შინაარსზე გადასვლა

ისმაილ II

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისმაილ II
სეფიანთა ირანის მე-3 შაჰი
მმართ. დასაწყისი: 22 აგვისტო, 1576
მმართ. დასასრული: 24 ნოემბერი, 1577
წინამორბედი: თამაზ I
მემკვიდრე: მუჰამად ხუდაბანდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 მაისი, 1537[1]
დაბ. ადგილი: ყუმი, სეფიანთა იმპერია
გარდ. თარიღი: 24 ნოემბერი, 1577
გარდ. ადგილი: ყაზვინი, სეფიანთა იმპერია
მეუღლე: საფიე ბეგუმი
ფეიქერ სულთანი
შვილები: შუჯა ალ-დინ მუჰამად მირზა
საფიე სულთან ბეგუმი
ფაჰრ-ი ჯაჰან ხანუმი
გევჰერ სულთან ხანუმი
სრული სახელი: ისმაილ მირზა
დინასტია: სეფიანები
მამა: თამაზ I
დედა: სულთან ბეგუმ მავსილუ
რელიგია: შიიტური ისლამი

ისმაილ II (სპარს: شاه اسماعیل دوم) (დ. 28 მაისი, 1537[2] — გ. 24 ნოემბერი, 1577) — სეფიანთა დინასტიის მესამე შაჰი 1576-1577 წლებში. სეფიანთა მეორე წარმომადგენლის, შაჰ-თამაზ I-ის ვაჟი.

ისმაილი დაიბადა 1537 წლის 28 მაისს ქ. ყუმში. ის იყო თამაზ I-ისა და მისი თურქმენი ცოლის, სულთან ბეგუმ მავსილუს მეორე ვაჟი. 10 წლის ასაკში მამამისმა დანიშნა შირვანის მმართველად. მონაწილეობა მიიღო ირან-ოსმალეთის ომში. 1554 წელს ნახჭევანიდან განდევნა ოსმალები, რის გამოც ავტორიტეტი მოიპოვა ირანში. 1556 წელს შაჰ-თამაზმა ისმაილი ხორასნის მმართველად დანიშნა უზბეკების შესაძლო შემოსევების შემთხვევაში 10 000 კაციანი არმიის გამოყვანა დაავალა. თუმცა იმავე წელს ირანში გავრცელდა ხმები შესაძლო ამბოხის შესახებ, რომლის თანახმადაც ისმაილ მირზა ტახტიდან ჩამოგდებას უპირებდა მამამისს. თამაზ-შაჰმა მისი ვეზირების რჩევით თავისი ვაჟი შეიპყრო და ყაჰყაქის ციხე-სიმაგრეში გამოკეტა, სადაც ისმაილს ყოფნა 1576 წლამდე, მამის გარდაცვალებამდე მოუწია. 1576 წლის 14 მაისს, როდესაც თამაზ I გარდაიცვალა, ირანი ორად გაიყო. ყიზილბაშების უმეტესობა ემხრობოდა შაჰის ყველაზე ღირსეულ მემკვიდრეს ისმაილს, ხოლო ირანის მოსახლეობა შაჰ-თამაზის უმცროს ვაჟს — ჰეიდარ მირზას უჭერდა მხარს. ჰეიდარიც სარგებლობდა ამ პრივილეგიით და თავისი ტახტზე ასვლას იმით ხსნიდა, რომ შაჰ-თამაზის გარდაცვალების დროს მისი ვაჟებიდან მხოლოდ ჰეიდარი იყო მის გვერდით. თუმცა ჰეიდარი ვერაგულად მოკლეს რუმლუს და ავშარიდების კლანის წევრებმა. მისი ყველა მხარდამჭერი ისმაილის წინააღმდეგ გაერთიანდა. ისმაილმა დაამარცხა ძმის მომხრეები ყაზვინთან ახლოს და საბოლოოდ, ტახტზე 1576 წლის 22 აგვისტოს ავიდა ისმაილ II-ის სახელით.[3]

მმართველობის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისმაილ II საბჭოს სხდომაზე.

შაჰის ტიტულის მიღებისთანავე ისმაილმა ტახტის შენარჩუნების მიზნით მის მიერ შეპყრობილი 5 ძმა სიკვდილით დასაჯა. მან ასევე დაგეგმა მისი ბიძაშვილისა და მამამისის ერთგული მსახურის, იბრაჰიმ მირზას მკვლელობაც. იმ დროისთვის ისმაილს გადაურჩნენ მისი უფროსი ძმა, მუჰამად ხუდაბანდა თავის ოჯახთან ერთად, მაჰმუდ მირზა, ალი მირზა, აჰმად მირზა, აბედინ მირზა და მუსა მირზა. უკანასკნელი 4-ის შეპყრობა შაჰის მომხრეებმა მოახერხეს. 1577 წლის 24 თებერვალს ისმაილმა მისი 4 ძმაც დაახოცვინა. მან ვერ მოახერხა მუჰამად ხუდაბანდას დაკავება, რადგან ის ფარულად იყო გადამალული ირანის პროვინციებში. მრავალი სისასტიკის მიუხედავად ისმაილი მისი ბაბუის, ისმაილ Iის მსგავსად იყო პოეტი, მხატვარი და კალიგრაფი. ხელი შეუწყო ირანში ხელოვნების განვითარებას. ის ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა შიიზმის გავრცელებას მთელს იმპერიაში და თავიდან იცილებდა სუნიტ სპარსელებს. 1577 წლის კავკასიაში ლაშქრობის შემდეგ, მან 30 000 ქართველი და ჩერქეზი ტყვედ წაიყვანა ირანში, რის შედეგადაც, შემდეგში შეიქმნა ირანის საზოგადოების ახალი ფენა, რასაც საფუძველი ჯერ კიდევ მამამისის — თამაზ I-ის მმართველობის პერიოდში ჰქონდა ჩაყრილი.[4]

ისმაილს სისასტიკის გამო ირანში ბევრი მტერი გამოუჩნდა. 1577 წლის ბოლოსათვის მის ერთგულთა რიცხვში ყიზილბაშებიც აღარ შედიოდნენ. ისმაილი 1577 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. მას მოუწყო შეთქმულება მისმა დამ, ფარი ხანუმმა. შაჰი ოპიუმით მოწამვლის შემდეგ გარდაიცვალა.[5] მის შემდეგ სეფიანთა ტახტზე მისი უფროსი ძმა, მუჰამად ხუდაბანდა ავიდა. 1578 წელს ისმაილის ერთადერთი ვაჟი, მცირეწლოვანი ალ-დინ მუჰამად მირზა შაჰის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.

  1. Ismail II , Dr Manouchehr Parsadoost, ISBN 9643251063, 2003
  2. Ismail II , Dr Manouchehr Parsadoost, ISBN 9643251063, 2003
  3. Savory გვ. 69.
  4. Oberling, Pierre, Georgians and Circassians in Iran, The Hague, 1963; გვ. 127-143
  5. Savory pp. 69–70