თურქული სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თურქული სამზარეულო — მიეკუთვნება ერთ-ერთ უმდიდრეს და მრავალფეროვან სამზარეულოს მსოფლიოში. ოტომანთა იმპერიის სამზარეულომ საუკუნეების განმავლობაში წარმატებით შეითვისა აზიური, ევროპული, კავკასიური, ბალკანური და მედიტერანული სამზარეულოების საუკეთესო ტრადიციები.

აღნიშნული სამზარეულოს ძირითადი პროდუქტებია: ხორცი (უმეტესად ცხვრის), ბრინჯი, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, ბადრიჯანი, წიწაკა, ხახვი, პამიდორი, ოსპი, იოგურტი, თეთრი ყველი (ე.წ. ბეიაზ პეინირი) და სხვ.

თურქული სამზარეულოდან ხორციანი კერძებიდან ყველაზე პოპულარულია ქაბაბი (კებაბ), რომლის უამრავი სახეობა არსებობს, მაგალითად ადანა კებაბი, ისლიმ კებაბი, დონერ კებაბი, შიშ კებაბი და ა.შ. ხორცს, ხშირ შემთხვევაში, ბოსტნეულთან ერთად ამზადებენ. თურქეთში ამზადებენ ფარშის გულსართიან ბადრიჯანს ან წიწაკას, კარტოფილსა და წიწაკასთან ერთად მოშუშული ფარშის ბურთულები (კოფტე) და ა.შ. თურქებში დიდი პოპულარობით სარგებლობს წვნიანები (ჩორბა), განსაკუთრებით კი წითელი ოსპის წვნიანი, იოგურტის წვნიანი და სხვ.

თურქეთს გარს ოთხი ზღვა აკრავს, ამიტომ ქვეყანაში უხვადაა თევზი და ზღვის პროდუქტი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თურქული ტკბილეული: ბაქლავა, კადაიფი, ჰალვა, რაჰათლუკუმი, სუთლაჩი და სხვ. დესერტების მომზადებისას გამოიყენება სხვადასხვა ხმელი ხილი და თხილეული: ლეღვის, გარგარის, ფინიკის ჩირი, ქიშმიში, თხილი, კაკალი, ფსტა, ნუში, არაქისი, ქეშიუ და ა.შ.

თურქული ყოფა წარმოუდგენელია ჩაისა და ყავის გარეშე. თურქეთში ძირითადად უგემრიელეს, არომატულ ჩაის სპეციალური, წელში გამოყვანილი მომცრო ჭიქებით სვამენ. სურნელოვან ყავას კი სპილენძის ჯეზვეში ადუღებენ. ტრადიციული თურქული სასმელია აირანი, რომელიც იოგურტისგან მზადდება და შესანიშნავად კლავს წყურვილს.

ალკოჰოლური სასმელებიდან ძალზე პოპულარულია რაკი - ანისულის არომატიანი არაყი, რომელსაც წყალში გაზავებულს ან გაუზავებელს მიირთმევენ.

თურქული სამზარეულოს კერძების მრავალფეროვნება და კერძების იდეალურად შეხამებული გემოები სანელებლების დამსახურებაცაა. თურქულ სამზარეულოში აქტიურად გამოიყენება ძირა, წიწაკა, ქონდარი, პიტნა, თუთუბო (სუმახი), მიხაკი, დარიჩინი, ზაფრანა, რეჰანი და სხვ.

პური და ცომეული კერძები ითვლება თურქული სამზარეულოს დედაბოძად, ისინი განუყოფელი ნაწილია ყველა ტრაპეზის. ეკმეკი (ekmek)– ჩვეულებრივი თეთრი პური, პიდე (pide)– ლავაში, სიმიტი (simit)–მრგვალი კვერები კუნჟუტის მარცვლებით. მანტი (manti)– გამომცხვარი ქადის მაგვარი სატენით და უთვალავი სახეობა ცომეულის, რომელსაც ეძახიან ბორეკს (borek).

თურქული ეროვნული სამზარეულოს ყველაზე ცნობილი კერძი ალბათ ფლავია. ყველაზე ხშირად მას ამზადებენ ბრინჯისგან, თუმცა ზოგან ბრინჯის მაგივრობას ხორბლის ბურღული ბულგური წევს, ან განსაკუთრებული სახის ვერმიშელი სეჰრიე. თურქების თვალსაზრისით, ფლავის ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი დეტალია ბრინჯი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]