იგორ გიორგაძე
იგორ გიორგაძე | ||
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
12 ოქტომბერი, 1993 – 2 სექტემბერი, 1995 | ||
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე | |
წინამორბედი | ირაკლი ბათიაშვილი | |
მემკვიდრე | შოთა კვირაია | |
დაბადებული | 23 ივნისი, 1950 ზაისანი (აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქი) ![]() | |
პოლიტიკური პარტია | სამართლიანობა (Справедливость) | |
შვილები | ქალ-ვაჟი | |
განათლება | სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა | |
პროფესია | იურისტ-სამართალმცოდნე | |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
იგორ პანტელეიმონის ძე გიორგაძე (დ. 23 ივნისი, 1950, ზაისანი, ყაზახეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (1993-1995); უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი (1994). 1995 წლიდან ბრალდებულია ტერორიზმში. 1995–2016 წლებში იძებნებოდა ინტერპოლის მიერ.
სექციების სია
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა საბჭოთა სასაზღვრო ოფიცრის, პანტელეიმონ გიორგაძის ოჯახში. 1973 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა მოსკოვში. 1973-1995 წლებში საქართველოს უშიშროების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 1980-81 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა უშიშროების სპეციალური დანიშნულების რაზმ „კასკადის“ საბრძოლო ოპერაციებში ყანდაარში, ავღანეთში.
1991-92 წლებში იგორ გიორგაძე სამოქალაქო ომში მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა მხარეს. 1993 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრად. 1995 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა. მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის ბრალდებით. იმავე წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ღია წერილის შემდეგ იგი ფაქტობრივად გადავიდა ღია კონფრონტაციაზე საქართველოს ხელისუფლებასთან. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 1995 წლის 20 ნოემბერს ინტერპოლის წითელი ცირკულარით იგორ გიორგაძეზე ძებნა გამოცხადდა. 2016 წელს ინტერპოლმა გიორგაძეზე საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა გიორგაძისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი, თუმცა ინტერპოლის გადაწყვეტილება საქართველოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.[1]
ემიგრაციის შემდეგ ძირითადად იმყოფება რუსეთში. აქტიურად ჩნდება რუსულ მედიაში. გამოდის საქართველოს სახელმწიფოს ევროატლანტიკური პოლიტიკის წინააღმდეგ. 2000-იან წლებში სცადა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება. ძებნაში ყოფნისას გიორგაძემ დააფუძნა პარტია „სამართლიანობა“ და ორგანიზაცია „ანტისოროსი“. 2006 წლის 6 სექტემბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა ორგანიზაციის აქტივისტები და გაასამართლა მისი 13 ლიდერი.
მიღებული აქვს 15 სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის მედალი „საბრძოლო მიღწევებისათვის“. სრულყოფილად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს, იცის თურქული და ფრანგული ენები, ლაპარაკობს სერბიულ-ხორვატიულ და აზერბაიჯანულ ენებზე.[2][3][4] ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი.
ლუგარის ლაბორატორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2018 წელს იგორ გიორგაძემ ჩაატარა პრესკონფერენცია, რომლის დროსაც განაცხადა, რომ თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ტარდებოდა ექსპერიმენტები აშშ-ში დამზადებული არალიცენზირებული წამლით - სოვალდით - რამაც 2015 წლის დეკემბერში 30 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.[5] აღნიშნულ ინფორმაცია დაყრდნობით რუსულმ ოფიციალურმა უწყებებმა და მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტები ტარდებოდა და იქმნებოდა ბიოლოგიური იარაღი.[5] ექსპერტების, დიპლომატებისა და პოლიტიკოსების შეფასებით, გიორგაძის პრესკონფერენცია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი იყო, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დასავლეთისა და საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებდა. მოგვიანებით, BBC-სთან ინტერვიუში იგორ გიორგაძემ აღიარა, რომ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს. [6]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 14, თბ., 2012 წელი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მთავარი პროკურატურის განცხადება ი. გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ
- ↑ Александр Иашвили. Михаил Саакашвили зачистил оппозицию. — Известия, 06.09.2006
- ↑ Игорь Гиоргадзе: шпион с севера. — NEWSru.com, 24.05.2006
- ↑ Гиоргадзе Игорь Пантелеймонович. — Российский внешнеполитический сайт
- ↑ 5.0 5.1 რუსული დეზინფორმაციის მაგალითი” – აშშ-ის საელჩო ლუგარის ცენტრზე რუსული მედიის შეტევაზე
- ↑ გიორგაძემ აღიარა, რომ ლუგარში “ადამიანებზე ექსპერიმენტების” მტკიცებულება არ აქვს