე მხარეს კი, როგორც ავღნიშნეთ, გამოსახულია ე.წ. „მგლის“ დამღა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, გერმანული წარმომადგენლობისაა. თავდაპირველად, ეს დამღა (მგლის სტილიზებული გამოსახულება) XIV საუკუნის პასაუელ ხელოსნებს ეკუთვნოდა, ხოლო XVI-XVII საუკუნიდან ამ ნიშანს ზოლინგენის ხელოსნება იყენებდა. აღსანიშნავია,რომ ევროპულ ხმლებზე მგელი ძალიან სტილიზებულად არის წარმოდგენილი - 9-11 შტრიხით, ხოლო ქართული და კავკასიური მგლები გამოსახულია მთელი ტანით, აქცენტირებულია კიდურები, თავი და ბალანიც კი. მგლის დამღა ძალიან პოპულარული და სახასიათო იყო ქართული და კავკასიური ხმლებისათვის. სრულებით არ არის გასაკვირი, რომ იგი კალდიმზეა გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ XVI-XVII საუკუნეების ზოლინგების დამღებზე სამეფო რელიგიის (სამეფო სფეროს) დამღასაც ვხვდებით. მაგ. პეტერ მუნიხი, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისში ზოლინგენში მოღვაწეობდა დამღად საკუთარ სახელთან ერთად სამეფო სფეროს იყენებდა, ხოლო ხმლის მეორე მხარეს, მგლის დამღას სვამდა. აქედან გამომდინარე, მანამ, სანამ ჩვენ არ გაგვაჩნია აღნიშნული დამღების უფრო ძველი ქართული ნიმუშები, უნდა ვივარაუდოთ, რომ კალდიმის დამღაც ევროპიდან, გერმანიიდან შემოსული, ანუ იმპორტირებული სადამღო ნიშანი იყო, რომელიც ხევსურულ რეალობაში, სავარაუდოა „დედალ ფრანგულად“ მოინათლა.

ქართული კალდიმის დამღა (სამეფო სფერო), აბსოლუტურად განსხვავდება გერმანული ვარიანტისგან, ისე, როგორც ქართული მგელი გერმანული მგლისგან. მაგალითად, პეტერ მუნიხის მიერ შესრულებული „სამეფო სფეროს“ დამღა არის წრე, რომელსაც ორქიმიანი (პატარა და დიდი ქიმი) ჯვარი აზის. ჯვრის ვერტიკალურ ღერძზე რელიეფური წერტილებია გამოსახული. წრე შუაზე იკვეთება ჰორიზონტალურად გავლებული ქორდით, რომელსაც შუა წერტილზე ჯვრის ვერტიკალური ღერძი უერთდება . ხევსურული კალდიმის „სფერო“ შამდეგნაირია: გამოსახულია წრე, რომელსაც ჩვეულებრივი ჯვარი აზის. წრე შუაზე გაყოფილია ჰორიზონტალური ხაზით, რომელსაც შუა წერტილში ჯვრის ვერტიკალური ღერძი უერთდება.

დამღებზე დაკვირვებით ნათელი ხდება, რომ ორივე შემთხვევაში სამეფო რეგალიის, „სამეფო სფეროს“ დამღად გამოყენებასთან გვაქვს საქმე. დასადგენია, რომელი უფრო ადრინდელია - ქართული თუ გერმანული ვარიანტი? ევროპული დამღა ქართულ დამღასთან შედარებით გაცილებით მეტად დახვეწილია და მაღალ დონეზე შესრულებული. ქართულ სამეფო რეგალიებში, როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდანაა ცნობილი, XVIII ს-მდე „სფერო“ საერთოდ არ ფიგურირებს, (ამ ნიშანს ვხვდებით მხოლოდ ვახტანგ VI დროშაზე და თეიმურაზ II-ის მეფედ კურთხევისას), ხოლო ევროპაში ის ერთ-ერთი მთავარი ინსიგნიაა. ამიტომ უფრო ლოგიკურია ამ ნიშნის ხმალზე დამღად გამოხატვა ეროვნული მონარქების სურვილი იყო და არა ქართველი მეფეებისა. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული დამღა ევროპიდან შემოსულად უნდა მივიჩნიოთ. იგი პოპულარული გახდა საქართველოში და ამგვარი დამღიანი ხმლების დამზადება ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყეს. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ქართველი მეიარაღეები მხოლოდ ევროპულ პოპულარულ დამღებს იყენებდნენ, ხმლის პირი, ტარის და ქარქაშის დამზადება კი, ადგილობრივი წესებით, საკმაოდ წარმატებულად ხდებოდა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქაფიანიძე მ., ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, N 1, 2010
  • Аствацатурян Э. Г., Указатель клейм и имен кавказских мастеров оружейного и серебрянного дела, Москва, 1982
  • MullerH. KollingH., EUROPAISCHE HIEB-UND STICHWAFFEN, Berlin, 1984
  • კლდიაშვილი ა. „მეფედ კურთხევის გამოსახულებისათვის ქართულ კედლის მხატვრობაში“, ლიტერატურა და ხელოვნება #3. თბ., 1991
  • ორბელიანი პ., ამბავნი ქართლისანი, თბ., 1983